დღეს პაოლოს 121 -ე დაბადებისდღეა.
ჩვენ ვიცნობთ არაერთ პოეტს, რომელსაც სიცოცხლე გაუწირავს იდეებისათვის, სამშობლისათვის, სამართლიანობისათვის. პაოლომ ბოლშევიკების წინააღმდეგ ამგვარი პროტესტით, ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრა.
პაოლო იაშვილზე და მის მეგობრებზე ამბობდნენ, თბილისში შემოსულ ბოლშევიკებს შეეგებნენო, სინამდვილეში, როგორც ირკვევა, მათ სურდათ აღელვებული მოქალაქეების დაწყნარება და ბოლშევიკებისათვის იმის თხოვნა, რომ უაზრო რეპრესიები არ დაწყებულიყო. ერთგვარი იმედიც კი ჰქონდათ, რომ ბოლშევიკი ქართველები, რომლებიც მოუძღოდნენ წითელ არმიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას მხოლოდ სოციალურ ფორმას შეუცვლიდნენ და მეტს არაფერს.
“დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი წითელ რუსეთის დაძმობილებით” – წერდა პოეტი.
წითელი რუსეთი ახალი და მეგობრული რუსეთი კი არ იყო, ძველი რუსეთის იმპერიისაგან განსხვავებული, ახალი, მოდერნიზებული იმპერია გახლდათ დიახ, მაშინ ბევრი შეცდა.
მწარედ შეცდა პაოლოც, ვერ „დაგვირგვინდა ჩვენი მომავალი წითელ რუსეთის დაძმობილებით”.
იმ დროს ბევრს არ ეგონა, რომ წითელი რუსეთი საქართველოს ანექსიას მოახდენდა და ქართველი ხალხი ისევ ეროვნული კირთების ქვეშ მოექცეოდა.
თუმცა, პაოლოს სამშობლისათვის არ უღალატია არასდროს. თოფი არ უსვრია ქართველი კაცისთვის, ბოლშევიკურ პარტიაში არასდროს არ შესულა და არც “პროლეტარი პოეტი” გამხდარა.
1930 წლებიდან პაოლოს ცხოვრება შეიცვალა, ყველა აღნიშნავს, რომ სცენის, ტრიბუნის, არტისტიზმის ხალხის მოყვარული პაოლო საზოგადოებას ერიდებოდა, ჩაიკეტა თავის თავში. იშვიათად ხვდებოდა მეგობრებს, “თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიციანსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა.
იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. გარშემო სულ რეპრესიას, საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს ხედავდა.
მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე ხშირად ისმოდა მისდამი ბრალდებები “მოღალატური საქმიანობის” გამო. ეს კი უკვე მუქარა იყო. იმ დროს ხომ არა ერთ მწერალს ან მის ოჯახის წევრს მოუსწრაფეს სიცოცხლე.
პაოლომ დაასწრო და თვითონ გამოუტანა განაჩენი საბჭოთა ხელისუფლებას, მხოლოდ ეგაა, რომ მისი აღსრულება 1991 წლემდე ვერ მოხერხდა.
რაც უნდა კარგი, მომხიბლელი საბაბით მოდიოდეს, „მოილაშრქებოდეს“ ქართველი, უცხო, არაქართული სამხედრო დახმარებით, საქართველოს ცუდი ხელისუფლებისაგან გასათავისუფლებლად, შეუძლებელია ცუდი შედეგები არ დაუდგეს ქვეყანას. უცხო, მაინც უცხოა და დამპყრობელია.
ნოდარ დუმბაძე პაოლო იაშვილზე წერს :
მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე. რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ. რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.
მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.
და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.
მოამზადა მარი ბოკერიამ