ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
– იცოდით ნება ჩემი?
– ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი
საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ ვიცი, არ წამიკითხავს.
– შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
– გზითა მართლითა ვიდოდი საპყართა განვიკითხავდი მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, –
მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
– შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
– დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
– შენ?
– რა?
– მოგიკლავს ადამიანი?
– არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
– გითქვამს ტყუილი?
– ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.
– გიმრუშია?
– არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
– გიგმია ღმერთი?
– არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
– თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
– ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
– რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
– განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ?
– ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!
– მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან
კი ისმოდა ქნარის ხმა.
– მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
– შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი
იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
1913 წ.