Skip to content

ასეთ ჩაის ყველაზე საოცარი სურნელი აქვს

რამდენიმე კვირაა ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა იმატა.ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამიტომ   მე  დაგავწყვიტე დავწერო პოსტი იმ ადამიანებისთვის,რომლებიც გრიპის ვირუსით დაავადნენ ,ჩაწვნენ თბილ ლოგინში და  მიუხედავად ავადმყოფობისა აქტიურად კითხულობენ ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ პოსტებს. მინდა ამ ადამიანებს თბილი სიტყვებით მოვეფერო, ვთხოვო –   არ მოიწყინონ და როგორმე შესძლონ  ავადმყოფობის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ. ალბათ მეტყვით: „რას ამბობ,ავადმყოფობის პერიოდი, როგორ შეიძლება ადამიანმა ნაყოფიერად გამოიყენოსო?“ მაგრამ თურმე შეიძლება.

 ამ რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი,რომ ზოგჯერ ადამიანი აუცილებლად უნდა გახდეს ავად.რომ უნდა ჩაწვეს თბილ, ფაფუკ, ლოგინში და გარეთ ლამაზად თოვდეს.ასეთ წუთებში  თუ ადამიანს კარგი მომვლელი ჰყავს,რომელიც ხშირად გიმზადებს თბილ ჩაის და თავს დაგსტრიელებს,შენ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი.მიხვდები ვინ ხარ,საიდან მოდიხარ და  გზა,რომელსაც ფეხით მიუყვები სრულებითაც არ არის ეკლიანი,რომ ეს არის ყველაზე მაგარი გზა მსოფლიოში.რომ ის არის შენი ყველაზე მშვენიერი თავგადასავალი. დიახ,ასე ვფიქრობდი,მინდოდა რომ ადამიანებს ეპოვათ საკუთარი თავი ამ გზაზე,მაგრამ რას ვიფიქრებდი,რომ თავად მე გავხდებოდი ავად.რომ ჩემი   ფიქრი ავადმყოფობის შესახებ , რეალობად იქცეოდა და მეც  რამდენიმე დღით მივეჯაჭვებოდი ლოგინს.ჰოდა, ვწევარ ახლა სევდიან ლოგინში, გარეთ კი  მართლაც თოვს. ფიქრებში წარმოდგენილი ანგელოზები თავს დამტრიალებენ. ამიტომ პარაცეტამოლს ვსვამ. მაღალი სიცხე მაქვს. კიდევ სხვა უამრავ წამალს ვიღებ და მინდა,რომ აღმოვაჩინო საკუთარ თავში ისეთი რამე,რაც დამეხმარება –  გამოვკეთდე.

მარტო ვარ. ვფიქრობ,რომ ადამიანი, არასდროს ისე მარტო არ არის,როგორც ავადმოფობის ჟამს. ეს არის ყველაზე სევდიანი მარტოობა დედამიწაზე. ამბობენ ავადმყოფობის დროს, შეგიძლია დახუჭო თვალები და უფალი მოვა შენთან. მაგრამ არ მოდის. უფალი გარეთ, ყვავილებს პატრონობს. თვალებს ვხუჭავ.მინდა,რომ დედა მოვიდეს, მაგრამ  დედამ არ იცის  ჩემი ავადმყოფობის ამბავი,რადგან ჩაკეტილი თოვლიანი მთებიდან ასე ადვილად ვერ ჩამოვა. რომ გაიგოს აუცილებლად იდარდებს ჩემს ამბავს,ამიტომ როცა მირეკავს არ ვპასუხობ.საშინელი ხმა მაქვს,არ მინდა დედამ გაიგოს, როგორ ვარ. მაგრამ მაინც  იმედს არ ვკარგავ და ასე მგონია ანგელოზები ეტყვიან დედას, რომ ავად ვარ და ისიც ჩამოვა მთიდან. ჩამომიტანს მინდვრის ყვავილებს, ბალახებს, წიგნების ყდას და ფურცლებს. დედამ იცის რომ წიგნი უნდა დავწერო, დედას სჯერა ჩემი. წამოვდექი ლოგინიდან. არ ჩანს ჩემი სახლიდან დათოვლილი მთები,მაგრამ სიცხიან ზმანებაში მე მაინც ვხედავ დედას.ვხდავ ცას და ვხვდები რა ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფერს.სულ ვწუწუნებდი,სულ ვწუხდი. ცოტა მიყვარდა და ცოტას ვიღიმოდი. როგორღაც მოვახერხე და მეორე დღით მოვიცვი ჩემი სნეულის სამოსი და მივედი ტაძარში,ტაძარში ეძინა უფალს.სავსე იყო ეკლესია ყვავილებით და სილამაზით.დიადი იყო უფალი და ყველაზე მეტად ეს ვინანე,ვინანე რომ ხშირად არ ვიცოდი სად შეიძლებოდა მისი პოვნა, ვინანე,რადგან მენატრებოდა უფალი და არ მივდიოდი მასთან.

მეგონა ის თავად მოვიოდოდა ჩემთან. მერე მართლაც იყო ბევრი ფიქრი და საუბარი.მთელმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ. ყველაფერს ვნანობდი,განსაკუთრებით ცოტა სიყვარულს და ცოტა ლოცვას.საკუთარ თავს დავპირდი,რომ გამოვკეთდები თუ არა, აუცილებლად შევიცვლები უკეთესობისკენ. რომ აუცილებლად გავხდები უფრო კეთილი და გულმოწყალე. ბევრ სიკეთეს გავუკეთებ გარშემო ყველას და ტაძარშიც  ხშირად ვივლი.ამიტომ ღმერთმა შეისმინა ჩემი და მეორე დილით დედა ჩამოვიდა ჩემთან.ვწევარ. ისევ ავად ვარ,მაგრამ აღარ მეშინია.დედა ჩემს სასთუმალთან ზის და წიგნს მიკითხავს.ახლა ავადმყოფობის კი არა,არაფრის აღარ მეშინია.არაფერი მანაღვლებს. დედა,რომ წიგნს  მიკითხავს იმ წიგნში არ მესმის  რა წერია.არ ვიცი წიგნში რას წერენ მწერლები.მე ჩემი წიგნი დამიწერა დედამ,რომელშიც ჩაწერა დიდი ასოებით “უფალი ჩვენი”.ეს ვიცი და ეს მესმის.დედას შუბლზე სევდის ხაზები ამჩნევია,მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ხაზებია,რადგან სულიერად ისევ ის არის ,ისევ მშვენიერი და მინდვრის ყვავილივით ლამაზი.დედას არაფრის ეშინია,არ ეშინია სიკვდილის,არც მე მეშინია.ჩემი სასთუმლიდან მთები მოჩანს,მაგრამ მე ვერ ვხედავ მათ სილამაზეს,მე მხოლოდ დედას ვხედავ.მერე ჩუმად ვტირი.მთელი ჩემი ცხოვრება ვნატრობდი დედა ყოფილიყო ჩემს სასთუმალთან.ახლა აქ არის დედა.

შვილებს ყველას ერთნაირად გვიყვარს დედები,მაგრამ ზოგს შეუძლია ამ სიყვარულის გადმოცემა,ზოგს შეუძლია გულში ჩაიკრას დედა.მე შემიძლია ისე მიყვარდეს დედა,რომ მერე სულ მტკივა ეს სიყვარული.მტკივა,მაგრამ არ ვიცი რატომ.

დედა სამზარეულოში ჩაის მიმზადებს და ყველაფერს ჩაის ფინჯანში აწყობს: სიყვარულს და სითბოს, სიხარულს და მონატრებას. ასეთ ჩაის ყველაფერზე საოცარი გემო აქვს.ასეთი ჩაი სულს ათბობს და გულს ამშვიდებს. ახლა მთებს ვუყურებ. ადრე, მთებს რომ ვუცქერდი წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემი ამ მთებში დაზდევდა საძოვრად გასულ საქონელს და მიუხედავად ცხოვრების სიდუხჭირისა ყვავილებს მაინც ხედავდადა და ამჩნევდა.  დავხუჭავ თვალებს და ავეფარები კალთაზე დედას. ის ფიქრობს, რომ პეპლები დაყვებიან  ყველგან. დედა ყოველთვის ამჩნევდა სამყაროს სილამაზეს. მე კი ახლა ავადმყოფობის კი არა არაფრის აღარ მეშინია. ახლა ყველაზე ჯამრთელი ვარ. ყველაზე ბედნიერი.