გუდამაყარში, სოფელ ჩოხის აღმოსავლეთით ერთი შუბლწამოშვერილი მთა დგას, რომელსაც გუდამაყრელები საქართველოს გადმოსახედს ეძახიან. სხვა მთებსაც ჰქვიათ სახელები: ჩაჭრილაი, ოზანო, შირიმი, ქიდაქი, კანჩხი, ნაროვანი, საჯიხვე და კიდევ სხვა მთები, რომელთაც შემოუზღუდავთ გუდამაყრის ხეობა და გუდამაყრელი გარსშემოჯარული მთებისა და მათ წვერებზე ჩამოყრდნობილი ცის გარდა, ვერაფერს ხედავენ. ადრე იშვიათად თუ წავიდოდა გუდამაყრელი სხვაგან, მაგალითად ხევსურეთისა და მთიულეთის სალოცავებში, ან ცხვარს გარეკავდა კასპიისპირეთისაკენ ხევის გავლით, ან სასიგნალო კოშკებზე ცეცხლები აენთებოდა და ეს ნიშანი იყო, რომ საქართველოს მტერი შემოესია. შეკაზმავდნენ ცხენებს რჩეული ვაჟკაცები, ხატის კარზე დაამწყალობებდა ხევისბერი და მიდიოდნენ სამშობლოს დასაცავად. ახლა წარსულის უტყვ მოწმეებადღა დგანან ფუნქციადაკარგული, კედლებჩამორღვეული სასიგნალო კოშკები.
ბრძოლებიდან ბევრი უკან აღარ ბრუნდებოდა და რაკი დასატირებლად დედებს მათი საფლავები არ ჰქონდათ, სატირლად სწორედ ის მაღალი მთა ჰქონდათ ამორჩეული, რომელსაც საქართველოს გადმოსახედს ეძახიან. ამ მთის წვერიდან, ოთხივ კუთხივ, ხელისგულივით მოჩანდა თითქმის მთელი საქართველო. ომში დაღუპულ შვილებს დანატრებული დედები წაიღებდნენ შვილების ნაქონ ტალავარს, ავიდოდნენ მთის წვერზე, გადახედავდნენ საქართველოს, მთის ყვავილებით მოქარგულ მოლზე დააფენდნენ შვილის ტალავარს, თვალცრემლიანნი გაჰყურებდნენ მთებს, მთების გადაღმა ველებს, იქამდის, სადამდისაც კი მზერა მიუწვდებოდათ და სადღაც შორს წარმოიდგენდნენ შვილის საფლავს, მიაჩერდებოდნენ და დაიტირებდნენ ხმით.
საქართველოს გადმოსახედიდან ღამღამობით, მოწმენდილ ამინდში თბილისიც მოჩანდა და ბავშვობაში რამდენჯერ ავსულვართ მე და ჩემი ტოლები თბილისის სანახავად ამ მთის წვერზე. ოდესღაც ამ მთაზე ბერებსაც უცხოვრიათ და ახლა იქ მათი მიწაში ჩამარხული სენაკებია შემორჩენილი. იქვე ახლოს ცივი წყაროც მოჩუხჩუხებს და რამდენიმე ქვის ჯვარიცაა მიწაში ჩარჭობილი. აქ მაცხოვრებელი ბერები ისეთი წმინდა ყოფილან, რო ფრენა შესძლებიათ. მერე რწმენა შერყევიათ და ფრენის ნიჭი დაუკარგავთ. მას მერე მიტოვებულია მათი სენაკები და წლითიწლობით მიწაში იფარება. ალბათ როდესმე მთლიანად შესჭამს, ერთიანად გადაუვლის მიწა. არა და აქ ამოსულს რამდენჯერ მიოცნებია ბავშვობაში, იმ ბერებივით მეც შემძლებოდა ფრენა და იქით და აქეთ მეფრინა საქართველოს ცაზე. ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ სიზმარში ხშირად დავფრინავდი.
ვინ იცის, რამდენ დედას დაუტირნია აქედან შვილის საფლავი. საქართველოს ხომ მტერი არასოდეს არ ელეოდა და ხან დიდგორი იყო, ხან შამქორი, ხან მარტყოფი, ხან ბასიანი და იმ უთვალავ ბრძოლებს შორის ბოლო იყო აფხაზეთი და რომ მეგონა გუდამაყარი ხალხისგან დაიცალა, რომ მეგონა საქართველოს გადმოსახედმა ფუნქცია დაკარგა, ერთ მზიან დილით სათიბზე მიმავალი, მოხუც ქალს და მის ორ პატარა შვილიშვილს წამოვეწიე. ისინი მე ვერ მხედავდნენ და ბილიკით საქართველოს გადმოსახედისაკენ მიდიოდნენ ზემოთ.
– ბებო, იმ მთის წვერიდან გამოჩნდება აფხაზეთი? – ეკითხებოდა შვილიშვილი ქალს.
– კი, ბებო გენაცვალოს, იმ მთიდან მთელი საქართველო გამოჩნდება.
– აფხაზეთი ხომ საქართველოა, ბებო?
– საქართველო, მა რა არის, შენ შემოგევლოს ბებო!
– მაშ რატო არ შეიძლება იქ წასვლა და მამიკოს საფლავის მოძებნა?
– იმიტომ, რომ არ გვიშვებენ.
– ვინა?
– მტრები, ჩვენი მტრები.
ბავშვი გაჩუმდა. ქალს ხელში ფუთა ჰქონდა გამოკრული, ეტყობა, შვილის ნაქონი ტანსაცმელი ეწყო შიგ. მერე მე თიბვა დავიწყე და ისინი დიდხანს მიდიოდნენ აღმა, წერტილებივითღა ეტყობოდნენ შუბლწამოშვერილ მთაზე. საღამოს, მზემ რომ აიკრიფა, ნაგრილები ისევ გამოჩნდნენ. ქალი მოდიოდა მსუბუქად, იმის უკან კი პეპლებივით მოფარფატებდა ორი პატარა გოგო. შუბლწამოშვერილი მთა იდგა გოროზად აზიდული, თან ამაყი, თანაც სევდიანი. დღეს ხომ მან კიდევ ერთხელ აასრულა თავისი ვალი და “დაანახვა” დედას “შვილის საფლავი”.
მზეც ჩადიოდა და გუდამაყრის ვიწრო ხეობას ნელ-ნელა ღამის ბინდი ეპარებოდა.
გოდერძი ჩოხელი