ნოდარ დუმბაძე დიდი ილიას შესახებ
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს. ბერდანის ტვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი ქართველი ხალხის გულში გაიარა. და ახლა დევს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.
ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი და დროშა მისი? განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი ან ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია, არა.
ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეში და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.
ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისე პატარა და ისე ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ ძლიერი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს. სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისათვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიული სხივი გამომდინარე მისგან.
როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.
და განა შეიძლება საფლავმა დაიტიოს დიდება კაცისა, რომელმაც შექმნა: „პოეტი“, „განდეგილი“, „კაკო ყაჩაღი“, „გლახის ნაამბობი“, „ბაზალეთის ტბა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია – ადამიანი?!“ და“მგზავრის წერილები“…
თერგივით იცხოვრა მან ამ ქვეყანაზე: ქართველი ხალხის განმანათლებელი, ერის მოჭირნახულე, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის მედროშე და ბელადი, გენიალური მწერალი, საზოგადო მოღვაწე, კაცი, თავისი ნებით მისული სამშობლოს სამსხვერპლოზე.
კაცი მზესავით ნათელი და კაცი დღესაც თერგივით მქუხარე.
აი, ვინ არის ილია ჭავჭავაძე.
„ოხ, ღმეთო ჩემო , სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“ – კითხულობდა კაცი, რომელსაც თავად ერთი წუთი არ უძინია, ისე გალია სული სამშობლოს სამსახურში.
„მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!“ – კითხულობდა იგი და ჰა, ხედავდეს საქართველოს წაღმა შემობრუნებულს.
ესმოდეს ნეტავ საფლავში:
შვილთა ღაღადი!
ჟამთა ღაღადი!
ქვათა ღაღადი!
იცოდეს ნეტავ, რომ ვიდრე არაგვი წიწამურთან არ ავა აღმა, მის ნათელ შუბლზე არ ჩაქრება შუქი მარადი.
დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა