მძიმე და უსიხარულო ცხოვრება ჰქონდა რომის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იმპერატორს. ცხოვრებამ იგი ნაადრევად მოტეხა და დააბერა, განსაკუთრებით კუჭის წყლული ტანჯავდა მარკუს ავრელიუსს. სწორედ ამის გამო საჭმელს იშვიათად, ზოგჯერ კი საერთოდ არ ჭამდა. ავრელიუსის სიცოცხლე თანდათანობით მის საბოლოო მიზნად – სიკვდილის ცდად და სამზადისად იქცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანებს მაინც შემოგვინახა საკუთარი ფიქრები, სწორედ ის განცდები, რომლის დახმარებითაც იქმნდებოდა სიბრძნე მარკუს ავრელიუსის ყოველ ფრაზაში.
იმპერატორის ფიქრები:
• “ყოველი შენი, ადამიანური სწრაფვა თუ მოქმედება ზოგადად სიკეთის დამკვიდრებას უნდა ისახავდეს მიზნად. ესაა ერთადერთი რამ, რაც ხორციელ სიცოცხლეში არ დაგეკარგება. კეთილშობილების ქმნისას გულში იფიქრე : თუ ამას ვიზავ, ბედნიერი იქნება ჩემი ცხოვრების გზა, რადგან შეუძლებელია ბედნიერი არ იყოს მოქალაქე, რომელიც მთელი სიცოცხლე თანამოქალაქეთა სასიკეთოდ იღწვის და რომელიც სიხარულით იღებს ყველაფერს, რასაც მშობლიური ქალაქი არგუნებს წილად.”
• “თუ შენ ფიქრობ, რომ ღირსი ხარ ისეთი სახელებისა, როგორიცაა კეთილი, თავმდაბალი, წრფელი, გონიერი, თვინიერი, დიდსულოვანი, მაშინ ეცადე არასდროს გახდე მათი უღირსი. ხოლო თუ შენ დაკარგავ ამ სახელებს, მოიქეცი ისე, რომ უცბად დაიბრუნო ისინი. ნუ დაივიწყებ, რომ გონიერება შენთვის ნიშნავს ყოველი საგნის გულდასმით განხილვას; თვინიერება – უდრტვინველად მიღებას მისას, რასაც ბუნება გარგუნებს; დიდსულოვნება კი – შენი მმართველია პატივმოყვარეობისა და სიხარბის წინ. ამრიგად თუ შენ თავს ცნობ ამ სახელთა ნამდვილ “პატრონად”, მაშინ იამაყებ, რადგან შეძელი საკუთარი პიროვნების პოვნა.”
• “თუ შენ დილით ადრე ადგომა გეზარება, მაშინ ასე შეაგონე შენ თავს: მე ვდგები, რათა ჩემი კაცური საქმე აღვასრულო. მაშ რატომღა ვნებივრობ საწოლში? ნუთუ ჩემი დანიშნულება თბილ ზეწრებში ნებივრობაა მხოლოდ? – მაგრამ ეს უფრო სასიამოვნოა! – მაშ შენ სიამოვნებისთვის და განცხომისთვის ხარ შექმნილი… მაშ შენ უმოქმედობისა და არა მოქმედებისთვის მოხველ ამქვეყნად. ეს კი დამღუპველია, ჭიანჭველებიც კი იხდიან თავის ვალს და სამყაროს სრულყოფენ მშვენებით, შენ კი ასეთ დროს ნებივრობ და ვერც კი უახლოვდები ჰუმანურ ნორმებს, ეს კი იმიტომ რომ, უბრალოდ არაფრად მიგაჩნია შენივე თავი.”
და ბოლოს, მარკუს ავრელიუსმა სიკვდილის წინ წარმოთქვა: “ჩვენ ყველანი ერთი საერთო მიზნის ხორცშესხმას ვემსახურებით; ერთნი – ცოდნითა და მიზნის შეცნობით, მეორენი – მის შეუცნობლად.” – მან უკვე იცოდა რომელ მიზანს ემსახურა მთელი ცხოვრება. იმპერატორი სიკვდილის წინ ბედნიერი იყო იმით, რომ მისი ჰუმანური კანონები ოდნავ მაინც უმსუბუქებდნენ მძიმე ხვედრს ჩაგრულებსა და მიუსაფრებს. ასეთ წუთებში ავრელიუსი ფიქრობდა და მღელვარედ ნატრულობდა რომში ტრიუმფით შესვლას, თავისი თანამოქალაქეების სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს და ამ მზერაში ამოკითხულ სიტყვებს, რომ ბედნიერები არიან, რადგან მათი სამშობლო უკვე თავისუფალია.
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი