ორი თვეა მცხეთაში, შიო-მღვიმის ულამაზეს ტაძარში სანთლებს ვყიდი.ადრე ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი უბრალო ბერი,მაგრამ შემდეგ მესანთლე გავხდი და ჯერ არ ვიცი,რომელი უფრო რთულია, იყო ბერი თუ მიჰყიდო ადამიანებს სანთლები,რომლის საშუალებითაც ისინი ღმერთს ესაუბრებიან.
„შიომღვიმე- საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერია.მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.“ამ ინფორმაციას ვკითხულობდი ვიკიპედიაში, მონასტრისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში,რომ ვიჯექი და ვფიქრობდი, დანარჩენი ცნობები მონასტრის შესახებ აუცილებლად თავად უნდა მომეძიებია.ამიტომ ხშირად, შუა ღამით ,როდესაც ცისკრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ ბერ-მონაზვნები, მეც ვათენებდი მათთან ერთად ღამეებს. ვიდექი ეკლესიის ეზოში თავდახრილი და ვარსკვლავებს ვუყურებდი.დიახ,თავდახრილმა ადამიანმაც შეიძლება დაინახოს ცა ,რადგან ღმერთმა პირველ რიგში ადამიანის გულში დახატა ყველაფერი: მთები, ზღვები, ცა, რომელიც ყოველთვის არის ვარსკვლავებით მოჭედილი და უთხრა: – „ წადი, იცოცხლე, ადამიანო! გიყვარდეს ყველაფერი,რასაც საკუთარ გულში დაინახავ. ნუ იქნები სევდიანი, რადგან ბედნიერებისთვის ყველაფერი მოგეცი მე შენ. გიყვარდეს საკუთარი თავი და ადამიანები. აკეთე სიკეთე და არ იფიქრო,რომ ვერ შეძლებ,რადგან მე ჩაგიდგი მკერდში უზარმაზარი გული და მე მოგეცი სიკეთის კეთების ძალა.თუ ოდესმე მოგენატრები, ნუ მოივლი ფეხით მთელ სამყაროს.არ ახვიდე ცაში და ჩიტებს მოსვენება არ დაუკარგო.ნუ გადასცურავ ზღვებს,ნუ გადაივლი მთებს,მე იმაზე ახლოს ვიქნები შენთან, ვიდრე წარმოიდგენ. მე შენს გულში ვიქნები.“
ზოგიერთმა ჩვენთაგანმა სწორად გაიგო უფლის სიტყვები, მაგრამ ზოგი დღემდე მაინც მაღლა, ღრუბლებში ეძებს ღმერთის ნაკვალევს.ეს აზრები მაშინ დამებადა გონებაში,როდესაც განმარტოებული ვიდექი ცის ქვეშ და ათას რამეზე ვფიქრობდი.მაშინ მივხვდი რომ ყველას, მათ შორის მეც მაქვს სულის მღვიმე,რომელიც ათასი საფიქრალით არის სავსე და რომელიც განსაკუთრებით საინტერესო ტაძარში ყოფნის დროს არის. ამიტომ მოდიან და ჩერდებიან ადამიანები მონასტერში.ფიქრობენ,რომ აქ უფრო ახლოს არის მათთან ღმერთი,რომ აქედან უფრო ადვილად გაიგონებს მათ ლოცვებს უფალი. ამიტომ ძალიან ბევრს ფიქრობენ მონასტერში ადამიანები და სჯერათ,რომ მათ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებს უფალი.ამიტომ ისინი ყველაფერს ღმერთის იმედად ტოვებენ და მთელი ცხოვრება გულხელდაკრეფილი არიან, არ ცდილობენ საკუთარი ძალებით შექმნან უკეთესი ცხოვრება. ძალიან კარგია ღმერთის იმედად ყოფნა,მაგრამ საჭიროა ადამიანი თავად იყოს კეთილი,პოზიტიური,გულმოწყალე და ეცადოს შეცვალოს გარშემო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.
გადათეთრებულია თოვლით მთები.ვიყურები კლდიდან.ვხედავ წასულან ცისკენ ეკლესიები.გადავიწერ პირჯვარს და ჩუმად ვამბობ: მე მომწონს ჩემი სამყარო,აქ ხარობენ ულამაზესი ყვავილები,ჩემი მეგობრები არიან ხეები. ღამით მესმის ვარსკვლავების ლოცვა. მესმის,როგორ მიცოცავს ნადირი მთებში და წამოვა უეცრად თოვლი. წამოიშლება ნამქერი. შემოვიხვევ თბილ პლედს მხრებზე და ისევ ვეძებ კითხვებზე პასუხს. კითხვებზე პასუხების პოვნა კი მარადიული პროცესია.ამიტომ ვარ აქ ახლა. ამიტომ მგონია ჩვენთან ერთად იღვიძებს და იძინებს ღმერთი, ჩვენი სულის სევდიან მღვიმეებში,რადგან მან იცის ჩვენ ისევ გვჭირდება მის გვერდით ყოფნა.
აქ, მთებში ,მხოლოდ მე მიყვარს წერა,რადგან არაფერს წერენ სხვები. მხატვარიც არ ჰყავთ, რადგან ბგერები და ფერწერა ისედაც ჩანს ყველაფერში და რადგან ბერები თავად არიან ღმერთის ნახატები. გადმოდგები მთიდან და დაინახავ,რომ ყველაფერი, რაც წიგნებში ჩაუხატავთ ადამიანებს,ახლა აქ, შენს ხელისგულზე დევს.ირგვლივ,მხოლოდ საკმევლის კმევის ხმა ისმის.ლოცულობენ ბერები.მე არ ვიცი როგორ ვილოცო.ჩუმად ვარ. ერთ კვირაში ქალაქში დავბრუნდები,რადგან მთაში ნაყიდი თაფლისგან საკუთარი ხელით უნდა გავაკეთო სანთლები.ვფიქრობ,ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰყიდდეს სანთლებს,თუ მას საკუთარი ხელებით გააკეთებს ადამიანისთვის.
დღეს ბარში ვბრუნდები. დედაქალაქი სავსეა ხმაურიანი ადგილებით და ადამიანებით.მე მიყვარს ასეთი ადგილებიც.მე ყველაფერი მიყვარს. მონასტრიდან ფეხით ვეშვები. ჩიტები თავს დამსტრიალებენ. მე მათთვის საყვარელი ადამიანი ვარ.ჩემს პატარა შვილებს დავპირდი,რომ მთიდან თოვლს წამოვიღებდი მათთვის,მაგრამ გზა და გზა თოვლი სულ გამიდნა. ამას კი როგორ დააჯერებ პატარებს?ვერ დააჯერებ. თუმცა ჩემს ზურგჩანთაში ჩავდე სხვადასხვა ლოცვები, ფსალმუნები და რამდენიმე ცალი სეფისკვერი. ასე რომ ხელცარიელი არ ვბუნდები ქალაქში.ღმერთი ცაში,ტაძრებში და მონასტრებში ლოცვებს ისევ წერს ჩვენთვის,რადგან ფიქრობს,რომ ადამიანებმა ჯერ ვერ ვისწავლეთ ლოცვების წერა ერთმანეთისთვის. ჩვენ ყველას შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი და ლოცვები დავწეროთ საყვარელი ადამიანებისთვის ,მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვის დრო ვერ გამოვნახეთ. მაგრამ ვფიქრობ, ადამიანებს ძალიან მალე ისევ მოენატრებათ ერთმანეთი და კვლავ მისწერენ ერთმანეთს თბილ სიტყვებს. ჩაიკრავენ გულში კიდევ უფრო მაგრად ერთმანეთს.მე ასე მგონია რატომღაც. ამ იმედით ვბრუნდები მთიდან სახლში.იგივეს იტყოდნენ ჩიტები,რომლებიც თბილი ქვეყნებიდან მალე დაბრუნდებიან შინ.იგივეს ფიქრობს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელიც ადამიანებს ყოველთვის დაჰყურებს ღმერთივით თავზე.