Skip to content

გავულამაზოთ ერთმანეთს გარემო, ჩვენ ხომ ეს შეგვიძლია!

პატარა პარკებს დიდები შთანთქავენ, ღარიბებს კი მდიდრები. რას მოგვიტანს ასეთი მიდგომა? დღეს ყველა იმაზე ფიქრობს რა სვას, რა ჭამოს და რა აჭამოს თავის შვილებს, მაგრამ ნუთუ მთავარი საფიქრელი ესაა? მე არ ვეთანხმები იმას, რაც ჩვენს სამყაროშია გამეფებული და ჭარბობს.

ვისაც ფული აქვს ძალაუფლების კვერთხიც მას უჭირავს.

დღეს ყველა ფულის შოვნაზეა გადასული. მხოლოდ ის აინტერესებთ ერთმანეთს შეეჯიბრონ სიმდიდრეში, ყველა ცდილობს აკეთოს თავის საქმე, მაგრამ ერთმანეთს ბოღმით არ უნდა ვუყურებდეთ. პატარა კომპანიებს დიდები ძირავენ, ესაა მთავარი მოტივი სიმდიდრის. თავში მოექცეს და დაიპყროს მსოფლიო. რადგან ფული გაქვს, მსოფლიო შენია? ცხოვრობთ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის და ყველაფერი სულიერი გვერდზე გაქვთ გადადებული. კი, მართალია ფული დღესდღეობით მთავარი პრობლემაა, ფული თუ არ გაქვს ამ ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ცხოვრების უფლება არ გაქვს?

ხშირად ვეკითხები ჩემს თავს რას გავაკეთებდი მილიონერი ან მილიარდელი რომ ვყოფილიყავი. თავს მდიდრად წარმოვიდგენდი, მაგრამ ისეთად არა როგორიც მდიდრების სამოცი პროცენტი მაინც არის. წარმოუდგენლად მეჩვენება ის, რომ სიმდიდრემ შემცვალოს და მხოლოდ საკუთარ თავზე დავიწყო ზრუნვა. პირველ რიგში საქართველოს მოვახმარდი, უპატრონო ბავშვებს და იმ უნარშეზღუდულ ბავშვებს, რომლებიც გვყავს ჩვენ და რომელთაც სამწუხაროდ ყურადღებასაც არ ვაქცევთ. გამვლელები ზიზღითაც კი შეხედავენ ასეთ ბავშვს. მერე რა რომ მას მსოფლიოს შეცვლა არ შეუძლია. მერე რა რომ ის ვერასდროს დახატავს შედევრს ან ვერასდროს დაწერს ბესტსელერ წიგნს, რომელსაც დიდი მოგება ექნება. მერე რა რომ ვერსად ვერ იმუშავებს, ისიც ადამიანია და მასაც აქვს ცხოვრების უფლება. დღეს სამწუხაროდ მათ მხოლოდ 18 წლამდე აფინანსებს მთავრობა, ამის შემდეგ როგორღა უნდა იცხოვრონ. მხოლოდ 18 წელი აქვთ ცხოვრების უფლება და მეტი არა? მე ასეთ ბავშვების შემხედვარე სიბრალული მიჩნდება და ყოველთვის იმას ვნატრობ ნეტავ შემეძლოს და უფრო მეტით დავეხმარო ვიდრე შემიძლია მეთქი.

ბედნიერება. რა არის ბედნიერება. მხოლოდ კომპანიების კონკურენცია და ერთ-ერთის გამარჯვების აღნიშვნა? ან მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ ხვალ გარანტირებული გაქ სიცოცხლე? კი, მაგრამ იმათ ადგილას მაინც წარმოიდგინეთ თავები, ვინც მთელი დღე ქუჩაში ცხოვრობს და მისი ყოველდღიური ყოფა თვითგადარჩენაზეა. მას არ აქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე. ხვალ ის ან იცოცხლებს ან არა, ყოველდღე იბრძვის ლუკმაპურისთვის და იმ დაჭრილ არწივს დამსგავსებია ყორნებს რომ მაინც იგერიებს.

მინდა შეიცვალოს სიტუაცია და აღარ იყოს ამდენი უბედურება ქვეყანაზე. სიმდიდრეა ყველაფრის წინაპირობა. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს შეთანხმებულად იმოქმედონ და ერთმანეთი არ დააზარალონ? რატომ არ შეიძლება კომპანიებში კონკურენცია არ იყოს და ერთმანეთი არ ჩაძირონ, პირიქით გააერთიანონ ისინი და ერთი ძალისხმევით იმოქმედონ. რატომ არ შეიძლება უსახლკარო ბავშვებს დაეხმარონ იმ ფულით, რომელიც ზედმეტიც კი აქვთ და არ სჭირდებათ. რატომ?

ცხოვრება ერთ შანსს გვაძლევს და ერთხელ ვართ ამქვეყნად. გავულამაზოთ ერთმანეთს გარემო, ჩვენ ხომ ეს შეგვიძლია!

გამომგზავნი/ავტორი: გიორგი ლოგუა