ყველას განსაკუთრებული რიტუალი გვაქვს, როდესაც ცუდ განწყობაზე ვართ და რაც უფრო განსხვავებული ხარ, მით უფრო უცნაურად ეჩვენებათ დანარჩენებს შენი ქცევა ასეთ დროს. ლულუს მაისური ჰქონდა, რომელზეც შენობის სახურავიდან გრძელთმიანი გოგონას ვარდნა იყო გამოსახული, ამ მაისურის დანახვაზე ყოველთვის ვცდილობდი მისთვს, რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა. ერთხელ შუა ქუჩაში ქურთუკი გავიხადე, შენობის კიდესთან დავფინე და თავდაყირა დავდექი. ლულუს ფანტაზიას, ჩემი ბევრად ჩამორჩება. ჩვენი პირველივე შეხვედრისას მისი სუნთქვა ძალიან ახლოს ვიგრძენი, მე ლულუსნაირი მაისური არ მაქვს, მაგრამ ჩემს ქალაქში ძალიან ხშირად წვიმს და ცუდ განწყობაზე ქუჩაში ნახევრადსველ ადამიანებს ვუერთდები, მათსავით გავრბივარ, ვჩქარობ. აი, თითქოს მივედი სახლამდე და ძალიან არ მინდოდა დასველება და შემდეგ ისევ ახალ მიმართულებას ვირჩევ, ყველა თანამიგრძნობს, განსაკუთრებით ქოლგიანები და მომწონს მათ თვალებში კეთილი ზრახვების ამოკითხვა.
იმ დღეს არ ველოდი თუ ლულუ თავის ქოლგის ქვეშ ჩემგან დაუკითხავად შემიფარებდა, ვერც შევამჩნიე, როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით ყველაზე ჭრელი საფარის ქვეშ რაც კი მინახავს. ისეთი სულელური სახით გავუღიმე, კიდევ კარგი არ დაუნახავს. მშვიდად აგრძელებდა გზას და გვერდით არ იხედებოდა, თავისუფლად შემეძლო მარჯვენა ლოყაზე კოცნა, ვფიქრობ არ გაინძრეოდა, თავი ძლივს შევიკავე.
მას შემდეგ, ჩვენ მხოლოდ იმ დროს ვხვდებოდით, თუ რომელიმე ჩვენგანი განსაკუთრებით ცუდ განწყობაზე დგებოდა, ეს ჩვენი დათქმა იყო გაცნობის პირველივე დღეს და აღარასდროს დაგვირღვევია, რადგან მე ის ვერ მოვატყუე და ვუთხარი, რომ სინამდვილეში ქოლგა არაფერში მჭირდებოდა და წვიმაშიც შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ.
ეს ყველაზე უცნაური ურთიერთობა იყო, რომელიც ცხოვრების მანძილზე ადამიანთან მქონია. თუ ორივე ცუდ ხასიათზე ვიყავით, მდინარესთან ვხვდებოდით, რომელიც ჩვენს ქალაქს ორად ჰყოფს, ხიდის მოაჯირს ვეყრდნობოდით და დიდხანს ვუსმენდით მის ხმას. როდესაც კარგი ხასიათი გვიბრუნდებოდა, სხვა მოწყენილებზეც ვზრუნავდით, ზოგჯერ მთელი დილა ვწერდით ფურცლებზე ღიმილისმომგვრელ ფრაზებს და ხის სკამებზე ვუტოვებდით უცნობებს.
ყოველთვის დგება დრო, როდესაც ცუდ განწყობაზე მარტო დარჩენის სურვილი გიჩნდება. ეს პირველი დღე იყო, როდესაც მისთვის არაფერი მითქვამს, არც წვიმდა და მე მდინარისკენ მარტო მივდოდი. დათქმა დავარღვიე, გზაში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხვა გოგოსთან ვუღალატე. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა განწყობას. როდესაც ხიდს მივუახლოვდი გულისცემა გამიორმაგდა.
იმ საღამოს ხიდთან ის გადამხდა, რაც მხოლოდ სენტიმენტალურ ფილმებში მინახავს. გონება, რამდენიმე წამით ყოველთვის უსწრებს მოსახდენს.
ის ძალიან ლამაზი იყო, მოწყენილი უყურებდა მდინარეს, როდესაც მივუახლოვდი და ჯიბეში ნაპოვნი ბევრჯერდაკეცილი უცნობისთვის გამზადებული ფრაზა გავუწოდე. მას არ ერქვა ლულუ.
ჩემს ქალაქში ძალიან ხშირად წვიმს და ცუდ განწყობაზე ქუჩაში ნახევრადსველ ადამიანებს ვუერთდები, მათსავით გავრბივარ, ვჩქარობ, აი თითქოს მივედი სახლამდე და ძალიან არ მინდოდა დასველება და შემდეგ ისევ ახალ მიმართულებას ვირჩევ, ყველა თანამიგრძნობს, განსაკუთრებით ქოლგიანები და მომწონს მათ თვალებში კეთილი ზრახვების ამოკითხვა. სინამდვილეში ქოლგა არაფერში მჭირდება, მე მოწყენილი ნაძირალა ვარ და ჩვენ ყველა ასეთები ვართ ხშირად.
ავტორი: ტატო გოგოლაძე