რა საინტერესოა ცხოვრება თავისი განუმეორებელი ხიბლითა და სიურპრიზებით. არავინ იცის რა ელის მომავალში, თუმცა თითოეულ ჩვენგანს მეტნაკლებად ერთნაირი გზის გავლა გვიწევს დაბადებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე. საბავშვო ბაღში ვსწავლობთ, სკოლაში ვსწავლობთ, უნივერსიტეტშიც იგივე სიტუაციაა და ბოლოს, კვალიფიკაციის ამაღლების დროსაც ვწვდებით სწავლის სიტკბოებას. ფაქტია, რომ ცხოვრების ქარტეხილებითა და მოულოდნელობებით აღსავსე გზის უმეტესი, თითქმის ნახევარი სწავლას, სწავლას და მხოლოდ სწავლას უკავშირდება, თუმცა ესეც ინდივიდუალური არჩევანია და თვითონვე წყვეტ ისწავლი თუ არა შემდგომში, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ზოგჯერ ნასწავლი კაცის შრომა რად ფასდება და წარმოიდგინეთ, უსწავლელი როგორ იარსებებს ამქვეყნად. ამჯერად სწავლის აუცილებლობაზე წერა ძალიან შორს წამიყვანს და მხოლოდ ჩვენი ცხოვრების იმ პერიოდზე გესაუბრებით, რომელსაც “სასკოლო რეჟიმს” ვუწოდებთ.
პირველ კლასში ვერ აცნობიერებ რაოდენ რთული და ამავდროულად საინტერესო პერიოდის გავლა გიწევს მეთორმეტემდე. ცდილობ წარმოიდგინო რა კარგია გახდე დიდი, თუმცა იმ მომენტში, როცა თვრამეტის სრულდები, ყველაფერი იცვლება. თვალზე ცრემლი გადაგება და ნატვრობ წარსულის წლებს. ბავშვობა გახსენდება თავისი ლამაზი და “ცელქი” დღეებით, როცა სკოლაში წასვლა გეზარებოდა და მასწავლებლებს უცხოპლანეტელებად აღიქვამდი, თუმცა იმასაც მალევე იაზრებ, რომ ის ტკბილი დრო აღარ დაბრუნდება და ეჩვევი მომავალს, როცა საჭიროა ოცნების სათვალესთან სამუდამოდ დამშვიდობება.
თვრამეტის ვარ და ვფიქრობ წარსულის სასკოლო დღეებზე, რომელიც ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემში. გუშინდელივით მახსოვს ის პერიოდი, როდესაც პირველ კლასში შევდგი ფეხი. მახსოვს დედაჩემი მთელი წინა დღე მამზადებდა პირველი სექტემბრისთვის, როცა ჩემი წარმოდგენით, დიდობაში შევაბიჯებდი. მახსენდება ჩემი პირველი მასწავლებელი, იგივე მეორე მეორე მშობელი. ბევრი კურიოზიც გადამხდენია მასთან ერთდ და ახლაც დადებითად აღვიდგენ პერიოდს, პირველიდან მეოთხემდე, რომელსაც სუფთა ხუთებით ვამთავრებდი და შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებოდი, თუმცა ათი წლისას ვერ წარმომედგინა ჩემი შემდეგი შვიდი წელი.
დაბალ კლასებში ალბათ ვერც გავიფიქრებდი, თუ როდესმე ღიმილით გამახსენდებოდა სემესტრის ბოლო, როცა გაფაციცებული ველოდი ნიშანს თითოეულ საგანში, ოლიმპიადების მიმდინარეობა, როცა ბოლომდე ვცდილობდი მთელი ცოდნა აღმედგინა. გაკვეთილების მომზადება და შემდეგ საკუთარ თავთან ჩაბარება იმ “საყვარელი ნიშნისა” და კეთილი მომავლისთვის, კიდევ კამათი კლასელებთან, რადგან “შატალოებზე” უარს ვამბობდი… მოკლედ ყველაფერს, რაც იმ პერიოდის დაძაბულ წუთებად მიმაჩნდა, ახლა ღიმილით ვისხენებ და შემიძლია წარმატებისკენ სვლა კვლავ განვაგრძო.
იყო ჩვილი, ძალიან მარტივია, რადგან ამ დროს შენი მთავარი “საქმე” ჭამა და ძილია. იყო პატარა ბავშვი, ეს უფრო რთულია, თუმცა იწოდებოდე თინეიჯერად, ეს ყველაზე ძნელი საქმეა, რადან ამ დროს აუცილებელია გააცნობიერო რა გსურს, შეგწევს თუ არა მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი ძალა და თან ისწავლო ისე, რომ ლაქა არ დაეტყოს შენს აკადემიურ მოსწრებას. ისიც ხომ ვიცით, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”? ჩვენ ვაშენებთ ჩვენივე მომავალს და ახალ წარმატებებს, “აგურებს” ვუმატებთ. ბოლოს კი ვტკბებით “აშენებული შენობით”, უფლება გვაქვს შიგნით ფეხი შევდგათ და ჩვენივე ცოდნით იქვე ვიარსებოთ კიდეც…
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი