Skip to content

მთელი დედამიწა ერთი დიდი, უფასო „ბავშვთა სამყარო“ უნდა იყოს

ნოდარ დუმბაძე საბავშვო ლიტერატურის შესახებ

„მე ასე მგონია, რაც კაცობრიობას დღემდე შუქმნია, გამოქვაბულისა და კლდის მხატვრობა იქნება ეს, ველურების უცნაური ნიღბები თუ  რომისა და საბერძნეთის უზარმაზარი ამფითეატრები, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ბავშვებისა და მოზარდებისათვის იქმნებოდა.

ადამიანები ბავშვობიდანვე ქმნიდნენ თავისთვის ხელოვნებასაც, ლიტერატურასაც, ნაირ–ნაირ სანახაობებსაც: ესაა, რომ ბუნების მიერ მათთვის დაწესებული არსებობის მკაცრი რეგლამენტის გამო ვერ ასწრებდნენ ყოველივე ამით თავის დროზე ესარგებლათ და ძალაუნებურად სიბერეში უხდებოდათ თამაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობებით თავის შექცევა. იქნება ამიტომაა, მოხუცებულობაში ასეთი გატაცებითა და სიამოვნებით რომ მიველტვით ბავშვობას. მე ასე მგონია.

საერთოდაც, მე რომ მკითხო, მთელი დედამიწა ერთი დიდი, უფასო „ბავშვთა სამყარო“ უნდა იყოს, რომლის შესასვლელ კარზე უშველებელი ფერად–ფერადი ასოებით იქნება წარწერილი: ყველაფერი ბავშვებისათვის. დახლთან კი უნდა იდგნენ: ანდერსენი, ძმები გრიმები, ბიჩერ–სტოუ, კორნეი ჩუკოვსკი, ჩარლი ჩაპლინი, მაიაკოვსკი, დისნეი, ვაჟა–ფშაველა, ტოლსტოი, მარკ ტვენი, შექსპირი, ჰიუგო, სერვანტესი, კიპლინგი, ეგზიუპერი…

საბავშვო ლიტერატურის საფუძველთა საფუძველი ეს არის უსაზღვრო უბრალოება, სიწმინდე, გამჭვირვალობა და გულახდილობა, გაზავებული იუმორით, ცრემლებით, სიცილით,  ბავშური გრძნობისა და აღქმის გულუბრყვილობით. მე ასე მგონია.

როგორია ლიტერატურის აღმზრდელობითი როლი?

„უდიდესი“ – ეს სიტყვა მეტად მცირეა ამ როლის განსაზღვრისთვის.

ახლა წარმოიდგინეთ მანამდე დაბადებული ბავშვები, სანამ ქვეყნად გაჩნდებოდნენ ოქროს თევზი, კუზიანი კვიცი, კაპიტან გრანტის შვილები, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი, სამი მუშკეტერი, გავროში და კოტეზა, ვაჟა–ფშაველას შვლის ნუკრი, დისნეის ბემბი და მიკი მაუსი, ჩიპოლინო და კარლსონი, ბურატინო და პეპი გრძელი წინდა, ჩებურეშკა და ნიანგი გენა, კურდღელი და ის ბედნავსი მგელი; სანამ განძთა კუნძულზე საგანძურს მიაგნებდნენ, სანამ მძინარე მზეთუნახავს გააღვიძებდნენ, ხოლო ინდოეთის ჯუნგლებში მაუგლის იპოვნიდნენ…

ძნელი წარმოსადგენი როდია, რა ბედნიერები არიან ბავშვები ასეთი ზღაპრებიდან რომ მოვიდნენ და ასეთი კეთილი, მამაცი, ჭკვიანი და ერთგული  მეგობრების გარემოცვაში ცხოვრობენ.“

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა