Skip to content

ზღარბი – ისტორია ამაოებაზე

მამა 40 წლის იყო, სლავიკი – 10-ის, ზღარბი – კიდევ უფრო ნაკლების. სლავიკმა ზღარბი ქუდით მოიყვანა, მოირბინა დივანთან, სადაც მამა იწვა და გაზეთს კითხულობდა და გახარებულმა შეჰყვირა:

მამა, შეხედე!

მამამ გაზეთი გადადო და ზღარბს შეხედა. ზღარბს პატარა აპრეხილი ცხვირი ჰქონდა.

კარგი ზღარბია – უთხრა მამამ. – სიმპატიური! სად იპოვე?

ერთმა ბიჭმა მომცა ეზოში – უთხრა სლავიკმა.

ე.ი. გაჩუქა?

არა, ჩვენ გავცვალეთ. მან მე ზღარბი მომცა მე კი ბილეთი.

რა ბილეთი?

ლატარიის – უპასუხა სლავიკმა და ზღარბი იატაკზე დასვა.

მამა ზღარბს რძე უნდა…

რძე დაიცდის! – მკაცრად უთხრა მამამ. შენ ის მითხარი, საიდან გაქვს ლატარიის ბილეთი?

მე ის ვიყიდე – უპასუხა სლავამ.

ვისგან?

ქუჩაში, ძიასგან…ის ბევრ ასეთ ბილეთს ჰყიდდა 30 კაპიკად. უი, მამა ზღარბი დივანის ქვეშ შეძვრა…
როგორ, მოიეცი შენი ლატარიის ბილეთი?!… ვაი და ეს ბილეთი მომგებიანია?

ბილეთმა მოიგო – უთხრა სლავიკმა და თან ზღარბს შეხედა.

ეს როგორ? და რა მოიგო?

მაცივარი – უპასუხა სლავიკმა და გაიღიმა.

მაცივარი? რას ბოდავ? საიდან იცი?

როგორ თუ საიდან? – განაწყენდა ბავშვი – მე ის გაზეთით შევამოწმე.. პირველი სამი ციფრი დაემთხვა და სხვებიც, ასევე სერიაც. მე უკვე ვიცი შემოწმება, მამა! მე ხომ დიდი ვარ!

დიდი?! – ისეთი ხმით თქვა მამამ, რომ ზღარბი შიშისგან ბურთად შეიკრა. – დიდი?!… და მაცივარს ზღარბში ცვლი?

მაგრამ მე ვიფიქრე, – შეშინებული ხმით უთხრა სლავიკმა – მე ვიფიქრე, რომ ჩვენ მაცივარი უკვე გვქონდა, ზღარბი კი არა…

გაჩუმდი! – დაიყვირა მამამ და დივანიდან წამოხტა. – ვინ? ვინ არის ის ბიჭი? სად არის?

ის გვერდით სახლში ცხოვრობს, – თქვა სლავიკმა და ატირდა. – მას

სენია ჰქვია…

წამოდი! – კვლავ დაიყვირა მამამ და შიშველი ხელებით დაიჭირა ზღარბი. – ჩქარა წამოდი!!

არ წამოვალ, – სლუკუნით უთხრა სლავიკმა. – არ მინდა მაცივარი, ზღარბი მინდა!

წამოდი სულელო, ოღონდაც დავიბრუნოთ და ასს ზღარბს გიყიდი…

არა, – ღრიალებდა სლავიკი. – არ მიყიდი… სენიას ისედაც არ უნდოდა გაცვლა და ძლივს დავითანხმე…
ხო, ეტყობა ისიც კარგი მოაზროვნეა! სარკაზმით თქვა მამამ – აბა, ჩქარა!

სენია რვა წლის იყო. ის ეზოს შუაგულში იდგა და შიშით შესცქეროდა მისკენ მომავალ სლავას მამას .

სად არის ბილეთი? აიღე შენი ზღარბი და ბილეთი დაგვიბრუნე.

მე არ მაქვს ბილეთი. – უპასუხა სენიამ.

და სად არის? რა უქენი ბილეთს? გაყიდე?

მე მისგან მტრედი გავაკეთე – ჩურჩულით უთხრა სენიამ.
არ იტირო! არ იტირო ბიჭუნავ… ე.ი შენ მისგან მტრედი გააკეთე? და სად არის ეს მტრედი?
აი იმ მეორე სართულის კარნისზე აფრინდა.. – უპასუხა სენიამ და აჩვენა.

მამამ გაიხადა პალტო და წყლის მილს აჰყვა. როგორც იქნა აძვრა მეორე სართულზე და ჩამოიღო პატარა შეყვითლებული ფურცელი, რომელიც ცოტა დასველებული იყო.

ქვემოთ ჩამოსვლისას მან გახსნა ეს ბილეთი და დაინახა, რომ ის ორი წლის წინ იყო გამოშვებული და თავის შვილს ჰკითხა.

შენ როდის იყიდე ეს ბილეთი?

ჯერ კიდევ მეორე კლასში, – უთხრა ბიჭმა.

და როდის შეამოწმე?

გუშინ.

ეს ის ტირაჟი არ არის… – უთხრა დაღლილმა მამამ.

მერე რაა? – უპასუხა სლავიკმა. – სამაგიეროდ ყველა ციფრი დაემთხვა.

მამა უხმოდ გავიდა გვერდზე და სკამზე ჩამოჯდა. გული ველურად უცემდა. თვალწინ კი ნარინჯისფერი რგოლები დაცურავდნენ… მამამ მძიმედ დახარა თავი.

მამა – მშვიდად დაუძახა სლავიკმა. – შენ არ იდარდო! სენკამ მითხრა, რომ ის მაინც გვაძლევს ზღარბს…

მადლობა! – თქვა მამამ – მადლობა, სენია…

მამა მოწყენილი გაემართა სახლისკენ. ის მიხვდა, რომ არასოდეს დაბრუნდებოდა ის ბედნიერი დრო, როდესაც ასე ადვილად ცვლიან მაცივარს ზღარბში.