გოგი დოლიძესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. იგი არა მარტო ჩემი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მეგობარი იყო, იშვიათად მინახავს კაცი, რომ ასე უყვარდეს ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს.
გოგი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა, მოგვესიყვარულებოდა ყველას, მერე დედაჩემს გულში ჩაიკრავდა, აიღებდა ჩონგურს და მასთან ერთად დაჰღიღინებდა ძველ გურულ სიმღერას.
იშვიათია კაცი, რომელიც ბუნების მიერ ისე იყოს დაჯილდოებული, როგორც გოგი დოლიძე.
მის პიროვნებაში შერწყმული იყო არაჩვეულებრივი მუსიკალური და ადამიანური თვისებები, ამიტომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც გოგი აღმოჩნდებოდა, ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. გოგის გამორჩეული მუსიკალური ნიჭი ჰქონდა.მას ჰქონდა უნარი, ერთნაირი სიძლიერით შეესრულებინა როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე სესტრადო სიმღერები. იგი ერთნაირად ფლობდა გიტარასა და ჩონგურს. სიმღერაში გოგი ისე მოკრძალებული პარტნიორი იყო, როგორც ცხოვრებაში. ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, რადიოში ისმის სიმღერა გოგი დოლიძისა და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით. რა საოცარი ანსანბლისტია გოგი – იგი მორიდებულად უკან იხევს და ცდილობს კარგი, სასიამოვნო ფონი შეუქმნას თავის პარტნიორს. ასეთი თვისება იშვიათად, რომელიმე მომღერალს გააჩნდეს.
გოგის კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, – იგი სულში უძვრებოდა მსმენელს, ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენდა მასზე.
ერთხელ, მოსკოვში გასტროლების დროს, კონცერტის შემდეგ სასტუმრო „როსიაში“ შევიკრიბეთ. ჩვენთან ერთად უცხოელებიც იყვნენ. გოგიმ გიტარა აიღო და კონცერტი დილამდე გაგრძელდა.
უცხოელები განცვიფრებული იყვნენ გოგის სიმღერით, ეს კაცი რომ ევროპაში მოღვაწეობდეს, იგი ესტრადის აღიარებული ვარსკვლავი იქნებოდა, თქვეს.
გოგი ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი იყო. მას ხომ ყველა უყვარდა. ეტყობა ამდენ სიყვარულს გულმა ვერ გაუძლო.
არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, რომ ისე უყვარდე შენს ხალხს, როგოც გოგი დოლიძე უყვარდა და უყვარს საქართველოს. გოგის სახელი სიყვარულივით უკვდავია.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა