Skip to content

იქ წიგნები ექნებათ?!

ერთ დღეს დილაადრიან ლეო მოვიდა ჩემთან, არა ის კიარ გამკვირვებია, რომ ჩემთან მოვიდა, არამედ ის, რომ ჩაფიქრებული, თანჩაღუნული მოადგა მუყაოს კედლებს, რომელიც ჩვენს „სახლებს“ ყოფდა ერთმანეთისგან. ისე მოდიოდა თითქოს კაცობრიობის ტვირთი ჰქონოდა აკიდებული, მაშინ სულ რაღაც 8 წლისანი ვიყავით.

ყოველთვის მიკვირდა, ისეთი ენერგიის პატრონი იყო, ციბრუტივით დახტოდა მომღიმარი გულღია სახით, როცა პირისპირ აღმოვჩნდით და მზერა შევანათე, არ მომეწონა, ვიფიქრე დედას დავუძახებ მეთქი მაგრამ… მერე გამახსენდა, რომ ჩვენ ობოლი მაწანწალები ვიყავით, ანუ როგორც ხალხი გვიწოდებდა „ქვეყნიერების ჭუჭყი  და დედამიწის ზედმეტი  წონა“.  ჩვენთვის დედა; მამა; ოჯახი; თბილი კერა ფუფუნებას გამცდარი, ირეალური სამყაროს ნაწილები იყო.  აი იმ ნამცხვრებს გავდა,  „ჩვენს“ ეზოში კონდიტერი ყოველ დილით, რომ აცხობდა, მაგრამ ჩვენთვის მიუწვდომელი იყო, მხოლოდ სურნელს ვგრძნობდით და ისიც გვახარებდა, გამთენიისას გვაღვიძებდა ხოლმე.

თავიდან მეგონა ლეო მესიზმრებოდა, იქვე საწოლთან ახლოს გუბეს მივადექი და მასში ჩამდგარ „წკრიალა“ წყლით თვალები მოვიბანე. სიმზარი არ ყოფილა:  ის ჩემს წინ იდგა, ვიფიქრე ვინმემ რამე დაუშავა მეთქი.  მერწმუნეთ, მაწანწალები ვიყავით, მაგრამ ჩვენც გაგვაჩნდა სინდისი, სიამაყე, ვიცოდით რომ ცუდ საქმეებს ვაკეთებდით, მაგრამ მეტი გზა არ იყო, თუმცაღა კვირა დღეს ეკლესიაში ლამის მამაოზე და სტიქაროსნებზე ადრე მივდიოდით, უფლის შიში გვქონდა და გვჯეროდა რომ  ის მდგომარეობა რომელსიც მაშინ ვიყავით დროებითი იყო. მთელი კვირის ნამოქმედარს მწარედ ვინანიებდით.

მოკლედ რომ ვთქვა ლეოს ხმა ვერ ამოვაღებინე, მერე უცებ გამახსენდა წინა ღამით მისთვის საყვარელი ‘ნივთები’ რომ შევაგროვე ქუჩაში წანწალისას, დარწმუნებული ვიყავი ამით გავახარებდი, რადგან ეს იყო რომელიღაც წიგნის ან სულაც გაზეთის ნაგლეჯები, რისი წაკითხვაც შესაძლებელი იყო. ( ლეოს კითხვა ძალიან უყვარდა, მშიერიც კი დარჩებოდა, არ იმათხოვრებდა, არ იქურდებდა, თუკი წიგნის ნაგლეჯს წააწყდებოდა სადმე, მაშინვე დაჯდებოდა და კითხვას იწყებდა, მერე კი  დაფრინავდა სადღაც შორს დიდხანს.  მე მისნაირი არასდრის ვყოფილვარ, არც წერა-კითხვა ვიცოდი და მჯეროდა, რომ ამის გარეშეც კარგად ვშოულობდი ლუკმა-პურს. მთავარი ჩემთვის მუცლის გავსება და შიშველი სხეულის ნაწილობრივ  დაფარვა იყო. მაშირ, როცა სულ პატარები ვიყავით, ეკლესიაში ერთ გოგონას შევხვდით, რომელმაც ლეოს ანბანი აჩუქა და რაღაცაებს ასწავლიდა ხოლმე, ლეო კი მის შემდეგ ,ღამღამობით სულ რაღაცას წერდა, კითხულობდა, სწავლობდა, როცა სინათლე აღარ უნათებდა საკითხავს, იძულებული ხდებოდა მისი საწოლი მუყაო ცეცხლს მიეცა, რათა ცეცხლის ალზე ებუტბუტა).  გავუწოდე, მაგრამ სულ სხვა სურათი დამიდგა წინ, ლეო ნაგლეჯების დანახვაზე უარესად მოიღუშა, ასეთი არასდროს მენახა, არც მაშინ როცა ერთი ცალი ფორთოხლის ქურდობისთვის დაგვიჭირეს და ერთი დღე ძაღლის სახლში გამოგვამწყვდიეს ვიღაც ვაჭრებმა.

უცებ შემომიტრიალდა და მითხრა:

იქ წიგნები ექნებათ?

მე ვერაფერს მივხვდი, მხრები ავიჩეჩე, მან ზეცისკენ თითი გაიწოდა, მიანათა მისი ყავისფერი თვალები ცას და გაიმეორა:  იქ ბევრი წიგნები ექნებათ არა?  იცი? მინდა უფალმა მალე წამიყვანოს, აქ რა  ნაგლეჯებიც დაფრინავს ყველა გადავიკითხე, საკითხავი აღარაფერია, წარმოგიდგენია? მასთან რომ წავალ სულ სხვადასხვა, ლამაზ-ლამაზი, ფერად-ფერადი წიგნები იქნება, ეჰ, ნეტავ მალე  მოვიდეს ჩემი ღმერთი.

მე სიცილი ამივარდა, ლეო კი გაბრაზდა და დამაყარა:

იცინე, იცინე, არც შენ დაგტოვებს ცარიელი, ალბათ სასახლეში წაგიყვანს, სადაც მაგიდები სავსე იქნება სხვადასხვა სახის ტკბილეულით, ოთახსაც მოგცემს თბილს, რბილი საწოლით.

მას მერე ბევრმა წელმა ჩამიარა, ლეო კი იმ საუბრის შემდეგ აღარ მინახავს, მას ოცნება აუხდა, უფალთანაა, ალბათ ძალიან უხარის იქ ყოფნა, ვინ იცის უკვე რამდენი  ათასი წიგნი აქვს წანაკითხი.

მე კი დამტოვა აქ, მხეცების ქვეყანაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მარტო. მისი სახით რწმენა შევიძინე, საკუთარი თავის რწმენა, ლეოს დამსახურებაა ახლა, რომ კალამი მიპყრია ხელთ და ვწერ, მისი დამსახურებაა თბილი სახლი და საჭმლით სავსე მაცივარი რომ მიდგას სამზარეულოში,  მან  დამანახა კარგი და მიმახვედრა ერთს: რომ სწავლის გარეშე სამყაროს სიცივის სუნი ასდის.

ნანა გამყრელიძე