Skip to content

მაზოხისტური წონასწორობა, ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

“მაზოხისტური წონასწორობის” არსს ზუსტად გადმოსცემ ქართული ანდაზა – “მელას თავის მახრჩობელა უყვარსო”.

ადამიანის კომფორტის ზონას ხანდახან შესაძლოა დისკომფორტულ გარემოში დარჩენა წარმოადგენდეს. ჩვენ ვისწავლეთ სიყვარულისა და ბედნიერების ჩვევები ჩვენი მშობლებისგან, რომლებიც მუდმივად კამათობდნენ, ჩვენი მეგობრებისგან რომლებიც საკუთარ და სხვის ღალატის ისტორიებს გვიყვებოდნენ.  ჩვენ არაცნობიერში ჩაილექა აზრი რომ სიყვარული მხოლოდ ყვირილის, დამცირებისა და შეურაცყოფის თანხლებით არსებობს. ამის საფუძველზე შემდგომში მშვიდობიან ურთიერთობაში დარჩენა გაგვიჭირდება, ვიგრძნობთ შფოთვას. სიხარულის თანდათანობით მოსპობით შესაძლოა ხელი შევუწყოთ საკუთარი ბედნიერებისადმი საბოტაჟს იმ მიზნით, რომ შევინარჩუნოთ „მაზოხისტური წონასწორობა“, რომელიც წარსულში დავისწავლეთ. შესაძლოა ისეთი სამოქმედო სცენარებიც ავირჩიოთ, რომელიც ნაკლებ სიყვარულს მოგვიტანს.

ძირითადად, ბავშვობაში ჩვენ ვსწავლობთ კომფორტულად შეგუებას სიყვარულის გარკვეულ რაოდენობასთან. მაგალიტად ჩვენ ბედნიერების  80%-იანი შეგრძნებით გავიზარდეთ. როცა ეს კონცენტრაცია იცვლება თუნდაც ზრდადი მნიშვნელობისკენ, ჩვენ ვნერვიულობთ რადგან ახალი ზონა უცნობია ჩვენთვის. შედეგად ინსტინქტურად გვსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენს ბედნიერებას უკან დახევს ძველი, უფრო დაბალი მაჩვენებლისკენ, ნაცნობი ზონა  – „მაზოხისტური წონასწორობისკენ“. ან როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა თავიდანვე ისეთი სიტუაციები ავირჩიოთ, რომელიც ზუსტად იმდენ ტკივილს მოგვიტანს, რამდენიც ჩვენი „მაზოხისტური წონასწორობისთვისაა“ დამახასიათებელი.

როგორ დავაღწიოთ თავი „მაზოხისტური წონასწორობის“ მარწუხებს?

პირველ რიგში, 100%-ით უნდა მივიღოთ, რომ ხშირად ვიქცევით სულელურად ბავშვობაში ათვისებული ნეგატიური განწყობების გამო, ჩვენი „მხედველობა“ დაბინძურებულია ნეგატიური რწმენებით და სამყაროსაც შესაბამისად აღვიქვამთ. პირველ რიგში ჩვენი „მხედველობა“ უნდა იყოს სუფთა, რათა დავინახოთ ახალი გზები, რომელიც ჩვენთვის სასურველ ცხოვრებამდე მიგვიყვანს.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩვენი დაბინძურებული ცნობიერების „დასალაგებლად“ არის ძველ მტკივნეულ გამოცდილებაში პოზიტიური გაკვეთილების აღმოჩენა. ვეცადოთ, მტკივნეულ გამოცდილებას 180 გრადუსიანი ბრუნით შევხედოთ.

როგორ?

  • მოდუნდით და ისუნთქეთ ღრმად
  • გაბედეთ და იფიქრეთ ყველაზე მტკივნეულ ინციდენტებზე
  • თავს დაატანეთ ძალა და უპასუხეთ შემდეგ კითხვას: რა პოზიტიური შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ვისწავლო წარსულისგან?

ეცადეთ დაასახელოთ ხუთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაინც, ამგვარად თქვენ უფრო პოზიტიური განწყობით იქნებით მომართული საკუთარი ცხოვრებისა და შესაძლებლობების მიმართ.

მას შემდეგ რაც ამჟამინდელი ტკივილისა და სირთულეების გამო ჩვენი წარსულის დადანაშაულებას თავს დავანებებთ, ჩვენ ავიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, რაც ზრდასრულობის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

როცა შემდეგში კვლავ შევეცდებით ჩვენთვის მტკივნეული სცენარის განვითარებას, აუცილებლად უნდა გავუმეოროთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი წარსული, არც  ჩადენილი შეცდომები, არც ის თუ როგორ მოგვექცნენ სხვები, ჩვენ ვართ მხოლოდ ის, როგორც მოვიქცევით მოცემულ მომენტში.

მნიშვნელოვანია, მეტი დრო გავატაროთ ადამიანებთან, რომლებიც არ ან აღარ  ცხოვრობენ ცრუ წარმოდგენებით და საკუთარ თავს არ უქმნიან ზედმეტ დაბრკოლებებს, ასეთი ადამიანები ცხოვრებისეული სიტუაციების მიუხედავად არიან ბედნიერები და ოპტიმისტურები, რადგან პასუხისმგებლობას საკუთარ ბედნიერებაზე აკისრებენ თავიანთ თავს და მოქმედებენ შესაბამისად. მათთან დროის გატარება საშუალებას მოგვცემს დავინახოთ თუ რა არის ურთიერთობის რეალურად კარგი მაგალითი, რა არის ჯანსაღი და ადამიანური ღირსებისთვის შესაბამისი. ასეთ ადამიანებთან ჩვენი რწმენების სისტემაც იცვლება და ვეღარ ვრჩებით „მაზოხისტურ წონასწორობაში“, რადგან მისგან თუ ერთხელ დავაღწევთ თავს, უკან დაბრუნებას აღარასოდეს მოვისურვებთ.

ძალიან კარგია გამბედაობის გამოჩენა და ჩვენს რეპრესირებულ, შევიწროებულ გრძნობებზე ახლობლებთან საუბარი, რადგან თუ ამ გრძნობებს ვაღიარებთ და ღიად განვიხილავთ, ჩვენი არაცნობიერი ნაკლებ პრობლემებს შეგვიქმნის.

გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ გაგვახსენებს წარსულ ტკივილს და ამან შესაძლოა ნეგატიური ფიქრებისა და შესაბამისი ქცევისკენ გვიბიძგოს, ამიტომ ჩვენი გარემო უნდა შევავსოთ იმ საგნებით, რომლებიც პოზიტიურ მოგონებებს გვიღვიძებენ ან ჩვენი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ.

კარლ იუნგის მიხედვით თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება საჭიროებს აზრსა და მიზანს. თუ ჩვენ არც ერთი  გაგვაჩნია, ჩვევად გვექცევა, რომ გამუდმებით შევქმნათ დრამა, რათა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება, თუნდაც ნეგატიური შინაარსისა.  ბევრი რამაა ისეთი, რაც ჩვენს ცხოვრებას ნამდვილად შესძენდა მნიშვნელობას და მოგვცემდა თემას აღტაცებით საუბრისთვის.

ჩვენი გადასაწყვეტია რის გარშემო შევქმნით ჩვენს ცხოვრებას, 50 წელი მეგობრებთან მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ როგორ გვტანჯავენ სხვები თუ გავუზიარებთ მათ ჩვენს ინტერესებსა და აღმოჩენებს. სამყარო იმდენად მდიდარია, რომ გასაზიარებელი ნამდვილად არასოდეს გამოგველევა და რაღაც ახლით აღფრთოვანებაც ყოველთვის შეიძლება.