მოგესალმები მეგობარო!
მადლიერების შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა, არც მე ვიქნები პირველი და უკანასკნელი ვინც ამ საკითხს შეეხება, მაგრამ მინდა ჩემი გულიდან წამოსული მადლიერების შესახებ დავწერო.
მადლიერება არის გრძნობა რომელიც გვაძლიერებს და გვანახებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ქართული ზეპირსიტყვიერება განსაკუთრებულია იმით, რომ თითოეულ სიტყვაში ჩადებულია ღრმა აზრი. სიტყვა მადლი – ერება ზუსტად ამის მაგალითია. მისი წარმოთქმისას გრძნობ რომ მადლი გიყვეს და შენ ამისთვის შენს სითბოს და სიყვარულს გამოხატავ. ეს წუთისოფელი თითქოს ისეთი დიდია და ისეთი პატარა ერთდროულად, ადამიანებს სინამდვილეში არ უნდა ჰქონდეთ დრო ერთმანეთის მტრობისა და შურისთვის, მაგრამ….
საბედნიეროდ, მაინც არიან კეთილი ადამიანები, ვინც ფიქრობს ადამიანების დახმარებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და შეცვლაზე. მე მინდა მადლიერება გამოვხატო!!! მინდა მეტი ადამიანი დადგეს ამ გზაზე. ვიღაცას უჩნდება კითხვა: რა საჭიროა?! ასეთები ხომ ისედაც არსებობენ – მაგრამ, მოდი, ერთად შევხედოთ რა ხდება ჩვენ გარშემო:
ხშირად ვხედავთ სიტუაციას, რომელშიც გვინდა , ვინმე ჩაერიოს და მოაგვაროს, რადგან ვფიქრობთ, რომ არ ძალგვიძს ამ საკითხის გადაჭრა. არადა როგორ გვინდა ხოლმე ადამიანების დახმარება…
ვფიქრობთ – ვინ არის ჩემსავით მონდომებული?! ვის უნდა რაღაც გააკეთოს უანგაროდ ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც არც კი იცნობს?! ვინ ხედავს ჩემსავით, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, სადაც იზრდებიან ნიჭიერი ბავშვები?! ზოგს ხატვა უყვარს, ზოგს ქარგვა, ზოგს ქსოვა, ზოგი კი ძალიან მოწყურებულია სწავლას და ვერ დადის სხვადასხვა საგნის რეპეტიტორთან, რის შედეგადაც ვერ ხვდება უფასო სექტორზე უნივერსიტეტში და გადახდის უუნარობის გამო ანებებს თავს.
მე ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში სადაც პერიოდულად გვაკითხავენ ადამიანები ვაკანსიებზე, ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ახალგაზრდების ნაკადი, ვისაც არა აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ არიან ძალიან მონდომებულები და მოტივირებულები, რომ შექმნან თავისი მომავალი. როდესაც გადავხედე ასეთი ახალგაზრდების რაოდენობას მარტო ჩვენს ბაზაში , გამიჩნდა კითხვა რა შეიძლება გაკეთდეს დღეს მათთვის და მათი მსგავსი წარმატებას მოწყურებული ადამიანებისთვის?
რამოდენიმე წელია უკვე პერიოდულად ვერთვები სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში, ვეძებ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზებს, ვეცნობი ორგანიზაციებს რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით… უკვე რამოდენიმე თვეა ,შეწუხებული ზემოთ წამოჭრილი პრობლემით, ვეძებდი ორგანიზაციას, რომელიც ამ საკითხით იქნებოდა დაკავებული და აი ისე აგიხდეთ ყველა ოცნება და სურვილი !!!
ევრიკა!!!
აღმოვაჩინე საქველმოქმედო ორგანიზაცია “მადლობა”.
პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო მათი სლოგანი:
„ მადლობა რომ ხარ“
შემდეგ დავიწყე მათი მიზნების და გეგმების გარკვევა.
ძალიან მომეწონა რაც მიპასუხეს ჩემს კითხვაზე – რა არის თქვენი მიზანი :
„ქველმოქმედება, როგორც გრძელვადიანი მხარდაჭერა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად“
ეს იყო ის რისი გაგონებაც მინდოდა ძალიან დიდი ხანია, რადგანაც ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ არაფერს არ ცვლის ადამიანის ცხოვრებაში, ის ისევ იგივე ხარისხით ცხოვრობს როგორც მანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცოდნის ამაღლებაში და მსოფლმხედველობის შეცვლაში დახმარების გაწევა, ეს რეალურად არის შანსი მთლიანად საზოგადოების შეცვლისა!
შემდეგ დავსვი კითხვები :
- ვის შეუძლია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? თუ გყავთ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ?
- ეს არის ღია საზოგადოება, სადაც შეუძლია მოსვლა ნებისმიერ ადამიანს და იმის გაკეთება რაც მის შესაძლებლობებშია. აქ საუბარი არაა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, შესაძლებელია ადამიანებმა თავისი ცოდნა და უნარები მოახმარონ სხვა ადამიანების დახმარებას!
- თქვენი უახლოესი გეგმები?
საქველმოქმედო საზოგადოება „მადლობა“ ახორციელებს ძალიან საინტერესო ტრენინგ-მასტერ კლასის ორგანიზებას ქართველი წარმატებული ბიზნეს ტრენერებისა და მარკეტოლოგების მონაწილეობით, როგორებიც არიან : გიორგი თვალაძე, დავით კენჭაძე, ილია ნიკაჭაძე, ტარიელ ზივზივაძე და ირაკლი ბლიაძე. ტრენინგიდან შემოსული თანხა დააფინანსებს რამოდენიმე სტუდენტს რომელსაც აქვს შეჩერებული სტატუსი გადაუხდელობის გამო. ჩვენ ეხლა ვეძებთ იმ სტუდენტებს ვისაც ჰქონდათ ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება და ოჯახმა ვერ შეძლო მათ დაფინანსება. რეგიონიდანაც ვაპირებთ სტუდენტების ჩამოყვანას და ამ ტრენინგზე დასწრებას, სადაც ჩვენი სპონსორები მათ საჩუქრებს გადასცემენ დამატებით. ამ პროექტის მიზანია მასში ჩართულ სტუდენტებს დაეხმაროს ცვლილებებსა და მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. როგორც იტყვიან, ჩვენ არ გვინდა თევზი მივუტანოთ ადამიანებს, ჩვენ გვინდა მათ თევზის ჭერა ვასწავლოთ!
ამ შეხვედრამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე პროექტში ჩართვა მოხალისედ, მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო საზოგადოების განვითარებას, პროექტს მხარდაჭერა გამომიცხადა ინტერნეტ ჟურნალმა “ოთხმა მოტივმა” და ერთად განვიზრახეთ გავაშუქოთ და განვახორციელოთ აქტივობები. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ოთხი მოტივის ხელმძღვანელობის მიმართ და ავღნიშნო მათი განსაკუთრებული კეთილგანწყობა სოციალური პროექტების მიმართ! ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების ჯგუფები ერთიანდებიან ერთი იდეის გარშემო!
დღეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება იმის დანახვა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები და კეთილი საქმეები კეთდება!
მე მჭირდება ამის დანახვა , შენ?!
იხილეთ ორგანიზაციის გვერდი აქ.