„შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი.”
– მერაბ მამარდაშვილი
ასე კვდებიან დიადი გრძნობები… უფრო სწორად, ასე ვკლავთ დიად გრძნობებს. „მკვლელობა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ ვართ ჩვენი თავის ავი თუ კარგი პატრონი და რაც მოგვივა, ყველაფერი ჩვენი თავით მოგვივა, ყოველთვის.
ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელმაც საკმაო ასაკს მიაღწია, ჯერ კიდევ სიყვარულის ვერ (არ) პოვნასა და მოლოდინში. ამ რეალობის ასახსნელად კი რიგ მიზეზებს ასახელებენ, არადა ავიწყდებათ : „სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.” (რუმი) ზოგჯერ იმხელა ბარიერს აღვმართავთ, საკუთარ თავსაც ვეღარ ვხედავთ. თუ საკუთარი თავი ვერ დავინახეთ და ვერ ვიპოვეთ, როგორ ვიპოვით სხვას, ან კიდევ სხვაში საკუთარ თავს?!
რამდენიმე დღის წინ ერთი ფილმი ვნახე „სიახლოვე“ (The closer). ფილმში საკმაოდ ცნობილი და კარგი მსახიობები მონაწილეობენ, მეგონა საინტერესო რამ მელოდა წინ, მეც კარგად მოვკალათდი და შევუდექი ყურებას. ბოლოს იმედი გამიცრუვდა, ვფიქრობდი, რომ ტყულიად დავკარგე 1 საათი და 44 წუთი. ფილმის აღწერის ქვემოთ წავიკითხე კომენტარები, სადაც წერდნენ: „ქასთი ისეთი ჰყავს მეტს ველოდი“, „არ ღირს ყურება“ და მისთანანი… შემდეგ დავფიქრდი, რაში დასჭირდებოდა რეჟისორს ცნობილი მსახიობების გამოყენება უაზრო, არაფრისმომცემ ფილმში. მოკლედ რომ გითხრათ, სიუჟეტი ვითარდება ლონდონში, თანამედროვე ეპოქაში. ფილმის მთავარი გმირები არიან: ორი ქალი და ორი მამაკაცი. ამ გმირებიდან იქმნება 2 წყვილი, რომლებიც მთელი ფილმის მიმდინარეობის დროს ვერ გარკვეულან ვის რომელი ქალი(კაცი) უყვარს . ერთმანეთში ცვლიან პარტნიორებს, ღვრიან ცრემლებს, ფიქრობენ რომ შეცდნენ და ეს კია არა, მეორე უყვართ. მიდიან იმ მეორესთან, ხვდებიან რომ ის კი არა აი ეს უყვართ ვისგანაც წავიდნენ… ასე გრძელდება გრძნობათა დაუსრულებელი გაუკრვევლობა მთელი ფილმის განმავლობაში.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს სიუჟეტი სულაც არ არის უაზრობა და აბსურდი. ეს ჩვენი რეალობაა. ასეთები ვართ ადამიანები, არასდროს ვიცით რა გვინდა, ვინ გვინდა და ვისთან გვინდა ბედნიერება…
პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს გვიჭირს და გვეზარება ფიქრი… გვეზარება ფიქრი საკუთარ გრძნობებზე, რომელმაც შეიძლება ძალიან ბედნიერები გაგვხადოს. მაგრამ, ზოგჯერ ვფიქრობთ ბევრს, იმდენად ბევრს, რომ ყველაფრის სურვილი გვიქრება. ბევრი ფიქრი ყოველთვის შობს ეჭვებს, შესაძლოა უსაფუძვლოსაც კი, რომელიც არასდროს მოგვცემს საშუალებას ვიყოთ ბედნიერები.
ბედნიერება სპონტანურ, წამიერ და არა ასჯერ გაზომილ ქმედებებში უნდა შეიგრძნო. დაიჭირე ბედნიერების წამი!
იპოვეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!
ავტორი: ნია გუგუნავა