ვუძღვნი ჭშმარიტ თოლია ჯონათანს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს.
,,ამ წიგნით რიჩარდ ბახმა ორი რამ მომანიჭა: ფრენა შემაძლებინა და გამაახალგაზრდავა. ორივესთვის უღრმესი მადლობელი ვარ“.
– რეი ბრედბერი
ამერიკელი მწერალი რიჩარდ ბახი დიდი გერმანელი კომპოზიტორის შთამომავალია. იგი პროფესიით მფრინავია და ხშირად სენტ-ეკზიუპერისაც უწოდებენ. სახელი და დიდება მას ამ მოთხრობამ მოუტანა. ადრინდელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს წარმატება არა ჰქონია. თუმცა, არც ჯონათანის ავტორად თვლის იგი თავს და ამტკიცებს, მხოლოდ მედიუმის როლს ვასრულებდიო. თუკი მწერლის სიტყვებს დავიჯერებთ, ამ მოთხრობას საკმაოდ გასაოცარი ისტორია აქვს. ერთხელ, როცა რიჩარდ ბახი ნისლიან ამინდში მდინარის პირას სეირნობდა, ხმა ჩაესმა: თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ამ ხმის კარნახით იწერებოდა უცნაური თოლიის ამბავი. მაგრამ მოთხრობა არ დამთავრებულა – იდუმალი ხმა ისევე მოულოდნელად გაწყდა, როგორც გაისმა. მწერალი დიდხანს ეცადა მოთხრობა გაეგრძელებინა, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ რვა წლის შემდეგ გაიგონა ხმა და ჯონათანის თავგადასავალიც დაასრულა.
მოთხრობა პირველად 1970 წელს დაიბეჭდა.
ინგლ. თარგმნა გიორგი კვანტალიანმა და ნანა ბათლიძემ.
პირველი ნაწილი
ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე.
ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით თევზსაჭერმა გემმა წყალი ააღელვა, ამ ცნობამ წამიერად მიაღწია სასაუზმოდ გამზადებული გუნდის ყურამდე, რამდენიმე წუთში ათასობით თოლია გემს მიაწყდა და საჭმლის მოსაპოველად ერთმანეთში აირია. დაიწყო რიგითი, ფუსფუსით აღასვსე დღე.
იქით კი, გემისა და ნაპირისგან მოშორებით, ყველასგან განმარტოებით საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებდა თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ჯონათანი ასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა, აპკიანი ფეხები დაუშვა, ნისკარტი ასწია, მორკალული ფრთები წინ გაიშვირა და, ტკივილის მიუხედავად, შეეცადა ეს მდგომარეობა შეენარჩუნებინა. წინ გაწეული ფრთები სიჩქარეს ამცირებდა – ახლა იგი ისე ნელა მიფრინავდა, რომ ნიავი სახეზე ეფერებოდა, ხოლო ოკეანე მის ქვემოთ აღარ მოძრაობდა. ცდის სურვილმა დაიმონა: თვალები მოჭუტა, სუნთქვა შეიკრა და სცადა სულ ცოტათი… არც კი… სულ ერთი დუიმით კიდევ მოეღუნა ფრთები… ბუმბული აეშალა, სიჩქარე მთალდ დაკარგა და ჩამოვარდა.
თოლიები ფრენისას, როგორც მოგეხსენებათ, არც არასდროს მერყეობენ და არც არასდროს ჩერდებიან. ჰაერში გაჩერება მათთვის სახელის გატეხაა, თავის მოჭრაა.
მაგრამ ჯონათან ლივინგსტონი არ ცხრებოდა, ძალების დაძაბვით ისევ მოღუნა აცახცახებული ფრთები – ნელ-ნელა, ნელ-ნელა, და – კვლავ მარცხი. მერე რა! ის ხომ ჩვეულებრივი თოლია არ იყო.
თოლიების უმრავლესობას ფრენა იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ეს მისთვისაა აუცილებელი – გაფრინდეს საჭმლის საშოვნელად და დაბრუნდეს ნაპირზე. მათთვის მთავარია საკვები და არა ფრენა. ჩვენი თოლიასთვის კი მთავარი სწორედ ფრენა იყო და არა საკვები. ფრენა ჯონათან ლივინგსტონს ყველაფერს ერჩია.
მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ მის ამ გატაცებას სხვა ფრთოსნები კეთილი თვალით არ შეხედავდნენ. თვით მისი მშობლებიც ვერ ფარავდნენ შეშფოთებას, როცა ჯონათანი მთელი დღეებით მარტოვდებოდა, თავისთვის ვარჯიშობდა, რატომღაც წყლის ზედაპირთან დაფრინავდა.
იგი ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ ჩერდებოდა ჰაერში მეტხანს, როცა წყლიდან ცალი ფრთის სიმაღლეზე მიფრინავდა და რატომ ეხარჯებოდა ამ დროს ნაკლები ენერგია. დაჯდომისას, ჩვეულებრივ, ორი ფეხით დგაფუნით კი არ ჩადიოდა წყალში, არამედ მკვრივად აკეცილი ფეხებით წყის ზედაპირზე გასრიალდებოდა ხოლმე და გარშემო მდოვრე ნაკადებს გაიყოლებდა. როცა მან ნაპირზეც დაიწყო ქვიშაზე სრიალი და ნაკვალევის ნაბიჯით ზომვა, მშობლები მართლაც სერიოზულად აღშფოთდნენ.
– რატომ, ჯონ, – ჰკითხა დედამ, – რატომ ისე არ იქცევი, როგორც ყველა? რატომ ეჯიბრები დაბლა ფრენაში ვარხვებსა და ალბატროსებს? რატომ არაფერსა ჭამ? ჯონ, შენგან ცარიელი ბურტყლი და ძვლებიღა დარჩა.
– ვიყო ძვალი და ტყავი, მე ეგ სულაც არ მადარდებს, დედილო. მე მინდა ვიცოდე, რა შემიძლია ვაკეთო ჰაერში და რა არა, ეს არის და ეს. უბრალოდ, მინდა ვიცოდე.
– მომისმინე ჯონათან, – უთხრა მამამ დაყვავებით. – ზამთარი მოახლოვდა. თევზსაჭერი გემები სულ უფრო იშვიათად გამოჩნდებიან, თევზი სიღრმეში წავა. სწავლა თუ გსურს, ჯობს საკვების მოპოვება ისწავლო. ფრენა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მარტო ფრენით ხომ ვერ გაძღები. ნუ დაივიწყებ – იმიტომ დაფრინავ, რომ ჭამო.
ჯონათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. რამდენიმე დღეს იგი მართლაც ცდილობდა სხვა თოლიებივით მოქცეულიყო: გაჰკიოდა და თანამოძმეებს ეკინკლავებოდა ნავსადგომებსა და თევზსაჭერ გემებთან, ყვინთავდა თევზისა და პურის ნატეხების დასაჭერად. არაფერი გამოუვიდა.
– რა უაზრობაა, – გაიფიქრა მან და ძლივს დაჭერილი ანჩოუსი უკან დადევნებულ მშიერ მოხუც თოლიას გადაუგდო., – ამ დროს ხომ ფრენის შესწავლას მოვახმარდი. მაინც რამდენი რამ მაქვს შესაცნობი!
– არ გასულა ცოტა ხანი და ჯონათანი ისევ მარტო იყო შორს, ზღვაში: მშიერი, გახარებული, აღტყინებული.
ამჯერად ფრენის სისწრაფეს ამუშავებდა და ერთი კვირის ვარჯიში საკმარისი გამოდგა, რომ სიჩქარის შესახებ მეტი სცოდნოდა, ვიდრე ყველაზე სწრაფ თოლიას ამქვეყნად.
ათასი ფუტის სიმაღლეზე ჯონათანი მკვეთრ პიკეზე გადავიდა და ფრთების ქნევით მთელი ძალით განაგრძო. მაშინ მიხვდა, რატომ იკეცავენ ფრთებს თოლიები პიკირების დროს. უკვე ექვსი წამის შემდეგ, საათში სამოცდაათი მილის სიჩქარით ეშვებოდა, ამ სიჩქარეზე ფრთა აქნევისას მდგრადობას კარგავს.
ყველა ცდა უშედეგოდ მთვარდებოდა. ყოველ ღონეს ხმარობდა, ძალებს უკიდურესად ძაბავდა, სულ ტყუილად – დიდ სიჩქარეზე მართვის კონტროლს ვეღარ ინარჩუნებდა.
ისევ ათასი ფუტის სიმაღლე, ძლიერი ბიძგი წინ, გადასვლა პიკეში, ფრთების ძალუმად ქნევა და ვერტიკალურად ვარდნა. ყოველ ცდაზე მარცხენა ფრთა აქნევისას რატომღაც უშეშდებოდა, თვითონაც მარცხნივ იხრებოდა; მარჯვენა ფრთას აჩერებდა, რათა წონასწორობა აღედგინა, მაგრამ მარჯვნივ ყირავდებოდა და თითქოს ცეცხლში იხრაკებაო, ბზრიალით ვარდებოდა.
დიდი გარჯის მიუხედავად ფრთის აქნევა არ გამოუდიოდა. ათჯერ სცადა, ათივეჯერ, როგორც კი სიჩქარე საათში სამოცდაათ მილს გადააჭარბებდა, თავს ვეღარ იმორჩილებდა, აბურძგნილი ბუმბულების გროვას ემსგავსებოდა და წყალს ენარცხებოდა.
– აჰა, გასაგებია, – როგორც იქნა, მიხვდა ჯონათანი, როცა არც ერთი მშრალი ბუმბული აღარ შერჩა, – დიდ სიჩქარეზე ფრთები არ უნდა ამოძრაო: ორმოცდაათ მილამდე შეგიძლია იქნიო, მერე კი ერთ მდგომარეობაში უნდა გეჭიროს.
შემდეგი ცდა ორი ათასი ფუტის სიმაღლიდან დაიწყო. პიკეში შესვლისას ნისკარტი წინ გაიშვირა და ფრთები გაშალა; როგორც კი საათში ორმოცდაათი მილი განავითარა, ფრთების ქნევა შეწყვიტა. მართალია, ამისთვის ძალების უდიდესი დაძაბვა დასჭირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ათი წამის განმავლობაში ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით მოქროდა. ჯონათანმა თოლიებს შორის ჩქაროსნული ფრენის მსოფლიო რეკორდი დაამყარა!
მაგრამ გამარჯვების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც კი პიკედან გამოსვლა მოინდომა, როგორც კი ფრთების მოხრილობა შეცვალა, მართვა დაკარგა და ისევ ულმობელ ქარბუქში მოხვდა; თავი ვეღარ შეიკავა და ქვასავით გამაგრებულ წყალს დაასკდა.
გონს რომ მოეგო, კარგა ხნის დაღამებული იყო, მის მოტივტივე სხეულს მთვარის შუქი დაჰნათოდა. დაფლეთილი ფრთები რკინის ნაჭრებად ქცეოდა და მაინც, დამარცხების სიმძიმე ბევრად მეტ ტვირთად აწვა. თითქოს ინატრა კიდეც, ეს სიმძიმე საკმარისი ყოფილიყო, რათა თოლიას სხეული ნელ-ნელა ფსკერამდე ჩაეყვანა და ყველაფერი დასრულებულიყო.
უკვე იძირებოდა, როცა შიგნიდან წამოსული რაღაც უცნობი, დახშული ხმა შემოესმა: ,,გამოსავალი არ არის. მე თოლია ვარ. ის უნდა ვაკეთო, რისთვისაც ბუნებამ შემქმნა. იმისთვის რომ ვყოფილიყავი გაჩენილი, ფრენის შესახებ ამდენი გამეგო, ტვინის ნაცვლად თავში სქემები მედებოდა. ჩქაროსნული ფრენისთვის რომ დავბადებულიყავი, შევარდენივით მოკლე ფრთები მექნებოდა და თევზების ნაცვლად თაგვებზე ვინადირებდი. მართალია მამაჩემი, უნდა შევეშვა ამ უაზრობას. დავბრუნდები შინ, მშობლიურ გუნდში და დავკმაყოფილდები იმით, როგორიცა ვარ – საბრალო, სუსტი თოლია“.
ხმა მიწყდა, ჯონათანი დაეთანხმა. ღამით თოლია ნაპირზე უნდა იყოს და არა ზღვაში, ამიერიდან ისიც წესიერი თოლია იქნება. ყველასთვის ასე აჯობებს.
ჩამუქებული წყლიდან გაჭირვებით აზიდა სხეული და ნაპირისკენ გასწია, თან კმაყოფილი იყო, რომ მცირე სიმაღლეზე ძალების დაუხარჯავად შეეძლო ფრენა.
,,არა, არა, – გაიფიქრა თოლიამ, – ძველებურად ცხოვრება არაფერს მარგებს, არც ის, რაც მისწავლია. მე ისეთივე თოლია ვარ, როგორც სხვა ნებისმიერი და მეც ისევე ვიფრენ, როგორც დანარჩენები დაფრინავენ.“ დიდი წამებით ას ფუტამდე და ფრთების ენერგიული ქნევით ნაპირისკენ წავიდა.
გადაწყვეტილების მიღებამ შვება მოჰგვარა – აწი გუნდთან ერთად ჩვეულებრივად იცხოვრებს. შემეცნების მომქანცველ გზაზე სიარულისგან თავისუფალია: აღარც ბრძოლა ელის, აღარც დამარცხება. მაინც რა სასიამოვნოა – არაფერზე ფიქრობდე და წყვდიადიდან ხმელეთის ჩირაღდნებისკენ მიფრინავდე.
– სიბნელე! – გამაფრთხილებლად გაისმა დახშული ხმა. – სიბნელეში თოლიები არ დაფრინავენ!
მაგრამ ჯონათანს მისი მოსმენა აღარ უნდოდა. რა მშვენიერია აქაურობა: სავსე მთვარე, წყალზე მოთამაშე მკრთალი ათინათი – მოკიაფე ვარსკვლავებად რომ იფანტება ხოლმე, ირგვლივ კი, საოცარი სიმშვიდე და მყუდროება…
– დაეშვი! თოლიები სიბნელეში არ დაფრინავენ! ბნელში საფრენად რომ გაჩენილიყავი, ბუს თვალები გექნებოდა! ტვინის ნაცვლად სქემები გედებოდა! შევარდენის მოკლე ფრთები გებმებოდა!
იქ, წყლიდან ასი ფუტის სიმაღლეზე, ღამის წყვდიადში ჯონათან ლივინგსტონმა თვალები მოჭუტა. ტკივილი და წეღანდელი გადაწყვეტილება უკვალოდ გამქრალიყო.
მოკლე ფრთები! შევარდენის მოკლე ფრთები!
,,ეს ხომ ხსნაა! რა სულელი ვარ! სულ პატარა, ერთი ციცქნა ფრთები მჭირდება – ეს არის და ეს! თურმე დაიწყვე ფრთები და მარტო ბოლოები ამოძრავე. მოკლე ფრთები!
იგი მაღლა აფრინდა და მრუმე ზღვას ორი ათასი ფუტით დაშორდა. მარცხზე ან სიკვდილზე არც უფიქრია, ფრთები მჭიდროდ შეიკეცა, მხოლოდ ხანჯლებივით ვიწრო ბოლოები მიუშვირა ქარს და თავქვე დაეშვა.
ქარი ურჩხულივით ღრიალებდა, სიჩქარე მატულობდა – სამოცდაათი მილი საათში, ოთხმოცდაათი, ას ოცი, კიდევ მეტი. ახლა საათში ას ორმოცი მილის სიჩქარეზე ფრთების ნაკლები დაძაბვა უხდებოდა, ვიდრე უწინ სამოცდაათით ფრენისას; ფრთის ბოლოების მცირე მობრუნებაც საკმარისი გამოდგა, რათა პიკედან გამოსულიყო და მთვარის შუქით განათებულს შურდულივით გაექროლა ტალღების თავზე.
ქარი ისე სცემდა სახეში, თვალს ვერ ახელდა, სიხარულმა მოიცვა… ,,ას ორმოცი მილი საათში! თანაც მართვის დაუკარგავად! ორის მაგიერ ხუთი ათასი ფუტიდან რომ დავიწყო პიკირება, ნეტა რა სიჩქარეს…“
წინანდელი ფიქრები თითქოს ქარიშხალმა გაფანტაო, დავიწყებას მიეცა. ჯონათანმა, მართალია, დათქმული პირობა დაარღვია, თავს დამნაშავედ მაინც არ გრძნობდა. ასეთი დაპირებები, მხოლოდ იმ თოლიებს ზღუდავენ, რომლებიც ყოველდღიურობას ვერ გასცილებიან.
მას კი, ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება.
განთიადისას ჯონათანი ისევ ჰაერში იყო. ხუთი ათასი ფუტის სიმაღლიდან თევზსაჭერი გემები წყლის ცისფერ ზედაპირზე ნაფოტებად მოჩანდნენ, სასაუზმოდ გამზადებული თოლიების გუნდი ნისლის მოძრავ ნაგლეჯს დამსგავსებოდა.
თოლია აგზნებული მიფრინავდა, სიხარულით ცოტათი კიდეც თრთოდა, ეამაყებოდა, შიში რომ დასძლია. შემდეგ, ზედმეტი მომზადების გარეშე, ფრთები შეიკეცა, ფრთის მოკლე ბოლოები კუთხეებად გაიშვირა და პიკეზე გადავიდა. ოთხი ათასი ფუტის გალევისას ზღვრულ სიჩქარეს მიაღწია, ქარი ხმაურიან მსუსხავ სხეულად იქცა და სიჩქარის მომატებას შეუძლებელს ხდიდა. ახლა იგი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარით შვეულად ეშვებოდა. ნერწყვი გადაყლაპა, მშვენივრად ესმოდა, ასეთ სიჩქარეზე ფრთები რომ გაშლოდა, მილიონ ნაკუწად იქცეოდა; მაგრამ სისწარფე იყო ძლიერება, იყო სიხარული და იყო სილამაზე.
ათასი ფუტის სიმაღლიდან პიკედან გამოსვლა დაიწყო, ძლიერი ქარისაგან ფრთების ბოლოები დაფლეთოდა. გემი და თოლიების გუნდი გვერდზე გადაიხარნენ და კატასტროფულად იწყეს ზომაში მატება, პირდაპირ იქით მიექანებოდა.
გაჩერება არ შეეძლო. ისიც კი არ იცოდა, ამ სიჩქარეზე როგორ უნდა მოეხვია.
შეჯახება უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა
თვალები დახუჭა.
დიახ, იმ დღეს ისე მოხდა, რომ როცა მზე ამოვიდა, თვალდახუჭული ჯონათან ლივინგსტონი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარითა და ყურისწამღები სივსივით მოსაუზმე თოლიების გუნდის შუაგულში შეიჭრა. ამჯერად ბედმა გაუღიმა – არავინ დაშავებულა.
იმ დროს, როცა ნისკარტი ცისკენ აიშვირა, ჯერ კიდევ საათში ას სამოცი მილის სიჩქარით მიქროდა. ხოლო როცა სიჩქარე ოც მილამდე დაიყვანა და, ბოლოს და ბოლოს, ფრთების გაშლა შეძლო, გემი ოთხი ათასი ფუტის იქით დარჩენილიყო და წყლის ზედაპირზე ნამცეცივით მოჩანდა.
ჯონათანი ზეიმობდა. ზღვრული სიჩქარე! ორას თორმეტი მილი საათში თოლიასათვის! ეს იყო გარღვევა, განუმეორებელი შემთხვევა გუნდის ისტორიაში; ამ წუთიდან ჯონათანის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილდა, თავის საწვრთნელ სივრცეში რვა ათას ფუტზე აფრინდა, პიკეზე გადასასვლელად ფრთები შეიკეცა და მაშინვე აღმოაჩინა, როგორ უნდა მოეხვია.
მიხვდა, რომ ძალიან დიდი სიჩქარისას ფრთის ბოლოზე ერთი ბუმბულის ოდნავი გადაწევაც საკმარისია ფართო, მდოვრე მოხვევისათვის. მაგრამ სანამ ამას გაიგებდა, იმასაც მიხვდა, რომ ასეთი სიჩქარისას ერთზე მეტი ბუმბულის ამოძრავება თოფის ტყვიასავით ბზრიალს იწვევდა და… მოკლედ, ჯონათანი პირველი თოლია იყო დედამიწის ზურგზე, უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებს რომ დაეუფლა.
იმ დღეს სხვა თოლიებთან საუბარში დრო აღარ დაუკარგავს, მზე კარგა ხნის ჩასული იყო, ის კი ისევ დაფრინავდა. მკვდარი მარყუჟი, შენელებული და მრავალბრუნიანი კასრი, გადაბრუნებული შტოპორი, უკუ იმელმანი, ვირაჟი – მიყოლებით აითვისა.
ჯონათანი ნაპირზე თავმოყრილ თოლიების გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. საშინლად დაღლილიყო და თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ დაშვებისას ერთი მკვდარი მარყუჟი კიდევ გააკეთა სიამოვნებით, ხოლო დაჯდომამდე სწრაფი კასრის შესრულებაც მოასწრო. ,,როცა გარღვევის შესახებ შეიტყობენ, აღტაცებაში მოვლენ, – ფიქრობდა თოლია. – რამდენად საინტერესო გახდება ცხოვრება! ნაცვლად იმისა, რომ აქეთ-იქით ვიწანწალოთ თევზსაჭერ გემებთან, ცხოვრება აზრს შეიძენს! უმეცრების ბინდბუნდიდან გამოვალთ, სრულყოფილი და ყოვლისშემძლე გავხდებით, ჩვენ მივაღწევთ თავისუფლებას! ჩვენ ფრენას ვისწავლით!“
მომავლის ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.
თოლიები ერთად შეჯგუფებულიყვნენ – სათათბირო შეკრებილიყო. ჩანდა, დიდხანს ისხდნენ ასე. მართლაც, მის გამოჩენას ელოდნენ.
,,ჯონათან ლივინგსტონ! დადექი ცენტრში!“ – გაისმა უხუცესის მედიდური ხმა. ცენტრში ჩადგომა ან უდიდეს შერცხვენას, ან უდიდეს პატივს ნიშნავდა. ამგვარ პატივს თოლიები მხოლოდ გამორჩეულ ბელადებს მიაგებდნენ. ,,ეჭვი არაა, გუნდმა ამ დილით, საუზმობისას, ჩემი გარღვევა შეამჩნია, – გაიფიქრა თოლიამ. – მაგრამ ასეთი პატივი რა საჭიროა. მე ბელადობა სულაც არ მინდა. მე მხოლოდ ის მინდა გავუზიარო, რაც აღმოვაჩინე, ის უსაზღვრო სივრცეები დავანახო, ჩვენ წინ რომ გადაშლილა“. – ჯონათანი ცენტრში დადგა.
ჯონათან ლივინგსტონ, შენი თანაგუნდელების წინაშე შერცხვენილად ცხადდები!“ – განაცხადა უხუცესმა.
თითქოს თავში კეტი ჩასცხესო. მუხლებში სისუსტე ირგძნო, ბუმბული ჩამოეშალა, ყურებში რაღაც გუგუნებდა. სამარცხვინო ცენტრი? შეუძლებელია! გარღვევა! ეტყობა ვერ გაიგეს! ისინი შეცდნენ, აშკარად შეცდნენ!
,,…დაუფიქრებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მისთვის რომ თოლიების და ოჯახის ღირსება და ადათი შელახე…“ – ზვიადად განაგრძობდა ხმა.
სამარცხვინო ცენტრი გუნდიდან გაძევებას და შორეულ კლდეებზე მარტოდ-მარტო გადასახლებას ნიშნავდა.
,,…მოვა დრო, ჯონათან ლივინგსტონ, როცა მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობა არაფერს გარგებს. ცხოვრების არსი ჩვენთვის უცნობი და შეუცნობადია, ერთია მხოლოდ ნათელი – ამქვეყნად იმიტომ მოვსულვართ, რომ ვჭამოთ და იქამდე ვიცოცხლოთ, სანამ გავძლებთ.“
თოლიები სათათბიროს, როგორც წესი, არასოდეს ეკამათებიან, ჯონათანის ხმამ კი სიჩუმე დაარღვია.
– უპასუხისმგებლობა? ძმებო! – წამოიძახა მან. – რა არის უპასუხისმგებლობა? ის რომ არსებობის უმაღლეს აზრს, დანიშნულებას ჩავწვდი და მას ვიცავ? ათასი წლები გადის, დავყიალებთ თევზის საძებნელად. ახლა ჩვენმა ცხოვრებამ სხვა აზრი შეიძინა – ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე…
გუნდი თითქოს გაქვავდაო.
– შენ აღარ ხარ ჩვენი ძმა, – ერთხმად ჩაილაპარაკეს თოლიებმა, მედიდურად დაიხშეს ყურები და ზურგი აქციეს.
ჯონათანმა დარჩენილი დღეები სიმარტოვეში გაატარა. შორეულ კლდეებზე არ გაჩერებულა, უფრო იქით გადაფრინდა. მარტოობა არ ადარდებდა, იმაზე წუხდა, რომ თოლიებმა არ ისურვეს დაეჯერებინათ ფრენის სიდიადე, არ ისურვეს თვალის გახელა და დანახვა.
ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობდა, აღმოაჩინა, ჩქაროსნული დაშვების შედეგად ათი ფუტის სიღრმიდან იშვიათი, გემრიელი თევზის ამოყვანა შეიძლებოდა ოკეანიდან. ამიერიდან თევზსაჭერი გემები და პურის ნამცეცები აღარ სჭირდებოდა. ჯონათანმა ჰაერში ძილიც ისწავლა, ღამით, როცა ხმელეთის ქარი უბერავდა, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე მიმართულების დაუკარგავად ასობით მილს ფარავდა. იმავე შინაგანი ინტუიციის მეოხებით შეეძლო ზღვაზე ჩამოწოლილი ხშირი ნისლისთვის თავი დაეღწია და ლაჟვარდოვან ცაში აჭრილიყო… მაშინ, როცა, სხვა თოლიები მიწაზე ისხდნენ და ვერც კი წარმოედგინათ, ბურუსისა და წვიმის გარდა თუ არსებობდა რამე. მან ისწავლა, როგორ შეჰყოლოდა სიმაღლის ქარს ხმელეთის სიღრმეში, სადაც მსუყე მწერებით იტკბარუნებდა ხოლმე პირს.
მარტოკას მოუწია იმით სარგებლობა, რისი განდობაც მთელი გუნდისთვის სურდა. ჯონათანმა ფრენა ისწავლა და არ ნანობდა, ამ ფასად რომ დაუჯდა. მიხვდა, რომ მოწყენილობა, შიში და ღვარძლი უმოკლებდნენ თოლიებს სიცოცხლეს. მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ჭეშმარიტად ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრება განვლო.
ერთ საღამოს ისინი მოფრინდნენ. ჯონათანი, ჩვეულებრივ, მარტოდმარტო დანავარდობდა საყვარელ ცაში. მის ფრთებთან საიდანღაც გაჩენილი ორი თოლია ვარსკვლავივით ელვარებდა და ნაზ, სასიამოვნო შუქს ღვრიდა დაისის მწუხრში. კიდევ უფრო გასაოცარი მათი ფრენის ტექნიკა იყო – ისე ზუსტად მოძრაობდნენ, რომ ერთდუიმიანი დაშორება მათსა და ჯონათანის ფრთებს შორის არ ირღვეოდა.
ჯონათანს ხმა არ გაუცია, ისეთი გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც აქამდე ვერც ერთი თოლია ვერ ასრულებდა. მან ფრთები ისე გაშალა, რომ სიჩქარე მინიმუმამდე დაიყვანა – ცოტაც და ვარდნა გარდუვალი იქნებოდა. სხივმფენმა თოლიებმაც ისე შეანალეს სვლა, მანძილი არ დაურღვევიათ. მათ იცოდნენ ნელი ფრენა.
ჯონათანმა ფრთები შეიკვეცა. ამოტრიალდა და საათში ას ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით წამოვიდა. ისინი არც ამჯერად დაშორებიან, ძველებურად გვერდით მიჰყვებოდნენ.
დასასრულ იგი იმავე სიჩქარეზე გრძელ ვერტიკალურ, შენელებულ კასრზე გადავიდა. უცნობი თოლიები ჰარმონიულად მოქმედებდნენ და ეღიმებოდათ.
ჯონათანმა ჰორიზონტალური მდგომარეობა აღიდგინა და ცოტა ხანს ჩუმად მიფრინავდა. ,,ძალიან კარგი, – თქვა ბოლოს, – ვინა ხართ?“
– ჩვენ შენი გუნდიდან ვართ, ჯონათან, შენი ძმები ვართ, – ისინი მშვიდად და დამაჯერებად ლაპარაკობდნენ. – შენ წასაყვანად მოვედით; მაღლა, შინ უნდა დავბუნდეთ.
– მე ,,შინ“ არ გამაჩნია, არც გუნდი. მე გაძევებული ვარ. ჩვენ ახლა ქართა დიადი მთის თავზე მივფრინავთ, რამდენიმე ასეულ ფუტზე კიდევ შემიძლია ავიტანო ჩემი მობერებული სხეული, მაგრამ მეტზე – არა.
– შეგიძლია ჯონათან, ამასაც შეძლებ, რადგან სწავლობდი. შემეცნების პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა დროა, შემდეგზე გადახვიდე.
ეს სიტყვები უნათებდა ცხოვრების გზას მუდამ, ამიტომ ახლაც უმალ მიხვდა. ისინი სიმართლეს ამბობდნენ – მას შეეძლო კიდევ უფო მაღლა აფრენა და შინ დაბრუნება.
ჯონათანმა უკანასკნელად მოავლო ხანგრძლივი მზერა ცას – ესოდენ მიმზიდველ ლაჟვარდოვან სამყაროს, სადაც ამდენი ცოდნა შეიძინა.
– მე მზად ვარ. – განაცხადა ბოლოს.
ჯონათან ლივინგსტონი ვარსკვლავივით ბრწინვალე ორი თოლიას თანხლებით მაღლა აფრინდა და უკუნით მოსილ ცაში გაუჩინარდა.
მეორე ნაწილი
ეს ალბათ ზეცაა, გაიფიქრა თოლიამ და უნებურად გაეღიმა. დიდი ვერაფერი ზრდილობაა ზეცის რაობაზე ფიქრი, როცა ეს-ესაა იქ მოხვდი.
ახლა, როცა მიწას დაშორდა და სხივმფენი თოლიების თანხლებით ღრუბლებს ასცლიდა, შეამჩნია, რომ მისმა სხეულმაც იმათ მსგავსად დაიწყო ელვარება. თუმცა გარეგნულად შეიცვალა, ისევ ის მარად ჭაბუკი თოლია იყო, რომელიც მუდამ ცოცხლობდა მისი ოქროსფერი თვალების მიღმა.
თითქოს ესეც იმ თოლიას სხეული იყო, და მაინც, ასე კარგად ადრე არასოდეს უფრენია. ,,რა საინტერესოა, – ფიქრობდა ჯონათანი, – ნახევარი ძალით ორჯერ უფრო სწრაფად ფრენა და ორჯერ მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრების საუკეთესო დღეებში“.
თეთრი ბუმბული თვალისმომჭრელად უბრწყინავდა. ფრთები გლუვი გაუხდა და გაკრიალებულ ვერცხლის ფირფიტებს დაემსგავსა. იგი აღტაცებით შეუდგა ახალი ფრთების გამოცდას და მათში ძალების მოზღვავება იგრძნო.
როცა საათში ორას ორმოცდაათი მილის სიჩქარეს მიაღწია, იგრძნო, რომ ჰორიზონტალური ფრენის მაქსიმალურ სისწრაფეს უახლოვდებოდა. ორას სამოცდაცამეტზე რომ ავიდა, მიხვდა, მეტს ვეღარ მოუმატებდა და ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა. თურმე მისი ახალი სხეულის შესაძლებლობებიც განსაზღვრული ყოფილა. მართალია, ძველი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მაგრამ ზღვარი მაინც არსებობდა და მის დასაძლევად უდიდესი ძალების მოკრება იქნებოდა საჭირო. ,,ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს“, – გაიფიქრა მან.
ღრუბელი გაიხსნა, ,,გზა მშვიდობისა ჯონათან“, – მიაძახეს გამყოლმა თოლიებმა და ჰაერშივე გაუჩინარდნენ.
ჯონათანი ზღვის თავზე მიფრინავდა და კლდოვან ნაპირს უახლოვდებოდა. რამდენიმე თოლია ადგილიდან აფრენას ამუშავებდა. შორს ჩრდილოეთით, ჰორიზონტთან ახლოს, სხვები დაფრინავდნენ. ახალი სივრცეები, ახალი ფიქრები, ახალი კითხვები. ,,რატომ არიან აქ ასე ცოტა თოლიები?“ ზეცა თოლიების გუნდებით უნდა იყოს სავსე! რატომ დავიღალე ასე მალე? აკი ზეცაში თოლიები არასოდეს იღლებიან და არ ეძინებათ“.
სად სმენია ამის შესახებ? მის მეხსიერებაში დედამიწაზე გატარებული ცხოვრების სურათები თანდათან ფერმკრთალდებოდა. მიწა ის ადგილი იყო, სადაც დიდი ცოდნა დააგროვა, მაგრამ იქ რა ხდებოდა, დაწვრილებით ვეღარ იგონებდა. ახსოვდა თოლიების ჭინჭყლობა საჭმლისათვის, ისიც ახსოვდა, გაძევებული რომ იყო.
ნაპირს რომ მიუალოვდა, თხუთმეტამდე თოლია შემოეგება. ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ჯონათანმა იგრძნო, რომ მისი მოსვლა გაუხარდათ და აქ იყო მისი საბუდარი. ის დღე ძალიან გრძელი იყო, იმდენად გრძელი, რომ მზის ამოსვლა აღარც ახსოვდა.
დასაჯდომად ნაპირისკენ მიტრიალდა, ფრთები აიქნია, ერთი დუიმის სიმაღლეზე ჰაერში შეჩერდა და რბილად დაეშვა ქვიშაზე. სხვა თოლიებიც დასხდნენ, მაგრამ ამისთვის ბუმბულის შერხევა დასჭირდათ მხოლოდ. ისინი გაშლილი ქათქათა ფრთებით რწევა-რწევით მიჰყვნენ ნიავს, მერე ბუმბულების მდგომარეობა როგორღაც შეცვალეს და ზუსტად მაშინ გაჩერდნენ, რა წამსაც ფეხებით მიწას მისწვდნენ. მშვენიერი მანევრი იყო, მაგრამ ჯონათანი ისე მოიქანცა, გამეორება აღარ უცდია. სიტყვა არ დაუძრავს, იჯდა ქვიშაზე და ეძინა.
ჯონათანი პირველსავე დღეებში მიხვდა, რომ ფრენის შესახებ აქ მას არანაკლები სიახლის შეცნობა მოუწევდა, ვიდრე წინანდელ ცხოვრებაში. თუმცა განსხვავებაც იყო – აქ მის თანამოაზრე თოლიებთან ჰქონდა ურთიერთობა. ყოველი მათგანისთვის ცხოვრებაში მთავარი იყო ფრენის საიდუმლოებას ჩასწვდომოდა, ფრენას სრულყოფილად დაუფლებოდა; ეს მათი უსაყვარლესი საქმიანობა იყო. ისინი საოცრად მომხიბლავი ფრინველები იყვნენ; დაუზარებლად, მთელი საათობით ამუშავებდნენ ფრენის ტექნიკას და მართვის ახალ მეთოდებს ცდიდნენ.
დრო გადიოდა და ჯონათანს თანდათან დაავიწყდა ის სამყარო, საიდანაც მოვიდა, ის ადგილები, სადაც მისი გუნდის თოლიები ბინადრობდნენ, თოლიები, რომელთაც ფრენის სილამაზე ვერ შეეგნოთ და ფრთებს მხოლოდ საკვების ძებნასა თუ ერთმანეთთან ჭიდილში ხმარობდნენ. მაგრამ ხანდახან უცაბედად აგონდებოდა
იმ დილითაც ასე მოხდა. როცა რამდენიმე ჩქარი კასრის შესრულების შემდეგ მასწავლებელთან ერთად ნაპირზე ისვენებდა, მშოლიური მხარე გაახსენდა.
–სხვები სად არიან სალივან? – შეეკითხა იგი უხმოდ, რადგან უკვე კარგად ფლობდა ტელეპატიას, რომელსაც აქაური თოლიები იყენებდნენ ჩხავილისა და ყვირილის ნაცვლად. – ასე ცოტანი რატომ ვართ? იცი, სადაც მე ვცხოვრობდი…
– ათასობით თოლია სახლობდა, ვიცი – კვერი დაუკრა სალივანმა. – მაგის პასუხად ის მომდის თავში, ჯონათან, რომ შენისთანა თოლია მილიონში ერთია. უმეტესი ჩვენთაგანი წინ ძალიან ნელა მიიწევს. ჩვენ ერთი ცხოვრებიდან მეორე მსგავს ცხოვრებაში ისე გადავდივართ, რომ გვავიწყდება, საიდან მოვედით, არ გვადარდებს, საით მივყავართ რაღაც ძალებს, მთავარია, დღეს ვიყოთ კარგად. წარმოიდგინე, რამდენი სიცოცხლე უნდა გავიაროთ, სანამ პირველად დაგვებადება ეჭვი, რომ ცხოვრება არ არის მარტო ძღომა, მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება. ათასი სიცოცხლე, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი, ვიდრე დაიწყებთ მიხვედრას, რომ არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრუყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ. იგივე კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მოქმედებს. აქ რასაც შევიმეცნებთ, იმის შესაბამისად ვირჩევთ მომავალ ცხორებას. თუ ახალი არაფერი ვისწავლეთ, შემდეგი ცხოვრებაც ამის მსგავსი იქნება, იგივე წინაღობებითა და ბორკილებით.
სალივანმა ფრთები გაშალა და სახე ქარს მიუშვირა.
– მაგრამ შენ, ჯონ, – განაგრძო მან. – ისე სწრაფად აითვისე ყველაფერი, რომ აქამდე მოსასვლელად ათასი ცხოვრების გავლა არ დაგჭირვებია.
ცოტა ხანში ისინი კვლავ აფრინდნენ და წვრთნა განაახლეს. პარალელური კასრის შესრულება საკმაოდ რთული იყო. თავქვე რომ მოფრინვდა, ჯონათანს ერთდროულად უნდა ეფიქრა, ფრთები როგორ მოეხარა და მასწავლებელთან შეთანხმებულად როგორ ემოძრავა.
–ერთიც ვცადოთ, – იმეორებდა სალივანი. – ერთხელ კიდევ.
ბოლოს, როგორც იქნა, კარგიაო, თქვა და გარე მარყუჟის დამუშავებას შეუდგნენ.
ერთ საღამოს ღამის ფრენისგან თავისუფალი თოლიები ჩაფიქრებულნი ისხდნენ ქვიშაზე. ჯონათანმა მთელი გამბედაობა მოიკრიბა და უხუცეს თოლიას მიუახლოვდა. ამბობდნენ, რომ იგი მალე აპირებდა ამ ქვეყნიდან წასვლას.
– ჩიანგ, – მიმართა აღელვებულმა ჯონათანმა.
მოხუცმა თოლიამ ალერსიანად შეხედა: ,,გისმენ შვილო“, უხუცესი ნაცვლად იმისა, რომ წლებთან ერთად დასუსტებულიყო, სულ უფრო ძლიერდებოდა.
ყველა თოლიაზე სწრაფად დაფრინავდა და სრულყოფილად ფლობდა ისეთ ილეთებს, სხვები რომ მხოლოდ ეცნობოდნენ.
– ჩიანგ, ეს ზეცა არ არის, ხომ მართალია?
მთვარე ანათებდა, უხუცესმა გაიღიმა
– შენ ჯერ კიდევ სწავლობ, ჯონათან, – თქვა მან.
– კარგი, მაგრამ წინ რა გველოდება? საით მივდივართ? ნუთუ არ არსებობს ისეთი ადგილი, ზეცა რომ ჰქვია?
– არა, ჯონათან, ეგეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა. – უხუცესი წუთით დადუმდა. -რამდენადაც ვიცი, შენ ძალიან ჩქარა დაფრინავ, არა?
– მე? … მე მიყვარს სისწრაფე. – ჯონათანი შეცბა და ამავე დროს, ეამა უხუცესის ყურადღება.
– ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ. ეს არ ნიშნავს ათასი-მილი საათში, ან მილიონი ან თუნდაც სინათლის სიჩქარე განავითარო, რამეთუ ნებისმიერი რიცხვი მაინც ზღვარია, სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს – გაჩნდე იქ.
ჩიანგს მეტი არაფერი უთქვამს, უცაბედად გაქრა და იმავე წამს წყლის პირთან გაჩნდა – დაახლოებით ორმოცდაათი ფუტის დაშორებით უწინდელი ადგილიდან. შემდეგ კვლავ გაუჩინარდა და წამის მეათედში ისევ ჯონათანის გვერდით აღმოჩნდა. ეს ისე, ხუმრობით – უთხრა მან.
ჯონათანი განცვიფრებული მისჩერებოდა, სულ დაავიწყდა ზეცის შესახებ რომ ეკითხებოდა.
– როგორ ახერხებთ ამას? რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს? რა მანძილზე შეგიძლიათ ფრენა?
– ნებისმიერ მანძლზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ, – უპასუხა მან. მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია. – ჩიანგმა ზღვას გახედა. – უცნაურია, ის თოლიები, მოგზაურობის გულისთვის სრულყოფილებას რომ უარყოფენ, სინამდვილეში ვერსად მიდიან. ხოლო ვინც მოგზაურობას თმობს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მთელ სამყაროს მოივლის ხოლმე. დაიხსომე, ჯონათან, ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება, რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ. ზეცა…
– შეგიძლიათ ასე ფრენა მასწავლოთ? – ახალი საიდუმლოს დაუფლების წინათგრძნობამ ჯონათანი ააკანკალა.
– რასაკვირველია, თუკი გსურს.
– ძალიან, ძალიან მინდა. როდის დავიწყებთ?
– შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ, საწინააღმდეგო თუ არაფერი გაქვს.
– თქვენსავით მინდა ვიფრინო. მითხარით რა გავაკეთო. – თქვა ჯონათანმა და თვალებში საოცარი სინათლე ჩაუდგა.
ჩიანგი წყნარად ლაპარაკობდა და უმცროს მეგობარს ყურადღებით აკვირდებოდა.
– ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი…
ძირითადი არსი, ჩიანგის თქმით, ის იყო, რომ ჯონათანს უნდა დაეძლია წარმოდგენა, თითქოს მისი არსება ტყვე იყო სხეულისა, რომელსაც ოცი დუიმის სიგრძის ფრთები ჰქონდა გამობმული და წინასწარდადგენილი შესაძლებლობებით იყო შეზღუდული. მთავარი იყო მიხვედრილიყო, რომ მისი ჭეშმარიტი ,,მე’’, ისეთივე სრულყოფილი, როგორც დაუწერელი რიცხვი, ერთდროულად არსებობდა სამყაროს ყველა წერტილში და დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ჯონათანი დღითი დღე სულ უფრო თავგამეტებით ვარჯიშობდა. განთიადიდან შუაღამემდე ჰაერში იყო. ასეთი მონდომების მიუხედავად წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია.
– ამოიგდე რწმენა თავიდან! – უმეორებდა ჩიანგი. – ფრენის სასწავლად რწმენა არ დაგჭირვებია. ფრენის შეცნობა დაგჭირდა. ახლაც ზუსტად იგივეა საჭირო. მოდი, კიდევ სცადე…
ერთხელ, როცა ჯონათანი თვალდახუჭული იჯდა ნაპირზე და გონება დაეძაბა, უეცრად იაზრა რას სთხოვდა ჩიანგი. ,,ჭეშმარიტად! მე სრულყოფილი თოლია ვარ, ჩემი შესალებლობები უსაზღვროა!“ მან სიხარულის უზომო მოზღვავება იგრძნო.
– კარგია! – ჩიანგის ხმაში გამარჯვების ნოტები აჟღერდა.
ჯონათანმა თვალი გაახილა. უხუცესის გვერდით მარტოდმარტო იდგა სრულიად უცხო ნაპირზე, წყლის პირას ხეები ყვაოდა. ორი ტყუპისცალი მზე თავს დასდგომოდა.
– როგორც იქნა, მიხვდი, – უთხრა ჩიანგმა. – ოღონდ მართვაზე მოგიწევს ცოტა ვარჯიში…
– სადა ვართ? – ჯონათანი გონს ვერ მოსულიყო.
უცხო გარემოს უხუცესზე არ უმოქმედია. ,,როგორც ჩანს, რომელიღაც ისეთ პლანეტაზე ვართ, რომლის მწვანე ზეცაშიც ორი მზე მოძრაობს“.
– გამოვიდა! – აღმოხდა ჯონათანს! აღტაცების შეძახილი, რაც დედამიწა დატოვა, ეს პირველად ამოიღო ხმა.
– რა თქმა უნდა, გამოვა, ჯონ, – უთხრა ჩიანგმა. – ყოველთვის გამოდის, როცა იცი რას აკეთებ. ახლა, რაც შეეხება მართვას…
ბინდდებოდა, როცა შინ დაბრუნდნენ. თოლიების ოქროსფერ თვალებში შიშს ჩაებუდა და ჯონათანს მისჩერებოდნენ: მათ აშკარად დაინახეს, როგორ გაქრა იმ ადგილიდან, მანამდე რომ გაუნძრევლად იჯდა.
ჯონათანმა მილოცვას ყური არ ათხოვა. ,,მე აქ ახალბედა ვარ! მე მხოლოდ ვიწყებ. მე თქვენთან უნდა ვსწავლობდე!“
– რა საინტერესოა, ჯონ – ჩაულაპარაკა გვერდით მდგომმა სალივანმა. -ათი ათასი წლის მანძილზე ერთი თოლიაც არ შემხვედრია, შენსავით უშიშარი რომ იყოს სწავლაში.
გუნდი მიჩუმდა, ჯონათანი უხერხულად შეიშმუშნა.
– თუ გსურს, შეგიძლია დროზე დავიწყოთ ვარჯიში, – უთხრა ჩიანგმა. – მერე შეგეძლება მომავალსა და წარსულში იფრინო. მაშინ შენ უკვე ყველაზე რთული, ყველაზე სასიამოვნო გამოცდისთვის იქნები მზად. შენ აღმა ფრენას შეძლებ და გაიგებ, რა არის სიკეთე და სიყვარული.
დაალოებით ერთმა თვემ განვლო. ჯონათანმა არნახულ წარმატებებს მიაღწია. იგი ჩვეულებრივი წვრთნის დროსაც ჩქარა მიიწევდა წინ, ეხლა კი, როცა თვით უხუცესის პირადი მოსწავლე გახდა, თითქოს გამომთვლელი მანქანა ყოფილიყო, ისე ითვისებდა სიახლეს.
ბოლოს ჩიანგის წასვლის ფღეც დადგა. იგი ნაპირზე იდგა და მშვიდად ესაუბრებოდა თოლიებს, მოუწოდებდა არასოდეს შეეწყვიტათ წვრთნა და სწავლა, არასოდეს დაშრეტოდათ მისწრაფება სიცოცხლის სრუყოფილი საზრისის გამოსაცნობად. ლაპარაკისას მისი ბუმბული თანდათან ნათდებოდა და ბოლოს ისე გაბრწყინდა, რომ თვალი ვერავინ გაუსწორა.
– ჯონათან, ეცადე შეიცნო სიყვარული. – მოისმა უხუცესის უკანასკნელი სიტყვები.
როცა თოლიებს ხედვის უნარი დაუბრუნდათ, ჩიანგი აღარ იყო.
დღეები ერთმანეთს მისდევდა, ჯონათანმა შეამნია, რომ სულ უფრო ხშირად ფიქრობდა დედამიწაზე, სულ უფრო ხშირად ახსენდებოდა მშობლიური მხარე, ოდესღაც რომ დატოვა. იმის მეათედი რომ სცოდნოდა მაშინ, რაც ახლა იცოდა, რამდენად საინტერესო იქნებოდა მისი ცხოვრება. იჯდა ქვიშაზე და ფიქრობდა: ,,იქნებ დედამიწაზე არის თოლია, რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას, ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა, რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად. იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა და გააძევეს გუნდიდან“. რაც მეტს ფიქრობდა სიკეთეზე, რაც მეტს ცდილობდა ჩასწვდომოდა სიყვარულის არსს, მით უფრო ეძალებოდა სურვილი დედამიწაზე დაბრუნებისა. მიუხედავად მარტოობაში განვლილი ცხოვრებისა, როგორც ჩანს, იგი მასწავლებლად იყო დაბადებული და მისი სიყვარულის გამჟღავნებაც ის იქნებოდა, რომ რაც ჭეშმარიტების გზაზე შეუმეცნებია, იმისთვისაც გაენდო, ვინც იმავე გზით სიარულს მოისურვებდა.
სალივანმა იმ დროისათვის სრულად აითვისა ფიქრის სიჩქარით ფრენა და სხვა თოლიებს ავარჯიშებდა. იგი ჯონათანს არ ეთანხმებოდა.
– ჯონ, შენ ერთ დროს იქიდან გაგაძევეს. რატომ გგონია, რომ იგივე თოლიები ახლა მოინდომებენ შენს მოსმენას? ხომ იცი ანდაზა: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს. ის თოლიები, შენ რომ გაგიმეტეს, მიწას ვერ ასცილებიან, ერთთავად ჩხავიან და კინკლაობენ. ისინი აქედან ათასი მილის დაშორებით ცხოვრობენ, შენ კი გინდა მიწიდან ზეცა დაანახო. ჯონ, ისინი საკუთარი ფრთების ბოლოებსაც კი ვერ ხედავენ! ნუ წახვალ. დარჩი, დაეხმარე იმ თოლიებს, რომლებიც ისეთ სიმაღლეზე ამოსულან, რომ შენი ნათქვამი გაიგონ. – სალივანი ცოტა ხანს დადუმდა, მერე დაუმატა: – რა იქნებოდა, ჩიანგი რომ თავის გუნდს დაბრუნებოდა? შენ თავად სად იქნებოდი დღეს? უკანასკნელი მოსაზღება სხვაზე დამაჯერებელი გამოდგა. რა თქმა უნდა, სალივანი მართალია: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს.
ჯონათანი დარჩა და ახლადმოფრენილ თოლიებს ამეცადინებდა. ისინი ძალიან ნიჭიერები იყვნენ და ვარჯიშებს ადვილად ითვისებდნენ. ადრინდელმა განცდებმა მაინც არ მოასვენა, იგი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ფიქრს, რომ იქ, დედამიწაზე, ალბათ დაფრინავდა ერთი-ორი თოლია, რომელთაც სწავლა სწყუროდათ. თავად მას რამდენად მეტი ეცოდინებოდა დღეს, ჩიანგი რომ მაშინ გამოჩენილიყო, როცა გაძევებული განმარტოებით ცხოვრობდა.
– სალი, – უკან უნდა დავბრუნდე, – თქვა ბოლოს ჯონათანმა. – შენ შესანიშნავი მოსწავლეები გყავს, ახალბედების გაწვრთნაში ისინი დაგეხამრებიან.
სალივანმა ამოიოხრა, მაგრამ აღარ შედავებია: ,,უშენოდ მომწყინდება, ჯონ,“ უთხრა მხოლოდ.
– რას ამბობ, სალი, არა გრცხვენია! – უსაყვედურა ჯონათანმა. – ნუ სულელობ! რისთვის ვვარჯიშობდით ამდენს ყოველდღე? თუ ჩვენი მეგობრობა ისეთ პირობით ცნებებზეა დამყარებული, როგორც სივრცე და დროა, მაშინ გამოდის, ჩვენვე დავარღვევთ მას, როცა სივრცესა და დროს საბოლოოდ გადავლახავთ. როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – ,,აქ“. როდესაც დროს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის -,,ახლა“. როგორ ფიქრობ, განა არ შეგვეძლება ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც ,,აქ“ და ,,ახლა“ ჰქვია?
სალივანს უნებურად გაეცინა. ,,შენ სულ გადაირიე, – უთხრა მან. თუკი ვინმეს ძალუძს სულიერისთვის მიწიდან ზეცის დანახვება, ეს უეჭველად ჯონათან ლივინგსტონია“. – სალივანმა თვალები დახარა, – ნახვამდის, ჩემო მეგობარო“.
– ნახვამდის, სალი. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ეს რომ თქვა, ჯონათანმა თოლიების უზარმაზარი გუნდები წარმოიდგინა ნაპირზე და ჩვეული სილაღით იგრძნო, რომ იგი ძვალი და ბუმბული კი არა, თავისუფლებისა და ფრენის სრულყიფილი საზრისის განსახიერება იყო, მის შესაძლებლობებს ზღვარი არ ედო.
ფლეტჩერ ლინდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა თოლია იყო. მისი აზრით გუნდი ასე სასტიკად და უსამართლოდ არც ერთ სხვა ფრინველს არ მოპყრობია.
,,რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩემთვის სულ ერთია, – ფიქრობდა იგი, ბრაზი ახრჩობდა და მზერაგაყინული შორეული კლდეებისკენ მიფრინავდა. – ფრენა სულაც არ ნიშნავს ფრთების ქნევას ადგილის მოსანაცვლებლად. ეგ იმას… კოღოსაც შეუძლია! რაღაც ერთი უბრალო კასრი უხუცესის გარშემო, ისე, ხუმრობით, და აი, შედეგიც – გამაძევეს გუნდიდან. რამ დააბრმავათ! ნუთუ ვერაფერს ხედავენ? ნუთუ ვერ ხვდებიან, რა ტრიუმფს მოვახდენთ, ნამდვილი ფრენა რომ ვისწავლოთ? რაც უნდათ, ის იფიქრონ. მე მაგათ ვაჩვენებ, რას ნიშნავს ფრენა! რადგან ასე უნდათ, გავშორდები, მაგრამ ბოლოს ვინ ინანებს, იმასაც ვნახავთ…“
ხმამ მის გონებაში შეაღწია. მართალია, ეს ხმა ძალიან სუსტი იყო, მაგრამ თოლია ისე შეშინდა, რომ შეშინდა და ჰაერში შეფართხალდა.
,,ნუ უბრაზდები მაგათ ფლეტჩერ! შენ რომ გაგაძევეს, საკუთარ თავს ავნეს მხოლოდ, როდისმე მიხვდებიან ეგენიც, როდისმე დაინახავენ იმას, რასაც შენ ხედავ. აპატიე და დაეხმარე გაიგონ“.
მას მარჯვენა ფრთის ბოლოდან ერთი დუიმის დაშრებით თოვლივით თეთრი თოლია მიჰყვებოდა, ალბათ ყველაზე თეთრი ამქვეყნად. ბუმბულს არც კი არხევდა, ისე ძალდაუტანებლად მისრიალებდა ჰაერში, და ეს მაშინ, როცა ფლეტჩერი თითქმის ზღვრული სიჩქარით მიფრინავდა.
წამით ახალგაზრდა თოლიის თავში ყვალაფერი აირ-დაირია.
,,რა მომდის? ჭკუიდან ხომ არ შევიშალე? ხომ არ მოვკვდი? რა ხდება?“
ჩუმი წყნარი ხმა კვლავ ჩასწვდა მის ფიქრებს და პასუხს მოითხოვდა.
– თოლია ფლეტჩერ ლინდ, გინდა იფრინო?“
– დიახ, მე მინდა ფრენა!
– თოლია ფლეტჩერ ლინდ, არის შენის სურვილი იმდენად დიდი, რომ მზად ხარ დაივიწყო წყენა, ისწავლო და გუნდს უკან დაუბრუნდე, რათა სხვებსაც დაეხმარო სწავლაში?
რაც უნდა ნაწყენი ან ამაყი ყოფილიყო ფლეტჩერი, ასეთი მიმზიდველი და სრულყოფილი არსების წინაშე მაინც ვერ იცრუებდა.
– დიახ, ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
– მაშინ ფლეტჩ, – უთხრა მოელვარე თოლიამ ალერსიანი ხმით, – მოდი, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ…
მესამე ნაწილი
ჯონათანი შორეულ კლდეებს აუჩქარებლად დასტრილებდა თავს და ფლეტჩერის ვარჯიშს თვალს ადევნებდა. ეს ახალბედა ყმაწვილი თითქმის იდეალური მოსწავლე გამოდგა. ჰაერში ძლიერი, ყოჩაღი და მარდი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, სწავლის სურვილით იწვოდა.
აგერ, ეს წამია, სადღაც ახლოს გაიელვა ნაცრისფერმა აბურძგნილმა გუნდმა, ყურთწამღები ხმაურით პიკედან გამოვიდა და საათში ორმოცდაათი მილის სიჩქარით მასწავლებელს ჩაუქროლა. მერე მოულოდნელად დაამუხრუჭა და თექვსმეტბრუნიან შენელებულ კასრზე გადავიდა, თან ყოველ ბრუნს ხმამაღლა ითლიდა:
– …რვა, ხცრა… ათი… ვაიმე, ჯონათან, მგონი სიჩქარის ზღვარს გავცდი… თერთმეტი… შენსავით ზუსტად მინდა გავჩერდე… თორმეტი… ეშმაკმა დალახვროს, არ გამომდის… ცამეტი… სამიღა დამრჩა… არა და… თოთ… ააა!
ამ მარცხმა ფლეტჩერი განსაკუთრებით გააშმაგა და მწყობრიდან გამოიყვანა. ამოყირავდა და უკუ შტოპორში დაბზრიალდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ქოშინით გაიმართა, აღმოჩნდა, რომ მასწავლებელზე ასი ფუტით დაბლა მიფრინავდა.
ჯონათან! სულ ტყუილად კარგავ დროს. სრული ყეყეჩი ვარ, უტვინო ვარ! ნეტა რას ვჯახირობ, მაინც არაფერი გამოვა!
– რა თქმა უნდა, არ გამოვა, სანამ ასე მკვეთრ გაჩერებას არ მოიშლი. შენ ხომ დასაწყისშივე დაკარგე ორმოცი მილი საათში! დინჯად უნდა იმოძრაო! გაბედულად, მაგრამ დინჯად, გაიგე ფლეტჩერ?
ჯონათანი დაეშვა და ახალგაზრდა თოლიასთან მიფრინდა.
– მოდი, ახლა ერთად ვცადოთ, გვერდი-გვერდ. გაჩერებას მიაქციე ყურადღება, დაწყება დუნე, წყნარი უნდა იყოს.
სამი თვეც არ გასულა, ჯონათანს ექვსი ახალი მოსწავლე შეემატა. ,,ფრენა სიხარულის მომნიჭებელია!“ – ამ უცხო აზრს გაეტაცა ყველა და გაეძევებინათ კიდეც გუნდიდან.
მაგრამ მათთვის რთული ფიგურების შესრულება ჯერჯერობით უფრო ადვილი იყო, ვიდრე ფრენის არსში ჩაწვდომა.
სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს. – უხსნიდა ჯონათანი შეღამებისას, როცა ნაპირზე დასხდებოდნენ. – ხოლო გამართული ფრენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ჭეშმარიტი ,,მე“-ს შეცნობისაკენ. ყველა დაბრკოლება, რაც კი ამ გზაზე გვხვდება, აუცილებლად უნდა გადავლახოთ. სწორედ ამისთის გვჭირდება დიდი და მცირე სიჩქარეები უმაღლესი პილოტაჟის ფიგურები…
…მთელი დღის ვარჯიშით დაქანცულ მოსწავლეებს ნელ-ნელა ეყვინთებოდათ. მათ პრაქტიკული მეცადინეობა ერჩივნათ, რადგან იქ იყო სისწრაფე და აღტაცება, რადგან წვრთნის საშუალებით ისინი სწავლის წყურვილს იოკებდნენ, ყოველი ახალი გაკვეთილის შემდეგ რომ უძლიერდებოდათ. მაგრამ ვერც ერთ მათგანს, თვით ფლეტჩერ ლინდსაც, ვერ წარმოედგინა, რომ აზრთა ფრენა ისევე რეალური და შესაძლებელი იყო, როგორც ქარის ქროლვა თუ ჩიტის ნავარდი.
– მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყოს მისაწვდომი. – ეუბნებოდა ჯონათანი დროდადრო. –დაამსახვრიეთ ეგ ბორკილები, თქვენს აზრს რომ ბოჭავს და ამით თქვენ დაამსხვრევთ სხეულის ბორკილებს…
ტყუილად ირჯებოდა, თოლიები მის ნათქვამს მაინც გასართობ ფანტაზიად აღიქვამდნენ და თვალს რული ეკიდებოდათ.
ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და ჯონათანმა განაცხადა, გუნდში დაბრუნების დრო მოვიდაო.
– ჯერ არა ვართ მზად! – წამოიძახა ჰენრი კელვინმა. – მაგათ ჩვენი დანახვა არ სურთ. ჩვენ გაგვაძევეს! რატომ წავიდეთ იქ, სადაც არასასურველი სტუმრები ვიქნებით?
– ჩვენ სრული უფლება გვაქვს გავფრინდეთ, სადაც გვინდა და ვიყოთ ისეთები, როგორიცა ვართ. – უპასუხა ჯონათანმა, აფრინდა და აღმოსავლეთით, მშობლიური ნაპირისკენ გასწია.
თოლიები ერთხანს რეტდასხმულები იდგნენ: გუნდის კანონი გაძევებულის უკან დაბრუნებას კრძალავდა და ათი ათასი წლის განმავლობაში ის ერთხელაც არავის დაურღვევია. კანონი ერთს მოითხოვდა, ჯონათანი -მეორეს. იგი უკვე ერთი მილის დაშორებით მიფრინავდა ნაპირის გასწვრივ. დიდხანს რომ დაეცადათ, გადამტერებულ გუნდთან მარტოდმარტოს მოუწევდა შეხვედრა.
– რატომ უნდა დავემორჩილოთ გუნდის კანონებს, თუ ჩვენ მისი წევრები აღარ ვართ? – იკითხა გონებააბნეულმა ფლეტჩერმა. – ხოლო ბრძოლა თუ გაჩაღდა, იქ მეტ სარგებლობას მოვიტანთ, ვიდრე აქ. ამგვარად, ისინი იმ დილით დასავლეთიდან მოფრინდნენ. რვა თოლია ორმაგი რომბის მწყობრში ისე განლაგებულიყო, თითქოს ფრთის ბოლოებით გადაბმოდნენ ერთმანეთს. მათ სააათში ას ორმოცდათხუთმეტი მილის სიჩქარით გადაკვეთეს გუნდის სათათბიროს ნაპირი – ჯონათანი თავში ჩამდგარიყო, მის მარჯვნივ ფლეტჩერი მისრიალებდა ლაღად, მარცხენა ფრთაზე ჰენრი კელვინი მიიწევდა მედგრად. შემდეგ, წყობის დაურღვევლად, მარჯვნივ გადაიხარნენ… გასწორდნენ… ამოტრიალდნენ… გასწორდნენ, მოზუზუნე ქარი არც ერთს არ ინდობდა.
გუნდის წევრები ჩვეულ ჭინჭყლობასა და ძიძგილაობაში იყვნენ, როცა ჯონათანის რაზმმა ვეებერთელა დანასავით ჩაიქროლა. თოლიები ერთბაშად მიჩუმდნენ, რვა ათასი თვალი გაოგნებული იცქირებოდა. რვა თოლია ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა; ჯერ მკვდარი მარყუჟი შეასრულა, მერე სიჩქარე ნულამდე დააგდეს და ისე დაეშვნენ ქვიშაზე, არც შერხეულან. თითქოს არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარაო, ჯონათანი შეცდომების განხილვას შეუდგა.
– დავიწყოთ იმით, რომ მწყობრში ჩადგომა ყველამ ცოტათი დააგვიანა …. – თქვა მან ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.
ერთი და იგივე აზრმა გუნდში მეყსეულად გაიელვა. ესენი გაძევებული თოლიები არიან! უკან დაბრუნდნენ! მაგრამ ეს… ეს ხომ შეუძლებელია! ფლეტჩერი ამაოდ ემზადებოდა ბრძოლისთვის. გუნდი გახევებული იდგა.
– მერე რა, რომ გაძევებული არიან. – ჩაილაპარაკა ერთმა ახალგაზრდა თოლიამ, – საინტერესოა, სად ისწავლეს ასე ფრენა?
ერთ საათში უხუცესის ბრძანებამ ყურამდე მიაღწია: მოსულებისთვის არავის მიექცია ყურადღება. ის, ვინც მათთან დალაპარაკებას გაბედავდა, თვითონ იქნებოდა გაძევებული. თოლია, რომელიც გაძევებულს შეხედავდა, გუნდის კანონს დაარღვევდა.
ამ წუთიდან მოყოებული ჯონათანი თოლიების ნაცრისფერ ზურგებს ხედავდა მხოლოდ, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. იგი მეცადინეობას ზედ სათათბიროს ნაპირის თავზე განაგრძობდა და პირველად აიძულებდა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ემოქმედათ.
მარტინ! – მოისმა ციდან მისი ხმა. – შენ ამბობ, ნელა ფრენა შემიძლიაო. თუ არ დაამტკიცე, შენს ლაპარაკს ფასი არა აქვს! იფრინე!
პატარა მარტინ უილიამსს ისე შეეშინდა, მასწავლებლის წყრომა არ გამოეწვია, რომ თავისდა გასაოცრად მცირე სიჩქარეებზე სასწაულების მოხდენა დაიწყო. უმნიშვნელო ნიავიც ჰყოფნიდა, რათა ფრთების დაუქნევლად, მხოლოდ ბუმბულის მცირედი მოძრაობით ღრუბლებამდე აეწია და მერე მიწაზე დაშვებულიყო.
თოლია ჩარზ-როლანდი კი ქა დიადი მთის წვერამდე – ოცდაოთხი ათასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა და უკან ცივი, გაიშვიათებული ჰაერისგან სრულიად გალურჯებული,მაგრამ, ამავე დროს, განცვიფრებული და აღტაცებული დაბრუნდა. გადაწყვიტა, მეორე დღეს უფრო მაღლა ასულიყო.
ფლეტჩერმა, რომელიც სხვებზე მეტად იყო გატაცებული უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებით, ჯერ თექვსმეტბრუნიანი შვეული შენელებული კასრი დასძლია, ხოლო შემდეგ ამასაც გადაჭარბა და ზედიზედ სამჯერ გადავიდა ყირაზე: მისი ბუმბული მზის სხივებს თვალისმომჭრელად აბნევდა ნაპირზე, საიდანაც მას არა ერთი და ორი წყვილი თვალი მალულად უმზერდა. ჯონათანი მოსწავლეებს გამუდმებით გვერდში ედგა – ხან რაღაცას აჩვენებდა, ხან არიგებდა, ხან აძალებდა ან უთითებდა. არც სიბნელეს ერიდებოდნენ, არც ნისლსა და ავდარს – მათ ფრენის სიყვარული ამოძრავებდა. გუნდის თოლიები ამ დროს მიწაზე ისხდნენ და საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს. ვარჯიშის შემდეგ მოსწავლეები ქვიშაზე ისვენებდნენ, დროა განმავლობაში ისინი სულ უფრო მეტი ყურადღებით უსმენდნენ ჯონათანს. მართალია, ბევრი მისი მოსაზრება დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ზოგი რამ უკვე გასაგები ხდებოდა.
ღამღამობით მაგათ გარშემო კიდევ ერთი წრე იკვრებოდა – ცნობიმოყვარე თოლიები საათობით იდგნენ სიბნელეში და ყურს უგდებდნენ ჯონათანის ლაპარაკს. რადგან არავის სურდა მეზობელი შეეცნო ან თვითონ ყოფილიყო ამოცნობილი, განთიადისას შეუმჩნევლად იპარებოდნენ.
ჯონათანის დაბრუნებიდან ერთი თვეა გავიდა, როცა გუნდის ერთერთმა თოლიამ პირველმა გადაკვეთა საზღვრის ხაზი და სწავლის სურვილი გამოთქვა. ეს გახლდათ ტერენს ლოუელი, იგი მაშინვე იქნა დაწყევლილი, გაძევებული და… ჯონათანის გუნდში მერვე წევრად მიღებული.
მეორე საღამოს გუნდს თოლია კერკ მეინარდი გამოეყო. იგი მარცხენა ფრთას ქვიშაზე მიათრევდა, ჯონათანთან ძლივს მილასლასებდა და ჩაიკეცა.
– მიშველეთ რამე, – ჩაილაპარაკა მან მიბნედილი ხმით. – ნეტავი ფრენა შემაძლებინა, სხვა არაფერი მინდა…
– აბა მომიყევი, – უთხრა ჯონათანმა. – ავიდეთ ჰაერში და დავიწყოთ.
– თქვენ ვერ გამიგეთ. ჩემი ფრთა… მე მას ვერ ვამოძრავებ.
– მეონერდ, შენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვს, შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი ,,მე“, იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია.
– თქვენ ამბობთ, რომ ფრენას შევძლებ?
– მე გეუბნები, რომ თავისუფალი ხარ.
უეცრად კერკ მეინარდმა ფრთები მსუბუქად გაშალა და ძალდაუტანებლად აფრინდა ღამის ბნელ ცაში. ხუთასი ფუტის სიმაღლიდან წამოსულმა მისმა გამარჯვების კიჟინამ გუნდს ძილი დაუფრთხო.
,,ფრენა შემიძლია! გაიგონეთ! ფრენა შემიძლია!“
გათენებისას მოსწავლეებს ათასამდე თოლია შემოხვეოდა და გაკვირვებული ათვალიერებდა მეინარდს. მათთვის სულ ერთი იყო, ხედავდა ვინმე თუ არა, სმენად ქცეულიყვნენ და ცდილობდნენ ჯონათანის ნათქვამს ჩასწვდომოდნენ.
იგი უჩვეულოს თითქოს არაფერს ამბობდა: თოლიაы აქვს ფრენის უფლება, იგი თავისი არსებით თავისუფლებისთვისაა მოწოდებული და თუკი რამე უშლის ხელს, აუცილებლად უნდა მოიშოროს თავიდან – იქნება ეს ადათი, ცრურწმენა თუ სხვა დაბრკოლება.
– იმ შემთხვევაშიც, როცა ამას გუნდის კანონი კრძალავს? –იკითხა ვიღაცამ შეკრებილთაგან.
– ერთდაერთ ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ, – უპასუხა ჯონათანმა, – სხვა არ არსებობს.
– როგორ გინდა შენებურად ფრენა გვასწავლო? – ახლა სხვამ დაიძახა. – შენ ხომ განსაკუთრებული ხარ, ნიჭით დაჯილდოებული და ჩვენგან განსხვავებული.
– შეხედეთ ფლეტჩერს! ლოულს! ჩარლზ–როლანდს! ისინიც ისევე განსაკუთრებულნი, ნიჭიერნი და არაჩვეულებრივნი არიან? არა, თქვენგან და ჩემგან არაფრით განსხვავდებიან. ერთადერთი განსხვავება, ვიმეორებ – ერთადერთი, ის არის, რომ მათ თავიანთი ჭეშმარიტი არსების შეცნობა დაიწყეს და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც.
მოსწავლეები, ფლეტჩერის გამოკლებით, უხერხულად შეიშმუშნენ; არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ქცევის მიზეზი სწორედ ეს იყო. შეკრებილთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა – ზოგი ეკითხებოდა, ზოგიც ცინიკურად ხითხითებდა.
ერთ დილას, დიდ სიჩქარეებზე ვარჯიშის შემდეგ, ფლეტჩერმა უთხრა ჯონათანს: ,,გუნდში ლაპარაკობენ, რომ თქვენ ან თვითონ ხართ დიადი თოლია შვილი ანდა ათასი წლით გაუსწარით თქვენს დროს“.
ჯონათანმა ამოიოხრა. ,,აი, ასეც გაუგებრობის შედეგი, – გაიფიქრა მან. –ეშმაკად მიგიჩნევენ, ან ღმერთად“.
– როგორ ფიქრობ ფლეტჩ? მართლა გავუსწარით დროს?
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.
– ჩემი აზრით, ასე ფრენა ყოველთვის იყო შესაძლებელი, ოღონდ ვინმეს უნდა მოენდომებინა და აღმოეჩინა; დრო არაფერ შუაშია. ჩვენ, შესაძლოა, მოდას, თოლიების ფრენის ჩვეულებას გავუსწარით.
– ეგ კარგი აზრია, – თქვა ჯონათანმა და ცოტა ხანს გადაბრუნებული მიფირნავდა, – ეს უმჯობესია, ვიდრე დროის გასწრება.
ეს ამბავი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ფლეტჩერ ლინდი ჩქაროსნული ფრენის ილეთებს უჩვენებდა ახალბედებს. ის–ის იყო, შვიდი ათასი ფუტის სიმაღლის პიკედან გამოვიდა და ნაპირის თავზე რუხ ზოლად გაიელვა, როცა ერთ–ერთი ბარტყი ,,დედა-ს“ ძახილით პირველად აფრინდა ჰაერში და გზა გადაუღობა. დაჯახება გარდუვალი ჩანდა, ფლეტჩერმა მაინც მოასწრო. წამის მეათედში მკვეთრად გაეხვია მარცხნივ და საათში ორასი მილის სიჩქარით გრანიტის კლდეს შეასკდა.
ეჩვენა, თითქოს, კლდე სხვა სამყაროში შემავალი უზარმაზარი ქვის კარები იყო. შიში, დაჯახება, წყვდიადი – წამიერად შეენაცვლა ერთმანეთს, შემდეგ იგი რაღაც საოცარ, არნახულ ცაში აღმოჩნდა; ყველაფერი ერთდროულად ავიწყდებოდა, ახსენდებოდა და კვლავ ავიწყდებოდა, იყო შიში, სევდა და მწუხარება, უზომო მწუხარება.
იდუმალი ხმა ისევე ჩაესმა, როგორც მაშინ, ჯონათანს პირველად რომ შეხვდა
– ფლეტჩერ, საქმე ისაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადაწევას ჩვენ თანდათანობით, აუჩქარებლად ვაწარმოებთ, კლდის შიგნით ფრენა პროგრამის მიხედვით ცოტა მოგვიანებით უნდა დაგვეწყო.
– ჯონათან!
– რომელიც აგრეთვე დიადი თოლიას შვილად იწოდება. – მშრალი კილოთი მიუგო აღმზრდელმა.
– აქ რას აკეთებ? კლდე? კი მაგრამ… მე განა… არ მოვკვდი?
– კარგი, ფლეტჩ. დაფიქრდი. რადგან მელაპარაკები, აშკარაა, არ მომკვდარხარ, ასე არ არის? უბრალოდ შენი შეგნების დონე მკეთრად შეიცვალა, ეგ არის და ეგ. ახლა არჩევანი უნდა გააკეთო. შეგიძლია აქ დარჩე და ამ დონეზე გააგრძელო წვრთნა, სხვათა შორის ეს წინანდელზე მაღალი საფეხურია, ანდა შეგიძლია უკან დაბრუნდე და გუნდთან განაგრძო ვარჯიში. უხუცესები იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან რამე კატასტროფა მოხდებოდა, ისინი ახლა შენი ფრიად მადლიერი არიან.
– რა თქმა უნდა, დაბრუნება მირჩევნია, ჯონ. მე ხომ სულ ახლახან შევუდექი ახალ ჯგუფთან ვარჯიშს.
– მაშ კარგი, ფლეტჩერ. გაუხსენე, რას ვამბობდით, სხეული სხვა არაფერია, თუ არა თვით ჩვენი აზრი…
ფლეტჩერმა თავი შეარხია, ფრთები გაისწორა და თვალი გაახილა: იგი კლდის ძირას იწვა, ირგვლივ თოლიების მთელი გუნდი შემოხვეოდა. გაინძრა თუ არა, ბრბოში ერთი აყალმაყალი ატყდა, აქეთ-იქიდან განმგმირავი ყვირილი გაისმოდა.
– ცოცხალია! მკვდარი გაცოცხლდა!
– ფრთის წვერით შეეხო! გააცოცხლა! დიადი თოლიას შვილია!
– არა! არ ვარო, იძახის! ალბათ ეშმაკია! ეშმაკი! გუნდის დასარბევად მოსული!
ამ ამბით თავზარდაცემული ოთხი ათასი თოლია ერთხმად გაჰკიოდა: ეშმაკი! ერთმა სიტყვამ დაიმონა მთელი ბრბო. ჩასისხლიანებული თვალებითა და წაწვეტილი ნისკარტებით ისინი მსხვერპლისკენ მიიწევდნენ.
– რას იტყვი, ფლეტჩერ, ხომ არ გავცლოდით? – ჰკითხა ჯონათანმა.
– თუკი მოვახერხებთ კარგი იქნებოდა…
თვალის დახამხამებაში ისინი კლდიდან ნახევარი მილის დაშორებით აღმოჩნდნენ, გონებადაბინდული თოლიების ნისკარტებმა ცარიელი ჰაერი გაკვეთა.
– რა უცნაურია, – უკვირდა ჯონათანს, – თოლიასათვის ყველაზე რთული ამქვეყნად იმის დაჯერებაა, რომ იგი თავისუფალია. არადა ამაში დარწმუნება ხომ ყველას შეუძლია, თუკი ცოტას გაივარჯიშებს?
რატომ უჭირთ ასე ძალიან?
სახტად დარჩენილი ფლეტჩერი თვალებს აფახულებდა.
– ეს რა გააკეთე? აქ როგორ გავჩნდით?
– ხომ თქვი, რომ მათგან თავის დაღწევა გინდოდა, ასე არ იყო?
– კი, მაგრამ შენ რანაირად…
– ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, ფლეტჩერ, ვარჯიში.
დილით გუნდი ცოტათი გონს მოეგო, ფლეტჩერი კი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო.
– გახსოვს, ჯონათან, რას ამბობდი დიდი ხნის წინათ – გუნდი ისე უნდა გიყვარდეს, რომ უკან დაბრუნდე და სწავლაში დაეხმაროო.
– მართალია, ვამბობდი.
– ვერ გამიგია, როგორ უნდა გიყვარდეს ფრინველთა გროვა, რომელიც ეს–ესაა შენას გათელვას ცდილობდა.
– ეჰ, ფლეტჩ, მაგათ სიყვარულს არავინ გავალებს. რასაკვირველია, სიძულვილა, სიძულვილი და ბოროტება სულაც არ უნდა გიყვარდეს.
მთავარია შენ თვითონ გამოიწრთო და თითოეულ მათგანში ჭეშმმარიტი, კეთილი თოლია დაინახო, უნდა ეცადო, რომ მათაც იგივე აღმოაჩინონ საკუთარ თავში. ასე მესმის სიყვარული, საინტერესოა, შენ როდის მიხვდები ამას. მართლა, ერთი გაცხარებული ჭაბუკი თოლია მახსენდება, ფლეტჩერ ლინდი ერქვა. მშობლიური ნაპირიდან ახლად გაძევებული მზად იყო მთელ გუნდს სასიკვდილოდ შებმოდა. მაშინ იგი შორეულ კლდეებზე საკუთარი ჯოჯოხეთის აგებას იწყებდა. დღეს ის აქ საკუთარ ზეცას იშენებს და სხვებსაც მიუძღვება იქითკენ.
ფლეტჩერმა თავის მოძღვარს შეხედა, თვალებში შიშმა გაუელვა.
– მე მივუძღვები? რას გულისხმობ ამაში? ჩვენი წინამძღოლი აქ შენა ხარ. მიტოვება არ შეგიძლია.
– არ შემიძლია? თუ გიფიქრია, რომ არსებობენ სხვა გუნდები და სხვა ფლეტჩერები, ვისაც ამჟამად მეტად სჭირდებათ დამრიგებელი, ვიდრე შენ, რომელიც უკვე თავად იკაფავ გზას სინათლისკენ?
– მე? ჯონ, მე ხომ უბრალო თოლია ვარ, შენ კი…
– …დიადი თოლიას მხოლოდშობილი ძე, არა? – ჯონათანმა ამოიოხრა და ზღვას გახედა, – მე შენ აღარ გჭირდები. შენი ამოცანაა არ გაჩერდე, გააგრძელო საკუთარი თავის შეცნობა; ყოველდღე რაღაც მოიმატე, ეძებე, სანამ ჭეშმარიტ, ყოვლისშემძლე თოლია ფლეტჩერს არ იპოვი. ის იქნება შენი მოძღვარი. იმას უნდა გაუგო და დაუჯერო.
წუთის შემდეგ ჯონათანის სხეული ჰაერში ათამაშდა, გასიკროვნდა და გაქრობა დაიწყო.
– ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ, კარგი, ფლეტჩ? მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს, შესაძლოა…
– ჯონათან!
– საბრალო ფლეტჩ, ნუ უჯერებ შენს თვალებს. ისინი მხოლოდ საზღვრებს ხედავენ. შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო.
ციალი შეწყდა. ჯონათანი ჰაერში გაიფანტა.
კარგა ხნის შემდეგ ფლეტჩერმა თავს ძალა დაატანა და ცაში აფრინდა, ახალმოსულ მოსწავლეებს მოჰკრა თვალი, ეტყობოდათ, პირველ გაკვეთილს მოუთმენლად ელოდნენ.
– თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ თოლია თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის მატარებელია, დიადი თოლიას განსახიერებაა, – დაიწყო ფლეტჩერმა აუღელვებლად, – და მთელი თქვნი სხეული ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თვით თქვენი აზრი.
ახალგაზრდა თოლიებმა მასწავლებელს ეჭვის თვალით ახედეს. ,,რაებს როშავს, – ფიქრობდნენ ისინი, – მკვდარი მარყუჟის გაკეთებას ასე ვერ ვისწავლით“.
ფლეტჩერმა ამოიოხრა.
ა, ჰო, მაშ ასე, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ. – თქვა მან და ახალბედები გამომცდელად შეათვალიერა. ახლა კი მიხვდა, რომ მის მეგობარში ღვთაებრივი ისევე არაფერი იყო, როგორც თვით მასში.
,,ზღვარი არ არსებობს, არა, ჯონათან? – ფიქრობდა იგი. – ძალიან კარგი, ის დროც მოვა, შენს ნაპირზე გამჭვირვალე ჰაერიდან რომ გამოგეცხადები და ერთ-ორ ახალ რაღაცას გაჩვენებ!“
ფლეტჩერი შეეცადა მოსწავლეების წინაშე მკაცრი გამომეტყველება მიეღო, მაგრამ უცაბედად ისინი სხვანაირად დაინახა, ყოველი მათგანის ჭეშმარიტი რაობა აღიქვა და, მართალია, ეს მხოლოდ ერთ წამში მოხდა, არა თუ მოეწონა, მთელი გულით შეუყვარდა ის, რაც იხილა. ,,ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან?“ – გაეღიმა თოლიას. იგი წინ მიიწევდა.
რიჩარდ ბახი; წყარო ;