Skip to content

მთაში ინტერნეტის გარეშე დაწერილი დღიურები

ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ჩემს ოჯახთან ერთად სოფელში ჩამოვედი.ლამაზად ვატარებ დღეებს. ულამაზეს მთებს შორის ვარ მოქცეული. ამიტომ გადავწყვიტე დღიური ვაწარმოო და ჩვენს ერთგულ მკითხველს გავუზიარო ჩემი განცდები.

5 ივლისი

    როგორც კი დროს გამოვნახავ, მაშინათვე განმარტოებას ვცდილობ, რადგან როდესაც მარტო ვარ, უკეთესად მესმის ბუნების ენა. სამყაროში, ხომ ყველაფერს აქვს თავისი სათქმელი. დღეს,როგორც კი დრო გამოვნახე, მაშინათვე სახლთან  ტყე, რომ  მდებარეობს იქ გადავედი. სასიამოვნო ნიავი ქროდა. ბავშვივით ხეზე ავძვერი და ჩემს საყვარელ სიმღერას ვმღეროდი. რამდენჯერ წარმოვიდგინე,რომ ისევ ბავშურად გულღია ვარ. რამდენჯერ მომაწვა ჩემი სათქმელი. შემდეგ ხიდან  ჩამოვძვერი და გულაღმა ვუყურებდი ცას. ღრუბლები შორს მიერეკებოდნენ ერთმანეთს. მე კი ვფიქრობდი,,რომ თუ ღია ცის ქვეშ წევხარ, ხელები თავქვეშ გიდევს და ფიქრობ,აუცილებლად სიყვარულით უნდა გქონდეს გული სავსე. რადგან მხოლოდ ამ გრძნობას შეუძლია აქციოს ადამიანი ანგელოზად,მხოლოდ სიყვარულია ყველაფერი.გზაზე კაცი შემომხვდა,რომელიც ინდაურებს მწყემსავდა და ქვაზე იჯდა მოწყენილი. თავიდან გული ამევსო სიბრალულით,მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ ეს კაცი არის მწყემსი კეთილი და დავმშვიდდი.

  საღამოს გულწითელა მთვარე ამოგორდა ცაზე და მეც ტკბილად დავიძინე.

6 ივლისი

ღამით რამდენჯერმე მეღვიძება. ფანჯარასთან მივდივარ და სოფლის სიჩუმეს ვუგდებ ყურს. ჭრიჭინები ტკბილად ჭრიჭინებენ. ვარსკვლავებს სძინავთ. თუ ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით არის მშვიდად ვარ და ღამის იდუმალებით ვტკბები, მაგრამ თუ ის თბილისშია და სამსახურში მორიგეობს, ღამის სიჩუმე მაშინებს. ასე მგონია ძალიან ბნელია ღამე და ნადირები დარბიან სახლის გარშემო. ამიტომ ვხვდები ადამიანი ადამიანისთვის იმედი და სინათლეა.

7 ივლისი

   ახლა ვხვდები,მოგზაური ვერ ვიქნებოდი, რადგან მჭირდება სახლი თბილი და მყუდრო სარკმლებით, პაწაწინა ეზოთი. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლით და  აივანზე ფინჯანი ყავით. მთელი ცხოვრება ვერ ვიმოგზაურებ, რადგან  მინდა ვიცოდე სად მელოდებიან. მინდა მხოლოდ ერთი მზე ანათებდეს ჩემს სარკმლებს. მინდა მქონდეს ჩემი ცა და ჩემი ვარსკვლავები, რომლებსაც „მოვიშინაურებ“ და შევიყვარებ. მინდა მქონდეს სამყაროში ადგილი, სადაც ჩემი თავი მეყოლება ისეთი, როგორიც ვარ სინამდვილეში.

   ახლა აივანზე ვზივარ და მშვიდად ვარ, არა უფრო სწორად ბედნიერი ვარ. ჩემს ახლობელ ადამიანებს პატარა საჩუქრები გავუკეთე და უკან მიბრუნდება პოზიტივი. ასევე ყოველთვის  ჩემს გულიდან წამოსულ ამბებზე ვფიქრობ. ამის გარეშე ვერ ვძლებ. სოფელში ინტერნეტი არ მაქვს. თითქოს ასე უკეთესია, როდესაც ახალი აზრები მომდის თავში მაშინვე ფურცლებზე გადამაქვს ჩემი განცდები. ფურცლებში ჩემს თავს ვხატავ და შემდეგ ვხედავ როგორი ვარ. ფურცლები ზღვას გავს. უსასრულოდ იტევენ განცდებს.

 8 ივლისი

  ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი მთაში. მაგრამ განსაკუთრებით მწყემსები შემორჩნენ ჩემს გულს.ალბათ იმიტომ რომ ისინი ყოველ დილით ჩემი სახლის წინ მიერეკებიან ფარას და შემდეგ შორს მიირწევიან სითეთრეში. მე კი მათ დანახვისას ყოველთვის პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“მახსენდება. იქნებ მათ შორის რომელიმე არის კიდევაც სანტიაგო, რომელიც სულ მალე მიაგნებს პირამიდებში გადამალულ განძს და ყველა ოცნებას აისრულებს. ამიტომ ვფიქრობ,არ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა მოწყენილი ცხოვრებით. არა აქვს მნიშვნელობა ბარში იქნები თუ მთაში, ოცნება ყოველთვის აქვს ადამიანს ამიტომ ოცნება და ნატვრა აუცილებლად უნდა აქციო რეალობად. გუშინ შორიდან გადავძახე მწყემსებს. მათ კი გაუხარდათ ჩემი ნახვა.ქალაქის ამბები მკითხეს. მე ვუთხარი, როგორ ძლებთ ინტერნეტის გარეშე მეთქი და ჩვენ წიგნები დაგვაქვს ყველგანო და გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“ ამოიღეს ჯიბიდან და დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“. ახლა მივხვდი მხოლოდ წიგნებთან ერთად შეუძლიათ ადამიანებს იცოცხლონ ქვეყნად ასი წელი.

ვფიქრობ საინტერესოა ჩემი დღიური. გემრიელად იკითხება. გუშინ ერთი ქალი შემომხვდა, რომელმაც  ასე პირდაპირ მითხრა რომ არც ისე ლამაზი ვარ. თავიდან მეწყინა მისი ნათქვამი, მაგრამ შემდეგ გავიხსენე, თუ რამდენი ფერადი კენჭები დაცურავენ ჩემს თვალებში. გავიხსენე როგორი ლამაზი ვარ, როცა ალიონზე მზეს ველოდები ფეხშიშველი, არც ის დამვიწყნია  სულ ახლხანს როგორ მივდიოდი ზღვის ნაპირას ფეხშიშველი. ისიც ვიცი,რომ ჩემს გულში ანგელოზები სხედან და ფიქრებს მისცემიან, ამიტომ  ისე როგორც ნებისმიერი ადამიანი მეც – განსაკუთრებული ვარ. ადამიანებს ყავთ მზეები გულში, ვარსკვლავები უბეებში,ყვავილები ჯიბეებში, ამიტომაც  თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ლამაზია.

9 ივლისი

დილით სახლის საქმეებს რომ მოვრჩი, მაშინათვე გავიპარე სახლიდან. ძალიან ლამაზია ბუნება ჩემს სოფელში. მთები როგორც დევები დგანან ჩემს გარშემო და ყოველ დილით ადგილს იცვლიან.ზოგჯერ ღრუბლებამდე ადიან, ზოგჯერ პირიქით – მდინარეში იგრილებენ მუცლებს. მათ ფერდობზე ულამაზესი ყვავილები ხარობენ. ძალიან ბევრი ყვავილი დავკრიფე  და ეთერი დეიდას ვაჩუქე. გზაში ვფიქრობდი, რომ სამყაროში აუცილებლად უნდა გყავდეს ადამიანი, რომელსაც მთელი გულით დაუკრიფავ მინდვრის ყვავილებს. ეთერი დეიდას ძალიან გაუხარდა მინდვრის ყვავილებისგან შეკრული თაიგული, ამიტომ მივხვდი მან დაინახა ჩემი სული. სიხარულით დავეშვი დაღმართზე და ისევ მინდორში დავბრუნდი.მინდროში ერთ ლამაზ გორაკზე ჩამოვჯექი და ბედნიერი ვიყავი,რომ ვცოცხლობდი და გული სიყვარულით მქონდა სავსე.

10 ივლისი

ჩვენს სოფელში ერთი ლამაზი გოგონა ცხოვრობს. შავი თმები აქვს და ლურჯი თვალები. მასზე ამბობენ, რომ მხიარულია, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვგრძნობ,მისი გულის ამბები უფრო მეტია ვიდრე მხიარულება. ეს როგორო იკითხავთ? როგორ და მას ჩანთაში იმდენი წიგნები უწყვია, იმდენი ფიქრებით აქვს გული სავსე რომ მხოლოდ მხიარული ვერ იქნება.თუმცა ამას მარტო მე ვგრძნობ.. ისე კი მხიარულებაც ძალიან კარგია. ადამიანს გეხმარება გაალამაზო სევდა.

ჩემი ნაწერები ფლეშკაზე გადავიტანე და ქალაქში გავგზავნე ჩემს რედაქტორთან. ჩემი რედაქტორი ყველაზე გულკეთილი ადამიანია მთელს მსოფლიოში.ყველაფერი იცის. ყველაფერს გრძნობს. ამიტომ ადვილად მიხვდება როგორი სიყვარულით დავწერე ჩვენი ჟურნალისთვის  ჩემი დღიურები. გულთბილ სალამს გამომიგზავნის და ჩაფიქრებული გააგრძელებს დღიურის კითხვას.

სიყვარულით დადუნა