Skip to content

იმედის მანათობელა სხივი

იყო და არა იყო რა – ასე იწყება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დასაწყისი მხოლოდ ზღაპარს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი ცხოვრებაც ხშირად ზღაპარს გავს. ზოგჯერ მოგვწონს ზღაპრის შინაარსი, ზოგჯერ არა. მაგრამ მასში ხომ უბრალო ამბავთან ერთად უდიდესი სიბრძნე იმალება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება თითქოს ზღაპარია, რომელშიც უდიდესი სიბრძნე შეგიძლია აღმოაჩინო, რომელსაც ადამიანი საკუთარი შრომის და გამოცდილების ფასად აგროვებს. ზღაპრებში ყველაფერი ლამაზად იწყება და საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება. ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერი ასე ზღაპარივით ლამაზად დაიწყო. ერთ დღესაც ინტერნეტის გვერდზე აღმოვაჩინე ჟურნალი „ოთხი მოტივი“ .

ყოველდღე სულმოუთქმელად ვკითხულობდი ჟურნალის გვერდზე გამოქვეყნებულ ოპტიმისტურ მასალებს. ფეისბუქის ჩემს გვერდზე ვაზიარებდი სტატიებს და დღითი- დღე ვრწმუნდებოდი,რომ საზოგადოებას ქვეყანაში არსებული ნეგატიურობის ფონზე ნამდვილად სჭირდება ასეთი პოზიტივი. ჟურნალმა დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე და ერთ დღეს მომინდა მეც გამეგზავნა იმედის მომცემი ჩანახატი მათთვის. ბევრს ვფიქრობდი. უამრავი ჩუმი ხმა ჩამესმოდა. ვხატავდი ღრუბლებში მეოცნებე ადამიანის ბუნებას,შორეულ ღამის ჩრდილში მოსეირნე მთვარეს. მზის სხივებში გაბნეულ მარგალიტებს სათითაოდ ვკრებდი და გადმომქონდა ფურცელზე. ვცადე და შევქმენი. ორი ღამე არ მეძინა. საჭირო სიტყვებს ვეძებდი. შემდეგ მივხვდი,რომ შინაგანად მეც მებრძოლი ვარ. ნამდვილი ჯარისკაცი, ამიტომ ზუსტად ის გადმოვიტანე ფურცლებზე,რასაც ვფიქრობდი.ვფიქრობდი, რომ შთამაგონებელი გამოვიდოდა ჩემი ნაწერი. ერთ დილით შვებით ამოვისუნთქე და დილაადრიან რედაქციაში გადავაგზავნე ჩემი ჩანახატი. ახლა კი ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე კვლავ ორი ღამე არ მეძინა.

ყოველ დღე მიწევდა ჟურნალის გვერდის ფურცვლა, მაინტერესებდა მოეწონებოდათ თუ არა ჩემი ნაშრომი და გამოაქვეყნებდნენ თუ არა მას ჟურნალის პირველ გვერდზე. პირველობა არ მინდოდა, უბრალოდ ვოცნებობდი, მეც როგორც ჟურნალისტს, ასეთ საინტერესო ინტერნეტ ჟურნალში მეწერა ხოლმე ოპტიმისტური სტატიები. ძალიან ვღელავდი. გარეთ თოვდა. მე კი თითქოს თოვლში ვეძებდი გვირილებს,რომ მათი ფურცლების წყალობით გამეგო, საბოლოო შედეგი. გვირილას ფურცლების დახმარებით, ხომ ყველაფერი შეიძლება გაიგოს ადამიანმა. ერთ დღესაც კი, საღამო ხანს,როდესაც ყველას ეძინა, ჩემი ნაშრომი აღმოვაჩინე ჟურნალის გვერდზე. სიხარულისგან როგორ ამბობენ? კინაღამ გავგიჟდი. ბედნიერებას ვერ ვფარავდი. ოთახში გახარებული დავრბოდი. ყველა ჩემს მეგობარს მივწერე ეს ახალი ამბავი. დიახ, ასე ჯადოსნურად დაიწყო ჩემი ურთიერთობა ჩემ ფავორიტ ჟურნალთან. ასეთმა წინსვლამ პოზიტიურობა შემმატა, სტიმული მომეცა, რომ ისევ დამეწერა იმედის მომცემი ამბები. უკვე აღარ მიჭირდა,რადგან ჩემში ჩასახლადა იმედის მანათობელა სხივი.

ავტორი: ვერიკო კვერნაძე