Skip to content

დროის მანქანა რომ მქონოდა

აღზრდის შესახებ წერა მაშინ დავიწყე, როდესაც ჩემს პირველ შვილს, ოდრის ველოდებოდი. ეს 19 წლის წინ იყო. ოდრიმ სკოლა წელს, ივნისში დაამთავრა, შუათანა ვაჟი – ჩარლი ახლახან შევიდა, ხოლო უმცროსი – ვილი თავის ძმას მომავალ წელს შეუერთდება.

მათი აღზრდის პროცესი ამით ნამდვილად არ დასრულებულა.

მახსოვს, როდესაც ჩემი შვილები სულ პატარები იყვნენ, შურით ვუყურებდი იმ მშობლებს, რომლებსაც მოზარდი შვილები ჰყავდათ. თუმცა მას შემდეგ ვისწავლე, რომ მოზარდ შვილებსაც ისევე ვჭირდებით, როგორც ჩვილებს.

მოზრდილი ბავშვებს ახასიათებს მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, აქვთ პრობლემები, ახალი ინტერესები. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამდენად რთული იქნებოდა პერიოდი, როდესაც ჩემს გულნატკენ შვილებს მხოლოდ ჩახუტებითა და სათამაშოების მაღაზიაში სურვილების დაკმაყოფილებით შვებას ვერ მოვგვრიდი. ცხოვრების ამ ეტაპამდე მშობლები იმაზე მალე მივდივართ ხოლმე, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ბუნებრივია, ვიხსენებ წარსულს, რათა შევაფასო ჩემი, როგორც მშობლის გადაწყვეტილებები.

მშობელს იშვიათად აქვს ბევრი დრო და იმის ფუფუნება, იფიქროს რა იყო სწორი და რა არა. ხშირ შემთხვევაში, რაც ადრე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, დღეს წინდაუხედავ ან უმნიშვნელო ნაბიჯად გვეჩვენება. როდესაც ჩემი უფროსი შვილი, ოდრი დაიბადა, ჩვენი შესაძლებლობები ძალიან მცირე იყო. დავდიოდი საბავშვო მაღაზიაში, ვათვალიერებდი იმ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც ძალიან მომწონდა, თუმცა ყიდვა არ შემეძლო. როდესაც დედაჩემმა დაბადების დღეზე ჩეკი გამომიგზავნა, ძვირადღირებული სათამაშოები ვიყიდე, ჩემი მომავალი ბავშვის საწოლის თავზე დასაკიდად.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დროთა განმავლობაში ფინანსური შესაძლებლობის მატებასთან ერთად, მსგავსი ნივთებით სულ უფრო ნაკლებად ვინტერესდებოდი, წვრილმანებზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მიმაჩნია რომ მშობლები ბავშვებისთვის იმაზე მეტს ვყიდულობთ, ვიდრე სჭირდებათ. სათამაშოები აბედნიერებდათ ჩემს შვილებს, მათი ბედნიერება კი – მე. ბავშვს რაც მეტი აქვს, კიდევ უფრო მეტი სურს. ჩვენ მუდმივად ვუსრულებთ თხოვნებს და ამით ცუდ შედეგებამდე მივდივართ: მათ აღარ შესწევთ უნარი, რომ თავად გაერთონ და იფიქრონ, რომ ცხოვრება სასურველი ნივთის გარეშე არ ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ მეამაყება ჩემი და ჩემი მეუღლის, როგორც მშობლების ღვაწლი, შეუძლებელია ჩემ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყო.

თუკი დროის მანქანა მექნებოდა, 19 წელს უკან დავაბრუნებდი და აქცენტს გაცილებით უფრო ღირებულ საკითხებზე გავაკეთებდი: ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი სამყაროა.

ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემს ოჯახთან ერთად ბუნებაში გასვლა, ლაშქრობა, ველოსიპედებით სეირნობა, ციხესიმაგრეების აშენება და თოჯინებისთვის ტანსაცმლის კერვა იყო. ამ ყველაფერმა ჩემს შვილებს ერთი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა: გართობისა და სიხარულისთვის მარტივი გზების ძიება.

ნაკლებ დროს დავუთმობდი საოჯახო საქმეს და მეტ დროს გავატარებდი ჩემს შვილებთან ერთად. როდესაც ჩარლი მეორე კლასში იყო, მასწავლებელმა დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო იდეა მოიფიქრა. გამოსცა წიგნი, სახელად ,,დედაჩემი’’ და მასში ყველა მოსწავლეს დედას აღწერა სთხოვა. აი რა ეწერა ჩარლის ფურცელზე: ,,დედაჩემი სულ სახლს ალაგებს.’’

თუმცა მხოლოდ ეს არ იყოს ჩვენი ცხოვრების ისტორია, მაგრამ ბავშვმა ასე აღიქვა. ერთხელაც ჩემმა გოგონამ მკითხა, ,,რატომ ვჩხუბობთ უმეტესად საოჯახო საკითხებზე?’’

 ის მართალია. თუმცა ამ საკითხებზე ჩხუბი ხანდახან საჭიროც იყო, რადგანაც ისინი ეხებოდა მშობლების დროისა და ენერგიის პატივისცემასა და პასუხისმგებლობას. აუცილებელია ბავშვებს გამოუმუშავოთ საკუთარი თავის, შინაური ცხოველებისა და სახლის მოვლის უნარი. სხვისი საქმის კეთება არავისთვის არის კარგი.

რაც შეეხება სულიერ სფეროს, მე არ აღვზრიდი ჩემს შვილებს რომელიმე კონკრეტული რელიგიით, იმ წარმოდგენებით, რომელიც მე მაქვს. ვეცდებოდი სულიერი ძიებისკენ მომეწოდებინა.

ჩვენ გვქონდა ხშირად მოგზაურობის ბედნიერება. მივდიოდით შორს, ეგზოტიკურ ადგილებში, ტელევიზორისგან, ტელეფონებისგან, მეგობრებისგან მოშორებით და მთელი ყურადღება ერთმანეთზე გადაგვქონდა. აქ ორ კვირაში ჩემი შვილები იმაზე გაცილებით მეტს სწავლობნენ, ვიდრე სახლში ორი თვის განმავლობაში. ამის გამო უფრო ხშირ მოგზაურობას ვისურვებდი.

როგორც მშობლების უმეტესობა, ვფიქრობ, საკმაოდ ღირსეულად ვხვდებოდი ჩემი შვილების საჭიროებებს. წლების განმავლობაში იმდენად დაკავებული ვიყავი მათზე ზრუნვით, რომ საკუთარი თავი უარვყავი. შვილები სპორტულ აქტივობებზე დამყავდა და მათ საათობით გარეთ, სკამზე ველოდებოდი, იმის მაგივრად, რომ ამ დროის მანძილზე ტენისით, ცეკვით ან ფიტნესით დავკავებულიყავი.

ის რასაც ყველაზე მეტად ვნანობ, მცდელობაა, საუკეთესო გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ მივაღწიე. არ მინდოდა ბავშვებს რაიმე მცირედი იმედგაცრუებაც კი ეგრძნოთ. ყოველთვის ვცდილობდი მათ დაცვას, თუმცა შვილისითვის მწუხარების თავიდან აცილება არცერთ მშობელს არ ძალუძს.

ახლახან გავაანალიზე, რომ რაც მეტად გიყვარს ადამიანი, უფრო უნდა მოინდომო მათი გაძლიერება. მივხვდი, რომ რაც მეტ განსაცდელს ხვდებიან, უფრო მიმეტევებლები, თანაგრძნობის უნარის მქონენი და ძლიერები ხდებიან.

ახლა კი, როდესაც ჩოგბურთის ტურნირზე ჩემი შვილის დამარცხებას ვუყურებ, როდესაც გოგონასთვის იმის თქმა მიწევს, რომ ვერ დავფარავ ისეთი კოლეჯის საფასურს, რომელიც სტიპენდიებს არ იძლევა, ვხვდები, რომ უფრო მნიშვნელოვანი შვილების ცხოვრების სრულყოფა კი არა, არამედ იმ მხნეობისა და სიძლიერის გამომუშავებაა, რომელიც ცხოვრების დაბრკოლებების გადალახვაში გვეხმარება.

მე მჯერა, რომ დღეს ჩემი სამივე შვილი ბედნიერია, იმიტომ რომ მათ კეთილდღეობის შეგრძნება შინაგანად აქვთ, ეს კი ინდივიდუალურ სიძლიერეზეა დამოკიდებული.

მე ვგეგმავ, რომ დიდხანს ვიყო მათ გვერდით, თუმცა ცალსახაა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი ჩემ გარეშე გააგრძელებენ ცხოვრებას და მსურს, რომ იმ დროისთვის შემდგარი და სრულფასოვანი ადამიანები იყონ. ამის მიღწევას, რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ცდილობს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა