დემოკრატია განიხილება, როგორც პასუხსაგები და კომპეტენტური მმართველობა, ამასთან, ლიბერალური მორალის მიხედვით, პასუხისმგებლობის პრინციპი დომინირებს თანამონაწილეობის პრინციპზე.
ლიბერალიზმის კლასიკურ თეორიას საფუძვლად დაედო თავისუფლების ახლებური გააზრება, რომლის შესახებაც საუბრობდა მაგალითად, რესტავრაციის ეპოქის ფრანგი მკვლევარი ბენჯამინ კონსტან დერებეკი.იგი განასხვავებდა თავისუფლების „ძველსა“ და „ახალ“ გაგებას.
თავისუფლების ძველი გააზრება გულისხმობდა, რომ უმაღლესი ხელისუფლების კოლექტიური, ერთობლივი განხორციელების შესაძლებლობას, უმნიშვნელოვანესი საკითხების საჯარო განხილვას, კანონების კენჭისყრას, მაგისტრატების პასუხისმგბელობას. ამასთან, ინდივიდი მთლიანად ემორჩილება საჯარო ხელისუფლებას: თავისუფლების ძველ გააზრებაში არ შედის არც სამოქალაქო თავისუფლება, არც სინდისის თავისუფლება. ინდივიდი თითქმის სუვერენია სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ კერძო საქმეებში იგი მონურ ვითარებაში რჩება.
თავისუფლების ახალი გააზრება, ამის საპირისპიროდ, გულისხმობს არა იმდენად მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში, რამდენადაც მათ მორჩილებას მხოლოდ კანონებისადმი, მათი პირადი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. თავისუფლების ახალ გააზრებაში მთავარი ხდება ინდივიდუალური თავისუფლება.
თავისუფლების ამ ახლებური შინაარსიდან გამომდინარე, ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრადიციაში მთავარია ინდივიდები, მათი მეტოქეობა, არჩევანის თავისუფლება, ხელისუფლების წყაროა ხალხი. იგი თავის ნებას გამოხატავს არა პირდაპირ არამედ-წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთაც უფლებამოსილება გარკვეული ვადით ენიჭებათ. მმართველობაში არიან ჩაბმულნი საგანგებოდ მომზადებული ადამიანები, მაგრამ, ამავე დროს, მათი საქმიანობა იმდენად არის ეფექტური, რამდენადაც ეყრდნობა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას.
ურთიერთობა ხალხის წარმომადგენლებსა და ხალხს შორის განისაზღვრება კონსტიტუციით და ემყარება უფლებამოსილებებსა და ნდობას. კონსტიტუციაში შეტანილია იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, რომელთაც ხალხი გადასცემს თავის რჩეულებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაწესებულია პასუხისმგებლობის ზომა.
ლიბერალური დემოკრატია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ადამიანის გათავისუფლების საქმეში. ამავე დროს, დემოკრატიის ეს მოდელი, კლასიკური ვარიანტით წარმოდგენილი, ძალზე შორსაა ხალხის ხელისუფლების იდეალისაგან. ლიბერალური დემოკრატია, ისევე როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ნებისმიერი ფორმა, ავიწროებს ამომრჩეველთა უფლებამოსილებებს, საშუალებას არ აძლევს მათ აქტიური ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, გააკონტროლონ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა. ხოლო თავად წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები შეიძლება ატარებდეს შემთხვევით, ფორმალურ და არაკომპეტენტურ ხასიათს, რაც განისაზღვრება ხმის მიცემის მომენტში ამომრჩევლებისათვის დამახასიათებელი განწყობილებითა და ემოციებით.