Skip to content

გინდა ნამდვილი “მშვიდობა”?!

საუბრისას ხშირად შემინიშნავს, რომ ადამიანები მშვიდობას “სიწყნარეს” უწოდებენ. ისინი თვლიან, თუკი არავინ ჩხუბობს და სიჩუმეა, ე.ი. მშვიდობაა… მსგავსი მოსაზრება ჩემში პროტესტის გრძნობას აღვიძებს, რადგან ეს ჩემთვის მშვიდობა კიარა, დაკონსერვებული თევზია (პირობითად, “შპროტი” 🙂 ), რომელიც დიდი ხანია გაფუჭდა და მისი გახსნისა და გადაყრა–გასუფთავების მაგიერ ადამიანს ურჩევნია დალუქული შეინახოს, თუნდაც, ეს სიმყრალე და მომწამვლელი სიბინძურე შიგნით კვლავაც განისვენებდეს…

მე ასეთ “მშვიდობას” ვერ ვეგუები (და მომკალი! :)) )… ჩემთვის ეს სიყალბეა, რომელსაც (როგორც მურაბის ქილას) გარედან ქაღალდი მიაწებეს და წააწერეს: “მშვიდობა 2015”…

დედა, რა უნდა ამ გოგოსო?! – იფიქრებ შენ :))) … მშვიდობა მინდა, მშვიდობა :)) … ოღონდ, ასეთი არა, ნამდვილი…

მახსოვს, ბავშვობაში მამამ მითხრა ფრაზა: “ გინდა მშვიდობა?! ემზადე ომისთვის!”… მაშინ ეს აგრესიულად და რთულად მომეჩვენა, მეც ზოგიერთებივით ვიფიქრე, რომ მეც “შპროტი” მერჩივნა ამდენ “ჩალიჩს”, მაგრამ ეს ბავშვურად მომივიდა. წლების მატებასთან ერთად ეს ფრაზა ხშირად ტრიალებდა ჩემს გონებაში და ვცდილობდი მისი ახსნა ვიზუალურად წარმომედგინა. ახლა გამახსენდა ფრაზა სკოლის დაწყებითი კლასებიდან:”თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია”. კიდევ, მშვიდობა სახლის გენერალურ დალაგებას ჰგავს. იმისათვის, რომ სისუფთავე და წესრიგი დაამყარო, ჯერ მტვრის კორიანტელს აყენებ და ყველაფერს ურევ, შემდეგ კი ალაგებ…

რაში გვჭირდება მშვიდობა?! იმისათვის, რომ მშვიდად, ბედნიერად და ჰარმონიულად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ ეს “სინამდვილეს”/”სიმართლეს” მოითხოვს, ხოლო სინამდვილე კი ვერ ჰგუობს სიყალბეს. გამოდის, რომ მშვიდობისათვის უნდა გავანადგურო ყოველივე ყალბი (აქ ვინმე მონდომებული, ნაციზმშიც დამდებდა  ბრალს :)) ) … ყალბი ხასიათი, ყალბი ღიმილი, სიყალბე საკუთარ თავთან, სიყალბე ურთიერთობებში და საერთოდ ყველგან, რაც ძალიან რთულია, რადგან ეს ომია. როდესაც გადაწყვეტ გაანადგურო ყოველივე ყალბი საკუთარ თავში, ეს საშინელი ტკივილია, თითქოს სკალპს გხდიან ან ცოცხლად გატყავებენ (არცერთი გამომიცდია, მაგრამ უკვე წარმოდგენამაც შემზარა…), თითქოს, ინგრევი შიგნიდან, მაგრამ ამის მიზანია გაანადგუროს ყალბი, მიწამდე გაასწოროს, რომ ახალი აშენდეს სუფთა ფურცლიდან.

ეს ცვლილება იმდენად რთული პროცესია, რომ ადამიანი ინსტინქტურად ბრჭყალებით ეპოტინება ძველს (შეჩვეულს, უსაფრთხოს), მიუხედავად იმისა, რომ გრძნობს ამ ცვლილების გარდაუვალ აუცილებლობას… ადამიანის საქციელი ორი ემოციიდან გამომდინარეობს: სიყვარული და შიში. შიში გვაიძულებს დავიხიოთ უკან, დავბლოკოთ საკუთარი გულისხმა და გავიქცეთ იქ, სადაც მიჩვეულები ვართ ყოფნას. თუმცა, არ ვიქნები ასეთი რადიკალური და ვიტყვი, რომ ცვლილება არ წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას მათთვის, ვისთვისაც “შპროტი” მისაღებია. ასეთი ადამიანები მეტისმეტად დამაჯერებელ “რაციონალურ” მიზეზებს ჩამომითვლიან, ვერც შევედავები და არც უნდა შევედავო, რადგან ეს მათი არჩევანია… ცვლილებები (ნგრევა და ხელახალი შენება) ხდება მათთან, ვინც გულს უსმენს და პროგრესისკენაა მიდრეკილი… სიმართლისა და ნამდვილი სიმშვიდის მაძიებელი ადამიანისათვის დამღუპველია სიყალბეში ცხოვრება, ასეთ ადამიანს ყალბი ხუხულები ყოველ ჯერზე ჩამოეშლება თავზე, სანამ გულის ხმას არ მოუსმენს (პირადი გამოცდილების სკივრიდან)…

“ემზადე ომისთვის” ნიშნავს, იცოდე (ნამდვილი) “მშვიდობის” ფასი/საფასური… “

“ემზადე ომისთვის” ნიშნავს, არ მოატყუო საკუთარი გული და აქედან გამომდინარე, ღიმილიან ტყუილში ცხოვრების უფლება არ მისცე სხვებს. თუკი ვინმეს ეტკინება ის, რომ შენ გულს ვუსმენ, ე.ი. პრობლემა შენში კიარა – მათშია, რადგან ისინი გულს კიარა, საკუთარ ეგოს უსმენენ.

“ემზადე ომისთვის” ნიშნავს, გაუწიო წინააღმდეგობა ყველას, ვისთვისაც შენი გულისხმით ნაკარნახები მიუღებელი, ამორალური ან არასწორი იქნება. ვერ გაგიგებენ?! მათ საკუთარი თავის არ ესმით, შენ რატომ უნდა გაგიგონ?! 🙂

“ემზადე ომისთვის” ნიშნავს, უარი თქვა დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე და გაბედო იაზროვნო ფართოდ, გახსნილად.

“ემზადე ომისთვის” ნიშნავს, იცოდე ნამდვილი ბედნიერების ფასი, აწიო თავი, გაიმართო მხრებში, ააფრთხიალო ფრთები თავისუფლად და თქვა ის, რაც მარწუხებად აქვს შემოჭერილი შენს ლამაზ არსებას…

“ემზადო ომისთვის” გამბედაობას მოითხოვს, ეს გზა ყველასთვის არ არის, მაგრამ შენი გადასაწყვეტია, რომელია გზა, რომელსაც გკარნახობს გულის გული და არა ეგო…

“თუკი სხვას გამოუვიდა, გამოგვივა ჩვენც, ხოლო თუკი ჯერ არავის გამოსვლია – პირველები ჩვენ ვიქნებით!”

ყოველივე ამას ახლავს ერთი დიდი შიში: “ომი რომ უსასრულოდ გაგრძელდეს?! იქნებ, არ ღირდა მისი წამოწყება, ხომ მშვენივრად ვგრძნობდი თავს?!” ომი უსასრულოდ არ გაგრძელდება, მას ექნება ლოგიკური და დამსახურებული დასასრული, რომელიც ნაბრძოლმა და ნაღვაწმა მიიღე და ახლა შეგიძლია დატკბე მშვიდობის კოქტეილით… ღირს თუ არა ბრძოლა ამისთვის?! დავფიქრდი, თუკი შევეგუები და ვიქნები კონფორმისტი, ვიცხოვრებ ისე, როგორც სხვებს უნდათ, ჩაკეტილი ჩარჩოებით, შეზღუდული აზროვნების სტერეოტიპებით, ფორიაქით სულში, ამით რა მაგალითს მივცემ ჩემს შვილს?! ისწავლის ჩემგან სიმამაცეს და შეუდრეკელობას თუ ისიც ასევე ჩარგავს ქვიშაში თავს?! იქნებ, იმით დავიიმედო თავი, რომ პროტესტის ნიშნად მაინც არ დამემსგავსება 🙂 … ძალიან იწვალებ, ბევრს იბრძოლებ, ბევრჯერ გეტკინება, ბევრ ქარიშხალში გაივლი, მაგრამ ეს ამად ღირს…

ალბათ, ზოგიერთები გამინაწყენდებიან, მეტყვიან, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ სხვა გამოსავალი, რომ მათი სიტუაცია მეტისმეტად რთულია და მე ჩემი “მქადაგებლური” საუბრით მხოლოდ გული ვატკინე, მაგრამ მჯერა, რომ ყოველთვის არის გზა (თუნდაც, შემოვლითი) იმისკენ, სადაც არის შენი ადგილი… შესაძლოა, ახლა ვერ ხედავ გამოსავალს, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ცდილობ, უკვე პოზიტივია…

როდესაც რაღაცას მთელი არსებით ვგრძნობ, ვალდებულად ვთვლი საკუთარ თავს, განვაცხადო ამაზე მათთან, ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს, თუნდაც არ მოეწონოს… ეს უბრალოდ ერთი გოგოს აზრებია, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ მისი მშვიდობა ჰგავდეს გაფუჭებულ კონსერვს…

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

 გახდი “ოთხი მოტივის” მკითხველთა კლუბის წევრი facebook-ზე დააკლიკე აქ