თითოეული დიდი საქმე თუ ბიზნესი იდეიდან იწყება, იდეიდან, რომელიც არ გასვენებს და გაიძულებს იმოქმედო. იმისათვის, რომ იდეა განხორციელდეს, ხოლო თქვენ საქმიანი ურთიერთობების სრულფასოვანი მონაწილედ იქცეთ აუცილებელია თქვენი იდეის, უფრო სწორედ კი თქვენი ბიზნესის რეგისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა ვიდრე მარეგისტირებელი ორგანოს კარს შევაღებდით კარგი იქნება თუ გვეცოდინება კომპანიების ის ძირითადი ფორმები, რომლებსაც ჩვენი კანონმდებლობა იცნობს, ასევე თითოეული მათგანის თავისებურებანი.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს მეწარმე სუბიექტის (კომპანიის) ცალსახად ცუდი ან კარგი სამართლებრივი ფორმა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის საქმის დაწყებას გეგმავთ და როგორ გესახებათ ამ საქმის მომავალი.
მაშ ასე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.
ამ სტატიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება იმ სამ ფორმაზე რომელიც ბიზნესის დაწყების სტადიაზე ყველაზე მოსახერხებელია და შესაბამისად ყველაზე ხშირადაც გამოიყენება, ესენია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ინდივიდუალური მეწარმე
ინდივიდუალური საწარმო არის ერთი პირის ან ოჯახის მფლობელობაში არსებული საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ საწარმოში შესაძლებელია სხვა პირების დასაქმებაც მსგავსი ფორმით საქმიანობა ძირითადად რეკომენდირებულია მხოლოდ მცირე მასშტაბების მქონე საწარმოებისათვის. როგორც წესი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებიან შემდეგი მიმართულებების მქონე საწარმოები: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა.
ინდივიდუალური მეწარმის ძირითად უპირატესობას მისი რეგისტრაციის სიმარტივე წარმოადგენს (თუმცა აქვე უნდა აღნინიშნოს, რომ ბოლო დროს საქართველოში სხვა ტიპის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმების რეგისტრაციაც მნიშვნელოვნად გამარტივდა). კერძოდ საკმარისია თან იქონიოთ რეგისტრაციის მინიმალური ღირებულების თანხა (20+1 ლარი) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მომდევნო სამუშაო დღეს უკვე შეძლებთ ზემოაღნიშნული სტატუსით ისარგებლოთ. თუმცა ინდივიდუალურ საწარმოს გაჩნია თავისი ნაკლოვანებებიც. პირველ რიგში ის, რომ ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და ის საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მათ შორის ისეთითაც, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან. მაგალითად, აგარაკი ან სულაც მემკვიდრეობით მიღებული სახლი სოფელში. გარდა ამისა ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები უპირატესობას ანიჭებენ სხვა სამართლებრივი ფორმის მქონე საწარმოებთან ურთიერთობას, რაც თავის მხრივ საჭიროების შემთხვევაში გაგირთულებთ სესხის აღებას. ყველაფერთან ერთად ინდივიდუალური მეწარმის სახელი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმის აბრევიატურასა და თქვენს სახელსა და გვარს (მაგალითად „ი.მ. გიორგი ჯავახიშვილი“), რაც ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს მაღაზიას გარედან აუცილებლად თქვენი სახელი უნდა დააწეროთ, მაგრამ თუ თქვენი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია საწარმოს ბრენდის/სახელის ცნობადობა, ინდივიდულაური მეწარმის სტატუსმა შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, ხოლო მისი წევრები საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანის ფარგლებში. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ ან რამდენიმე პირს. ამ თავისებურებების წყალობით შპს ყველაზე მიმზიდველ და გავრცელებულ ორგანიზაციულ–სამართლებრივ ფორმად ჩამოყალიბდა არა მარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. მინიმალური ფინანსური რისკებით კომპანიის დამფუძნებელს საშუალება აქვს სიმბოლური საწესდებო კაპიტალით იქცეს საქმიანი ურთირთობების სრულფასოვან მონაწილედ. ბუნებრივია კომპანიის დაარსებისას ყველა ადამიანი პირველ რიგში წარმატებაზე ფიქრობს და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ შპს დამფუძნებელს აძლევს მეტ თავისუფლებასა და სითამამეს მოქმედებებში, რადგანც შესაძლო ჩავარდნის შემთხვევაში კომპანიის ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ საწარმოს ქონებით შემოიფარგლება და ის არ შეეხება დამფუძნებლ(ებ)ის პირად საკუთრებას.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. მის მთავარ განმასხვავებელ ნიშანს სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს, სპს–ს პარტნიორები განსხვავებით სხვა შპს–საგან პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით. სწორედ ამ განსხვავების გამო გვხვდება მსგავსი ტიპი საწარმოები იშვიათად, რადგანაც არავის სურს გარკვეული პრობლემების შემთხვაში კომპანის დავალენების დაფარვა მისი პირადი ქონების გამოყენებით მოხდეს, თუმცა მეორეს მხრივ სწორედ ეს ასპექტი მომხმარებელში ხშირად აჩენს დამატებით ნდობას მსგავსი ტიპის კომპანიის მიმართ, სპს არის ერთგვარი მესიჯი მომხარებლისათვის, რომლის თანახმადაც კომპანიის პარტნიორები იმდენად არიან დარწმუნებული თავიანთი საქმის წარმატებაში, რომ მზად არიან რისკის ქვეშ პირადი ქონება და კეთილდღეობაც კი დააყენონ, სწორედ ამიტომ მსგავს ფორმას ხშირად საადვოკატო ბიუროები მიმართავენ.
ლევან ნიშნიანიძის ანალიზი