Skip to content

თვალთვალის მანია, თუ FBI-ის ეჭვი – ჰემინგუეის უჩვეულო ისტორია

ერნესტ ჰემინგუეი თვალთვალის მანიით იყო შეპყრობილი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ნამდვილად უთვალთვალებდნენ.

50 წლის წინ, დილაადრიან, სანამ მის მეუღლეს, მარიას ჯერ კიდევ ეძინა, ჰემინგუეი აიდაჰოში მდებარე საკუთარი სახლის ვესტიბიულში შევიდა, სანადირო თოფებიდან განსაკუთრებით საყვარელი აარჩია და თავი მოიკლა.
მწერლის ამ ქმედების ირგვლივ მრავალი ახსნა და თეორია არსებობს, დაწყებული იმ ვერსიიდან, თითქოს, წინა დღით, ჰემინგუეის მარიასთან კამათი მოუვიდა, დამთავრებული იმით, რომ იგი დაავადებული იყო სიმსივნით არაოპერაბელურ სტადიაში. ახლო მეგობრებმა კი იცოდნენ, რომ ბოლო წლების მანძილზე, მწერალი მძიმე დეპრესიითა და პარანოიით იტანჯებოდა.

ჰემინგუეი გამუდმებით ჩიოდა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, სახლსა და ავტომობილში განთავსებული იყო მოსასმენი მოწყობილობები, ისმინებოდა ტელეფონები, ფოსტას კი მანამდე ხსნიდნენ და კითხულობდნენ, სანამ ადრესატამდე მიაღწევდა. გარდა ამისა, უცნობი პირების მიერ მოწმდებოდა საბანკო ანგარიშებიც. ქუჩაში ყოფნისას, მწერალი ნერვიულად იყურებოდა სხვადასხვა მხარეს, ხშირად ბრუნდებოდა, რათა დაენახა, თუ რა ხდებოა მის ზურგს უკან. იგი საუბრობდა დაბალ ხმაზე, რათა არ მოესმინათ. საერთო ჯამში, აღენიშნებოდა ყველა ნიშანი, რაც თვალთვალის მანიას ახასიათებს.

ერნესტ ჰემინგუეი არაერთხელ გააგზავნეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, საიდანაც იგი რეკავდა და კვლავ ჩიოდა, რომ ყველგან განთავსებული იყო მოსასმენი მოწყობილობები და ტელეფონებიც ისმინებოდა. მკურნალობის ფარგლებში, მას დაუნიშნეს ელექტროშოკი, რაც იმ დროისთვის ყოველგვარი ფსიქიური აშლილობის დროს გამოიყენებოდა. ელექტროშოკური თერაპიის გამო, შესანიშნავმა მწერალმა, რომელიც თავისი დროის გამოჩენილ ტალანტად იყო აღიარებული, სრულად დაკარგა წერის უნარი და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაც კი აღარ შეეძლო. თუმცა, თერაპიამ მას ვერ უშველა და ჰემინგუეი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა „პარანოიით“.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მწერლის საქმეზე FBI-ში სპეციალური სარჩელი შევიდა, რომლის საპასუხოდ ფედერალურმა ბიურომ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1940-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰემინგუეი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მთავრობას საეჭვოდ მიაჩნდა მისი საქმიანობა კუბაში, რის გამოც აგენტებმა მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟეს მწერლის სახლში, მანქანასა და სამედიცინო პალატაში. ისინი უსმენდნენ მის ტელეფონს, ხსნიდნენ ფოსტას, ამოწმებდნენ საბანკო ანგარიშებს. აქვე უნდა ვაღიაროთ: გამოძიებამ ჩაიარა ისე კარგად, მწერლის ახლობლებიდან აზრადაც არავის მოსვლია, რომ ჰემინგუეი მართალი იყო.