Skip to content

მატარებელი დევების შემოგარენში მიჰქრის

   ალბათ ნატვრის თვალი რომ მქონდეს, ამოვიღებდი გულის ჯიბიდან და ვინატრებდი – დედა მოვიდეს,მომიტანოს მთვარე და მზე, წიგნები და ცხელი ფინჯანი ჩაი. შუბლზე მაკოცოს და ეს კოცნა იქნება სამყაროში, ყველაზე თბილი კოცნა. დავხრიდი თავს და გავირინდებოდი.აციმციმდებოდნენ ჩემს გულში ვარსკვლავები,გავიღიმებდი და მთელ სამყაროს ვაჩვენებდი,რომ მეც მყავს დედა- ულამაზესი,ოქროსფერი თმებით და კეთილი ღიმილით.ნატვრის თვალი რომ მქონდეს,მოვიდოდა დედა და გაქრებოდა ყველა ტკივილი, ეჭვი,დარდი და სევდა.გაიღიმებდა ჩემი ოთახი,გაშლიდა ფრთებს და აფრინდებოდა ჰაერში.შემდეგ ჩავიცვამდით მე და დედა თბილად,მოვიხურავდით მხარზე თბილ, ყავისფერ კაშნეს და გავიდოდით ეზოში.ნატვრის თვალი,რომ მქონდეს ყველა დედას შევახვედრებდი მონატრებულ შვილებს,თითოეულ მათგანს ვაჩუქებდი ბედნიერებას..

დედა კი მთაში ცხოვრობს და ბალიშის ქვეშ, უამრავი  ნატვრის თვალი აქვს შენახული.გამოიღებს ძილის წინ,დახედავს,გადაწყვეტს  ჩაიფიქროს სურვილი,მაგრამ ეშინია,ეშინია,რომ ჩაიფიქრებს და არ აუხდება ნატვრა.ჩაიფიქრებს, რომ საყვარელი შვილები ესტუმრონ სოფლად,რომ კიდევ ერთხელ შეაღონ მისი სახლის კარი.ეს ნატვრა აქვს დედას,ნატვრის თვალიც აქვს,მაგრამ ჯერ არასდროს უთხოვია მისთვის არაფერი..მხოლოდ, მზეს,ჩიტებს და ყვავილებს ესაუბრება.მთელი სოფლის ბუნებამ იცის,როგორი სიყვარული დააქვს  გულით.იცის და ამიტომ ეფერება ასე ხშირად თმებზე,ხელებზე,თვალებზე.დედას ეშინია ქარის და ჭექა-ქუხილის,ამიტომ ჩვენს მთაში არასდროს იცის ცუდი ამინდი.ბუნება დედაჩემის თითოეულ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას უფრთხილდება.შვილებზე უფრო მზრუნველია,ჩვენზე უფრო ერთგული.ჩემს გაყინულ სახლში,ბალიშის ქვეშ,  ნატვრის თვალი რომ მქონდეს,ჩავიფიქრებდი,დედა მოვიდეს ჩემთან, ჰაერიდან,მთებიდან,ზღვიდან..მოვიდეს და გაიტანოს ჩემი გულიდან სიცარიელე და ეჭვი, მარტოობა და ტკივილი.
***
სოფელში ნაადრევად დაღამდა დღესაც.დედამ ისევ შეუკეთა ბუხარს. ლოგინი გაიმზადა და თბილად დაიხურა საბანი.დედის სახლში საოცარი სითბო ტრიალებს.ტკაცა-ტკუცი გაუდის ნაკვერჩხალს.ოთახის ფანჯრებში იყურებიან ფრინველები – ჩიტები,ციყვები და ბეღურები.დედა კი ფრთიხად იღებს ხელში ნატვრის თვალს და სანუკვარ სურვილს ჩურჩულით ამბობს.
***
თენდება.ჩემი გაყინული სახლის კარს ვკეტავ და მივემგზავრები.დედა არ ჩამოვიდა,ამიტომ მე უნდა ვინახულო,მინდა დავრწმუნდე,რომ ისევ იმედით აქვს თვალები სავსე. მატარებელი დევების შემოგარენში მიჰქრის .მე კი თან მომყვებიან ხეები და მთები,ციყვები და ჩიტუნები,ირმები და ბეღურები..საზღვარი არა აქვს მათ სიხარულს..მთები უკვე  თოვლით არის დაფარული.საკვამურიდან ამოდის თეთრი კვამლი და ნელ-ნელა თბება ჩემი გული.