Skip to content

მე დავიბადე ლიდერად! (გვანცა სისოშვილი)

ჩვენ ცოტანი ვართ წარმატების მწვერვალზე”
ლიდერი


ამ ქვეყანას შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს მოვევლინე. როგორც დედა მიყვება, მშვიდი ბავშვი ვყოფილვარ, შეუმჩნეველად გავიზარდე. სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და სანიმუშო ყოფაქცევით გამოვირჩეოდი, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი იყო რითაც ხალხი მიცნობდა. დედის კალთას ამოფარებული არავისთან ვკონტაქტობდი, რაც გაუბედაობის და კომპლექსების გავლენა იყო. მაშინ ალბათ არავინ იფიქრებდა ჩემზე, დიდი ამბიციები და მიზნები აქვსო, მაგრამ რატომღაც ყველა კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. არ ვიცი ეს წინასწარმეტყველება რამდენად მართლდება, მაგრამ ერთ რამეს ისე ვაღიარებ, რომ არ მრცხვენია: მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ოჯახით და საკუთარა თავით, რაც არ უნდა ამპარტავნულად ჟღერდეს. მე მიყვარს პირველობა და ამისთვის არასოდეს ვიშურებ ძალისხმევას.

ჩემი ცხოვრება 19 წლის განმავლობაში 3 ეტაპად შემიძლია დავყო.თითოეული წინასგან რადიკალურად განსხვავდება. პირველი ესაა ერთგვარად ჩაკეტილ ცხოვრება, მოიცავს 14 წლამდე ასაკს. არავითარი კონტაქტები და ურთიერთობები. მეორე აქტიური ხანაა, ამ დროს საზოგადოებას ვეცნობი, როგორც პრინციპული, ამბიციური, მიზანდასახსული და შეუპოვარი პიროვნება, რომელიც მუდმივად ისწრაფის ლიდერის პოზიციისკენ. Eეს იყო ეტაპი, რომელმაც გამაცნო სამყარო, მასწავლა ბრძოლა, ჩამომხსნა ვარდისფრერი სათვალეები და დამანახა “მწარე” რეალობა, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სულაც არ “მემწარა”. მივხვდი, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არ შემშინებია. მგონია, რომ მთავარია, შეგეძლოს ყველაფრის მარტივად აღქმა და ნებისმიერი სიძნელე, უბრალოდ, რწმენით გადალახო.. არ ვიც ეს სხვებისთვისაც ასეა თუ არა, მაგრამ მე, გამოუსწორებელ ოპტიმისტს, რომელიც “საფლავებზე ჯვრების ნაცვლად პლიუსებს ხედავს”, მგონია, რომ ცხოვრების ხიბლიც სწორედ წინააღმდეგობებშია. Mმესამე და უახლესი ფაზა, რომელშიც ამ წუთას ვცხოვრობ, საკმაოდ დატვირთული, მღელვარე, ცოტა სევდიანიც, მაგრამ ულამაზესი ეტაპია ჩემი არსებობის მანძილზე. იმდნად სანუკვარი, რომ წარსულის გახსენების სურვილსაც მიკარგავს, წარსულის, რომელიც არც ცუდი იყო და არც კარგი, არც კეთილი და არც ბოროტი, წარსულმა მასწავლა ის, თუ როგორ მეცხოვრა დღეს, მან საფუძველი ჩაუყარა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებას, აწმყო კი მომავლის ლიდერად მაყალიბებს.

ლიდერი-მისი კლასიკური განმარტებით, ესაა დაწინაურებული პირი, ხელმძღვანელი, მეთაური. თუმცა ეს განმარტება პირობითია, და პირადად მე ლიდერს სხვაგვარი ინტერპრეტაციით განვიხილავ. ლიდერობის უპირველესი ნიშანია, იაზროვნო შემდეგი პრინციპით: “შეუძლებელი შესაძლებელია”. პირადად მე მჯერა, რომ საკუთარ ბედს თვითონ ვქმნი. ამაში მეხმარება უპირველესად უფალი და დედა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. უფლისა და საკუთრი თავის რწმენა-ესაა წარმატების პირველი ფორმულა. რწმენა საოცრების საფუძველია.

მეორე და არნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაცია, ის მიბიძგებს რომ ვიმოქმედო, ვიმოქმედო დღესვე. რისთვის? რა თქმა უნდა მიზნისთვის, რომლის მიღწევის სურვილიც ერთიანად მწვავს და მაშფოთებს. მიზანი-ესაა ოცნებისა და რეალობის სინთეზი, “როცა მიზანს ხედავ, წინააღმდეგობა გავიწყდება”. იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, აუცილებელია დაგეგმო თითოეული ნაბიჯი, გათვალო შედეგები, “იჩქარო ნელა”. წარმატების მწვერვალზე ისე ვერ ახვალ, თუ საფეხურები არ აიარე, საფეხურები კი იმდენად მაღალია, რომ ორს ერთად ვერ გადააბიჯებ-ეს ბუნების წესია. ამიტომაც საჭიროა ჯერ სამიზნის გარე წრეებს დაუმიზნო, და როცა გაიწაფები სროლაში, მერე აუცილებლად მოარტყავ ათიანს. ესაა გეგმაზომიერი ცდა, რომელიც ზოგჯერ მარცხით სრულდება, მაგრამ ნამდვილი ლიდერი მაშინ ხარ, როცა არასოდეს ნებდები.

პირადად ჩემთვის წარმატება უბრალოდ სურვილის ასრულებასთან ასოცირდება, რომლის გამოც გამოწვეული ეიფორია მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. მე ვარსებობ ბრძოლისთვის და არა, ვიბრძვი არსებობისათვის, ამიტომაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა, ვიდრე გამარჯვება.

მე დავიბადე ლიდერად, რადგან შემიძლია ვმართო ისე, რომ დავაკმაყოფილო გუნდის წევრების სურვილები. წარწერა ენდრიუ კარნეგის სამარის ქვაზე- ” აქ განისვენებს ის, ვისაც შეეძლო თავისი ნებისთვის დაემორჩილებინა ისეთი ადამიანები, რომლებიც უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე თავად”. ლიდერი მაშინ ხარ, როცა სხვებიც ასე გთვლიან, მხოლოდ თვითაღიარება არაა საკმარისი.უცილებელია იმუშაო სხვებთან და სხვებზე, მაგრამ მართო ნაკლებად.. დაეხმარო მათ, გიყვარდეს და ენდობოდე. ჩემი მთავარი პრინციპებია სამართლიანობა, პატიოსნება, დემოკრატია, ლიბერალიზმი, რწმენა, ღიმილი და სიყვარული. ყველაზე მეტად მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვგრძნობ, რომ ვიღაცას ვუყვარვარ. ეს მაძლიერებს და თვითაღზრდაში მეხმარება, ამ ქვეყნად საკუთარი თავის აღზრდა ყველაზე რთული სამუშაოა და როცა მე ამას წარმატებით ვანხორციელებ, ვხვდები, რომ ძლიერი ვარ. ძლიერება თავდაჯერებულობას მმატებს, მტკიცე ხასიათს მიქმნის და მეორე “მე”-სთან მაახლოებს. ალბათ ყველა ადამიანის წარმატებას მისი ხასიათი განაპირობებს და ყველა იმ ფაქტორს, რაც მასზე მოქმედებს, უდიდესი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია მეორე “მე”-ში. მე მსურს ვიყო ჭეშმარიტი ლიდერი, რისთვისას ვიმუშავებ ნებისყოფას, რადგან ვიცი, რომ ამ უკანასკნელის მწვავე დანაკლისი უპირველესი მიზეზია მარცხისა. ადამიანების უმეტესი ნაწილი მარცხს საერთოდ არ განიცდის, რადგან ისინი გამარჯვებისთვის არც იბრძვიან. შედარებით მცირე ნაწილი განიცდის მარცხს და ნებდება, რადგან საკმარისი ნებისყოფა არ აღმოაჩნდა. ხოლო ჩვენ, პოტენციური ლიდერები განვიცდით მარცხს მანამდე, სანამ გამარჯვების კვარცხლბეკზე არ შევდგამთ ფეხს. “წარმატების კაბისთვის სულ ერთია ვინ მოირგებს მას”. ზოგიერთი მას ისე უყურებს, როგორც ძვირფას სამოსს ვიტრინაში, მოსწონს მაგრამ მისი ყიდვა არ შეუძლია, რადგან ძალიან ძვირია. ზოგიერთი გაბედავს და მოიზომებს, მაგრამ მასაც არ ეყოფა თანხა შესაძენად, პირადად მე მწამს და მჯერა, რომ მას აუცილებლად შევიძენ, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასად, ჩემთვის ხომ “შეუძლებელი შესაძლებელია”.