ცნობილი ინგლისელი საზოგადო მოღვაწე, ბენჯამინ დიზრაელი, ამბობს: „ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ ადამიანის ნებას, რომელიც მზად არის, თავისი სიცოცხლეც კი დადოს, საკუთარი მიზნების მისაღწევად.“ სხვანაირად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანის წინაშე დგას არჩევანი – „გააკეთოს ან მოკვდეს“, მას ნამდვილად ვერაფერი შეაჩერებს.
ალპინისტი ამბობს: „მაინც ავალ მთაზე, თუნდაც მითხრან, რომ ის ძალიან მაღალია, ძალიან შორსაა, ძალიან ციცაბოა, ძალიან ქვიანი გზაა და ძნელი ასავლელია, იმიტომ რომ ვიცი, ის ჩემი მთაა. მე მინდა მასზე ასვლა. თქვენ სულ მალე დაინახავთ, როგორ დაგიქნევთ ხელს მისი მწვერვალიდან ან ვეღარასოდეს მიხილავთ, რადგან თუ ვერ დავიპყრობ მწვერვალს, უკან აღარ დავბრუნდები“. შეუძლია ვინმეს, დაუპირისპირდეს ასეთ გადაწყვეტილებას?
როდესაც ამგვარ რკინისებულ გადაწყვეტილებას ვხვდები, თითქოს ვხედავ დროს, ბედს, გარემოს, რომელთაც სასწარაფოდ მოაწყვეს თათბირი და დაასკვნეს: „იქნებ ვაცალოთ მას, აისრულოს თავისი ოცნება? მან ხომ თქვა, რომ ან დაიპყრობს მწვერვალს, ან მოკვდება!“
ყველაზე სწორი განმარტება სიტყვისა „გაბედულება“, ერთი კალიფორნიელი მოსწავლე გოგონასგან გავიგონე. ლექციას ვკითხულობდი თემაზე: „როგორ მივაღწიოთ წარმატებას ნიჭიერ ბავშვთა სკოლის დაბალ კლასებში?“ მე დავსვი კითხვა: „შეგიძლიათ, მიპასუხოთ, რას ნიშნავს „გაბედულება?“ ბევრმა მოსწავლემ ასწია ხელი და კარგი განმარტებებიც მოვისმინე, მაგრამ მინდა გამოვყო ერთი მათგანი. უკანა რიგებში, ერთი მორცხვი გოგონა იჯდა,რომელმაც ასწია ხელი და მშვიდი ხმით თქვა: „მე ვთვლი, გაბედულება არის ის, როცა საკუთარ თავს აღუთქვამ, რომ არასოდეს დანებდე!“
სწორედ რომ, ასეა! ეს არის საუკეთესო განმარტება, რაც კი ოდესმე მსმენია.
პირობა დაუდეთ საკუთარ თავს, რომ არასოდეს დანებდებით!
აბა დაფიქრდით: რამდენი დრო დასჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ სიარული ისწავლოს? რამდენ დროს მისცემდით ჩვეულებრივ ბავშვს, ვიდრე ეტყოდით: „მორჩა! შენ ამოწურე შენი შანსი,“ ხომ მეტყვით,რომ ეს სიგიჟეა. ამის თქმა როგორ შეიძლება?! ამ ქვეყანაზე ყოველი დედა მხოლოდ ასე გიპასუხებდათ: „ჩემი შვილი ეცდება მანამ, ვიდრე სიარულს არ ისწავლის!“
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სიარული.
რა შეიძლება აქედან დავასკვნათ?
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენი ხანი დამჭირდება, რომ ჩემი ოცნებები რეალობად იქცეს?“ ვვარაუდობ, რომ თქვენი პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება!“
ჯიმ რონი