1987 წლის 30 იანვარი გათენდა. 90 წელს მიტანებული დიდი ტრაგიკოსი მსახიობი საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იწვა. მიუხედავად ასაკისა, ყველას უკვირდა – რა დაემართაო! ის იყო, მართლაც, უბერებელი ხელოვანი, მარად ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკშიც კი შეინარჩუნა სხივი და ელვარება მზერაში, თვალი არ დაუბერდა!
ჯერ კიდევ 1986 წლის 1 სექტემბერს, 5 თვით ადრე გარდაცვალებამდე, მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეკრება მიძღვნილი სასწავლო წლის დაწყებასადმი. როცა ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა, დარბაზი ფეხზე წამოდგა:
„თქვენ ფეხზე ადექით, რატომ? (პაუზა…) თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია რომ ადექით. თქვენ ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ (რამდენიმე დღეში შეუსრულდებოდა 89 წელი, ამიტომ გამოიყენა ეს საშუალება და არ თქვა, 89 წლის ვარო) და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია. მე არასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი… თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც _ თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი… ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.
და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც _ თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით… მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის. და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ“.
არ წამიკითხავს და არც მომისმენია პროფესიის ასეთი შეფასება და ანალიზი. მსახიობის ეს გამოსვლა ნიმუშია აზრისა და განცდის უკვდავებისა!!!
მას არ ვიცნობდი, არ შევხვედრივარ, არც სცენაზე მინახავს… მაგრამ მთელი ბავშვობა გავატარე მისი და, შესაბამისად, თეატრის სიყვარულით, რადგან ჩემთვის ვერიკო თავად იყო თეატრი. მისი ყოველი გამოჩენა ტელეეკრანზე თავისი მკვეთრად გამორჩეული, შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ფაქტურით, განუყრელი სამაჯურით, რაღაც იდუმალს რომ თხზავდა მასში, დასამახსოვრებელი ინტონაციით, მანიჭებდა აუხსნელ ბედნიერებას!
ვერიკო არ იყო გამორჩეულად ლამაზი, მით უფრო მაშინ, როცა მე ის მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნდა. მას ჰქონდა გასაოცარი მომხიბვლელობა.
დიდი ქართველი თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში `ვერიკო ანჯაფარიძე~ წერს: ”ერთხელ ძალზე საქმიანად დამიბარა: ჩემს რამაზთან დამასაფლავეთ. თუ სისხლი ჩამექცეს, მაშინვე მომისპე სიცოცხლე, _ ამას შენ გიბარებ. შემაძრწუნა დანაბარებმა… რა დაგიშავეთ-მეთქი?! _ წარბი შეიკრა და მკვახედ მიპასუხა: შენ თუ არ გესმის, რომ არ შეიძლება ვინმემ სახემონგრეული ვერიკო ანჯაფარიძე ნახოს, რა ფასი აქვს ჩემდამი შენს დამოკიდებულებასო”.
დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მის ნივთებთან მიახლება. უჯრაში კონვერტს წააწყდა წარწერით `სოფიკოს~. ხელწერა იცნო, ანდერძი აღმოჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე შვილს სწერდა: ”თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, – მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, – ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულ ერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები – ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალება – უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!” (ანდერძი რუსულ ენაზე იყო დაწერილი: ”Если меня хватит удар, – заклинаю всеми, и памятью отца и брата, и жизнью твоих детей, – пожалеть меня. Не позволяй мучаться, все равно, – если приведут к жизни, останусь калекой, а я ничем этого не заслужила. Не тащи меня в больницу, – здесь, на своей кровати, мне легче будет умереть, а я так давно хочу лечь рядом с моим мальчиком. Поэтому существуют сильные усыпляющие средства. Надо сделать инъекцию, – один маленький укол. Ты будешь знать, что этим даруешь мне покой. Только об этом прошу!”).
როგორც ვთქვით, მარადიული ახალგაზრდობა შეინარჩუნა 90 წელს მიტანებულმა. სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო, ისევ – ძიებაში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაშინდელ `საქინფორმის~ რედაქციას შესთავაზა მონოლოგი – მიმართვა ახალგაზრდობისადმი. უცნაურია, რატომ გაუჩნდა ამისი სურვილი, რა დარჩა კიდევ უთქმელი, გამოუვლენელი?! მაგრამ, მისი ეს წერილი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, მოღვაწის ტიპის მსახიობისგან კიდევ ერთი მაგალითია მომავალზე ფიქრისა, დასტური – მისი უბერებელი სულისა. მიმართვა, სათაურით ”ბედი არავის არ ანებივრებს, იგი მხოლოდ ღირსეულთ აჯილდოებს” გაზეთმა ”კომუნისტმა” 1987 წლის 7 მარტს გამოაქვეყნა. ვერიკოს გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი იყო გასული. წერილის უაღრესად საინტერესო მნიშვნელობის გამო, რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ:
”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს. სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები, არამედ სულის ასაკი… კაცზე რომ გაიგონებთ, ”ბედის ნებიერიაო”, – ნუ დაიჯერებთ. ბედი არავის არ ანებივრებს, მაგრამ იგი გაჯილდოებს დაუცხრომლობის, უდრეკობის, პატიოსნებისა და უანგარობისათვის. მით უფრო გულუხვად გაჯილდოებს, რაც უფრო ნაკლებად ფიქრობ დიდებაზე, რაც უფრო მეტად პოულობ ამ ჯილდოს თვით შრომაში.
ერთგულება… ერთგულების ნიჭი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს, იგი უნდა გამოიმუშავო. ადამიანის, საქმის, სამშობლოს ერთგულება იმ დიდი გარჯის ჯაჭვია, საკუთარი იდეალებისა და მიზნების სრულყოფას რომ ხმარდება. ”თვითდამკვიდრება” და ”თვითგამოხატვა” _ ასეთი რამ გაუგებარია ჩემთვის ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. საკუთარ თავს კი არა, იმას ვამკვიდრებ, რაც ადამიანებისათვის ჩემს როლს მოაქვს. მან უნდა მოიცვას მთელი ჩემი არსება, დამიპყროს მთლიანად. და, რაკი მე როლის, თეატრისა და, მაშასადამე, ჩემი საქმის ტყვე ვარ – სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი თავისუფლება – შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი, უბრალოდ, ადამიანური.
დრო გადის. იცვლება თამაშის მანერა. თითქოსდა მოძველდა უწინდელი თეატრალური ”მძაფრი ვნებანი”, მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში ტექნიკასა და გრძნობებს! აზრი დიდი ღირებულებაა, მაგრამ მაყურებელს, უწინარეს ყოვლისა, იტაცებს გრძნობები, განცდები, ვნებანი. დიახ, ვნებანი და დრო აქ არაფერ შუაშია! იქ, სადაც ნიჭია, აუცილებლად აზრიც არის.
მე ცხოვრების დიდი, გრძელი გზა გამოვიარე. უამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავს. დღეს გლოცავთ და მოგმართავთ თქვენ, ახალგაზრდებს: განცდილს ნუ გამოედევნებით; ნუ ითხოვთ: ”შეჩერდი, წამო!” დაე, გადიოდეს დრო, დაე, მოჰქონდეს მას ახალი შრომა, ახალი ძიებანი, ახალი საქმენი, ცხოვრებას უფრო საინტერესოს, შინაარსიანს, უფრო ნათელს რომ ხდის!”.
ახლა, ჩენს კრიზისულსა და მახინჯ დროში, როცა ყველა და ყველაფერი მხოლოდ პიარზეა გადაგებული, როცა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავის განდიდება და პირადი ამბიციები ახრჩობს, ვერიკო ანჯაფარიძის პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიცია იმ დისკურსის გამომხატველია, რომელსაც საქმის თავგანწირული სიყვარული, ერთგულება და უმაღლესი ადამიანური ფასეულობა – ცხოვრების საზრისის ძიება ჰქვია!
ავტორი: საბა მეტრეველი; წყარო: primenewsgeorgia.ge