Skip to content

მამა თეოდორეს სიტყვები სიყვარულის შესახებ

რამდენ რამეში დრო დამიკარგავს, სისულელეები მიკეთებია, მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, რომელიც აი, ამ ყველაფერს გადაწონის. -რა? (ადამიანი იკითხავს), რა და როცა მე აი ამ სისულელეებს ვაკეთებდი, ამის პარალელურად დედა მიყვარდა, მამა მიყვარდა, ჩემი პატარა ძამიკო, რომელიც ახალი დაბადებული იყო – ისიც ძალიან მიყვარდა; მიხაროდა ადამიანების, პიროვნებების დანახვა; სკოლაში ერთი კარგი მასწავლებელი მყავდა, სამშობლოს სიყვარული მასწავლა და – ისიც მიყვარდა;
მერე ჩემს სკოლაში ვიღაცა გოგო დავინახე და შემიყვარდა, იმის გულისთვის ვიჩხუბე, ესეც გამახსენდა, გამიხარდა და ესეც კარგი იყო;

მერე ასაკით პატარა ვიყავი სკოლაში, ყველა დამცინოდა, მოვიდა ერთი მასწავლებელი, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: რომ გიყვარს ეს ცუდი კი არ არის კარგიაო და მთლად გამიხარდა;
მერე რაღაც იდეები გამიჩნდა, შეიძლება არასწორი, მერე ხელოვნებით დავინტერესდი, ფილოსოფიით, მერე მეგობრები შევიძინე, მერე მეგობრებისადმი თავგანწირვა ვისწავლე; მერე მივხვდი, რომ შეიძლება, რაღაც მომენტში, მეგობრის გულისათვის ტყვიას ავეფარო, შეყვარებულისათვის მოვკვდე.

ესე იგი, ეს ყოველდღიური ერთფეროვნება, საშინელება, რომელიც გულის ამრევია და ცხოველური ყოფისაგან არ განსხვავდება და აღმოჩნდა რომ ერთი რაღაცაა რითაც ის მშვენდება და ლამაზდება და იმ ერთ რაღაცას, რისთვისაც მთელი ეს უსაშველო, უაზრო ცხოვრება ღირს – სიყვარული ქვია თურმე.


-რაშია გამოსავალი?

-გამოსავალი სიყვარულშია!

როდესაც ადამიანს უყვარს არაფერი აღარაფერი ბეზრდება!

წარმოიდგინეთ, დაინახეთ ბიჭი და გოგო, რომლებიც შეყვარებულები არიან, (მე ვგულისხმობ არა იმას რასაც დღეს სიყვარულს არქმევენ და კაციშვილი ვერ გაიგებს რა არის), აი, ნამდვილი სიყვარული, (თეორიულად მაინც ხომ გჯერათ რომ არსებობს?..) წარმოვიდგინოთ ბიჭი და გოგო, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და მივაყურადოთ: რას ლაპარაკობენ? – აღმოჩნდება რომ, მთელი დღე გადის და კეთებით და ლაპარაკით – სისულელეების მეტს არაფერს არ აკეთებენ და არ ლაპარაკობენ – რაღაც სისულელეებზე ჟღურტულებენ, შეიძლება რაღაც შეჭამეს, წავიდნენ, წამოვიდნენ, მთელი დღე დაბოდიალობენ; მერე სახლებში დაცალკევდებიან (შეყვარებულები არიან და) მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობენ, მერე, უძილოები, ხვალ ისევ ხვდებიან და რომ ჰკითხო – თქვენ ხომ არ გაგიჟდით? მთელი, ერთი კვირაა გაკვირდებით: არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებთ, ოღონდ სხვა ჭკვიანი ადამიანებისაგან განსხვავებით სულელებივით ერთმანეთს უყურებთ; არ მოგბეზრდათ ერთმანეთი? – დაანებეთ, ეხლავე, ერთმანეთს თავი! – დაანებებენ ერთმანეთს თავს? – არა.


მე თუ არ ვიცი სიყვარული რა ხილია (მართლა თუ მხეცი ვარ), ვიფიქრებ – ესენი ვინ არიან, შიზოიდები, ალბათ, რაღაცა სჭირთ.

აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთი არათუ ბეზრდებათ, არამედ ვერ სუნთქავენ ერთმანეთის გარეშე. და რატომ, რას აკეთებენ ესენი ასეთს? – არაფერს, ჩვეულებრივ, სხვა არსებებივით დაბოდიალობენ დედამიწაზე. მაგრამ ერთმანეთი უყვართ და ეს სიყვარული მათ არსებობას აზრს აძლევს და მაშინ ჩნდება ის რასაც არსებობა კი არა სიცოცხლე ჰქვია.

– ეჰ, მამაო, ზღაპრებს ნუ გვიყვები (ვიღაცა იტყვის), ეგეთი რაღაცეები არ არსებობს…

– დიახაც არსებობს, მადლობა ღმერთს ამისათვის, მაგრამ ერთ რამეში გეთანხმებით:
თითებზე ჩამოსათვლელი შეიძლება მოძებნო, სამყაროს ისტორიაში მოძებნო შემთხვევები, როდესაც აი, ასეთი სიყვარული არსებობს და იმდენად არ არსებობს სინამდვილეში… შექსპირი იყო მორწმუნე ადამიანი, გენიოსი, დაწერა რომეო და ჯულიეტა, იმ დალოცვილს გაეხარებინა ისინი და ჩვენც ნუ აგვატირებდა, რატომ გააკეთა ეს უბედურება? – იმიტომ, რომ შექსპირმა, როგორც გენიოსმა, როგორც მორწმუნემ, ძალიან კარგად იცოდა რომ, ნამდვილ სიყვარულს, აქ, აი, ამ მხეცების დედამიწაზე ადგილი არა აქვს, და არც პერსპექტივა არა აქვს, ამიტომ დაასრულა ასე ტრაგიკულად და ამით გვითხრა ყველას ამ გენიოსმა, რომ ნამდვილი სიყვარულის ფინალი აქ, დედამიწაზე ტრაგიკულია;

-ყველაზე დიდი სიყვარული ვის ქონდა მწვერვალი სიყვარულისა რა იყო კაცობრიობაში?- მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილი, მაცხოვრის სიყვარული ადამიანებისადმი და როგორ ტრაგიკულად დასრულდა.

გამოსავალი სიყვარულშია, მაგრამ ის არ არის, აქ, დედამიწაზე ვერ ხარობს, ის ყვავილია, რომელიც მხოლოდ სასუფეველში დანერგო შეიძლება და იქ გაიხარებს, აქ ვერ გაიხარებს, მაგრამ, ეს ის ყვავილია, რომელიც არასოდეს კვდება და მას შეუძლია, აქვს უნარი გადაინერგოს სასუფეველში;
ჯვარცმა ვახსენეთ, კიდევ რომეო და ჯულიეტა – იქაც და იქაც თავგანწირვაა… სიყვარული არ არსებობს თავგანწირვის გარეშე, სიყვარული თავგანწირვის გარეშე არის ერთმანეთისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება – მე შენ მჭირდები და მინდიხარ, შენ ასევე გჭირდები და გინდივარ, როცა აღარ დაგჭირდები და აღარ მოგინდები ცარიელი ქვაბივით გადამაგდებ (საჭმელი აღარაა შიგ და რაში გჭირდება?), სიყავრული მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს – მე შენ მჭირდები და მინდიხარ.

-აბა რა არის სიყვარული, მამაო? (ადამიანი იკითხავს). – არამედ მე გჭირდები და შენთვის მოვკვდები. აი, აქაა სიყვარული, სრულ თავგანწირვაში და იმ, უაზრო, ბიოლოგიურ – პირუტყვული არსებობის გაწირვაშია სიყვარული, რაც გააკეთეს შექსპირის შეყვარებულებმა და უფალმა რაც გააკეთა.

როცა შენ ძალგიძს, სიყვარულისათვის, რომლის გარეშეც, ჩვენი არსებობა მხეცების არსებობას ემსგავსება და საერთოდ, აზრს კარგავს, როდესაც აი ამ ბიოლოგიურ არსებობას სწირავ – აი, ამ სიყვარულს, მხოლოდ მაშინ არსებობს სიყვარული.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; წყარო;