ნაწყვეტი იოსიფ ბროდსკის ცნობილი სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა 1988 წლის დეკემბერში, მიჩიგანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან. მაშინ კრიტიკოსებმა იგი შეუსაბამოდ და არაპოლიტკორექტულად ჩათვალეს, ზოგიერთმა რასიზმშიც კი დაადანაშაულა. მაგრამ ბროდსკი შეუზღუდავია დროსა და სივრცეში.
„რასაც მოისმენთ, მიიღეთ როგორც რჩევა რამდენიმე აისბერგის მწვერვალისგან და არა სინაის მთებისგან. თუ საჭიროა, თვალი დახუჭეთ, თუ აზრის გამოთქმაა აუცილებელი, თქვით, ხოლო თუ სხვანაირად არ შეგიძლიათ, დაივიწყეთ: მასში არაფერია სავალდებულო. თუკი რომელიმე ამ რჩევათაგან მომავალში გამოგადგებათ, მოხარული ვიქნები.
1. მოახდინეთ ფოკუსირება ენის სიზუსტეზე.
ეცადეთ, გააფართოვოთ თქვენი ლექსიკონი და ისე მოეპყარით მას, როგორც საბანკო ანგარიშს. დაუთმეთ დიდი დრო და მიიღეთ მისგან დივიდენდები.
ამის მიზანი ისაა, რომ დაგეხმაროთ პირად ან პროფესიულ წარმატებაში და არა ის, რომ საქვეყნოდ მოიპოვოთ ჭკვიანის სახელი. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, გამოხატოთ თქვენი თავი რაც შეიძლება სრულად და ზუსტად. ერთი სიტყვით – იყოთ, გაწონასწორებული. დაგროვილის გამოუთქმელობამ, შესაძლოა, ნევროზამდე მიგიყვანოთ. მისგან გასაქცევად, არაა აუცილებელი იქცეთ წიგნის ჭიად. უბრალოდ, იყიდეთ ლექსიკონი და იკითხეთ ყოველდღე, ხანდახან კი – ლექსები. წიგნები ხომ ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე ფსიქიატრთან ვიზიტი.
2. იყავით კეთილი თქვენი მშობლების მიმართ.
თუკი ეს ისმის, როგორც „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა “, ბოდიშს ვიხდი. მხოლოდ იმის თქმა მინდა, შეეცადოთ, არ აუმხედრდეთ მშობლებს, რადგან, დიდი ალბათობით, ისინი თქვენზე ადრე გარდაიცვლებიან და შეგიძლიათ, თავი დააღწიოთ დანაშაულის ამ წყაროს.
თუკი მაინც გჭირდებათ ამბოხი – „მე თქვენთან გროშსაც არ ავიღებ“, ეს მათკენ მიმართეთ, ვინც ნაკლებად დაუცველია. მშობლები ძალიან ახლო სამიზნეა (როგორც ძმები, დები, ცოლები ან ქმრები). დისტანცია ისეთია, რომ ვერ ააცდენთ.
3. ნუ დაეყრდნობით პოლიტიკოსებს.
არა იმიტომ, რომ ისინი უჭკუო ან არაკეთილსინდისიერნი არიან, რაც ხშირია, არამედ სამუშაოს მასშტაბის გამო, რომელიც მათ შორის საუკეთესოებისთვისაც კი ძალიან დიდია. მათ შეუძლიათ ოდნავ შეამცირონ სოციალური ბოროტება, მაგრამ არა – აღმოფხვრან. როგორი არსებითიც არ უნდა იყოს გაუმჯობესება, ეთიკური თვალსაზრისით უმნიშვნელო იქნება, რადგან ყოველთვის დარჩება ვიღაც, თუნდაც ერთი, ვინც ამ გაუმჯობესებიდან ვერ მიიღებს სარგებელს.
სამყარო არასრულყოფილია. ოქროს საუკუნე არასდროს იქნება. ამ სინათლეში, უფრო სწორად, სიბნელეში – საკუთარ შიდა სამზარეულოს უნდა დაეყრდნოთ ანუ მართოთ სამყარო დამოუკიდებლად. მაგრამ თქვენი „ნამცხვრის“ ფარგლებშიც კი უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ თანაბრად იგემებთ მადლიერებას და იმედგაცრუებასაც.
4. სცადეთ, იყოთ მოკრძალებული.
უკვე ძალიან ბევრი ვართ და მალე უფრო მეტი ვიქნებით. ეს ცოცვა მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრებისთვის, აუცილებლად სხვების ხარჯზე ხდება. ის, რომ ვინმესთვის ფეხის დაბიჯება გიწევთ, არ ნიშნავს, რომ მხრებზე უნდა შეადგეთ. ასე რომ, თუ გინდათ, გახდეთ მდიდრები ან ცნობილები და ა.შ., კარგი დროა, თუმცა ნუ მიეცემით მთლიანად ამას. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ყოველთვისაა ვიღაც ახლობელი. არავინ გთხოვთ მის სიყვარულს, მაგრამ სცადეთ, ძალიან არ შეაწუხოთ და არ ატკინოთ.
უარეს შემთხვევაში, შეეცადეთ, გახსოვდეთ, რომ რომელიმე სიშორიდან – ვარსკვლავებიდან, სამყაროს სიღრმიდან, შესაძლოა, მისი საპირისპირო მხრიდან – მოვიდა თხოვნა, არ გააკეთოთ ეს, როგორც იდეა, რომ შეიყვაროთ მოყვასი საკუთარი თავივით. ვარსკვლავებმა აშკარად მეტი იციან გრავიტაციის ძალაზე და მარტოობაზეც, ვიდრე თქვენ – ისინი სურვილის თვალები არიან.
5. გაექეცით საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას.
როგორი ამაზრზენიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ ამაში გარე ძალები: ისტორია, სახელმწიფო, ხელისუფლება, რასა, მშობლები, მთვარის ფაზები, ბავშვობა, უდროო დაჯდომა ღამის ქოთანზე – მენიუ ვრცელი და მოსაწყენია. იმ მომენტში, როცა გადააბრალებთ დანაშაულს, ძირს უთხრით საკუთარი გადაწყვეტილების უნარს, შეცვალოთ რამე და აფართოვებთ უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომელიც ასე უყვართ დემონებს და დემაგოგებს, რადგან პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს არ ახარებთ.
საერთოდ, ეცადეთ, პატივი სცეთ ცხოვრებას არამხოლოდ მისი სილამაზის გამო, არამედ სირთულეებისთვისაც. ისინი თამაშის ნაწილს შეადგენენ და კარგია ის, რომ ტყუილს არ წარმოადგენენ. ყოველთვის,როცა სასოწარკვეთილი ან მის ზღვარზე მყოფი ხართ, როცა გაქვთ უსიამოვნებები ან გართულებები, გახსოვდეთ: ეს, ცხოვრება გესაუბრებათ მისთვის ერთადერთ კარგად ნაცნობ ენაზე.
6. შეძელით პატიება.
სამყარო, რომელშიც შემოვედით, კარგი რეპუტაციის მქონე არაა. ეს არაა საყვარელი ადგილი, როგორც მალე აღმოაჩენთ, და ეჭვი მაქვს, არც უფრო სასიამოვნო გახდება იმ დროისთვის, როცა მას დატოვებთ. თუმცა, ეს ერთადერთი ხელმისაწვდომი სამყაროა: ალტერნატივები არ არსებობს და რომც იყოს, არ არის გარანტია, რომ ამაზე ბევრად უკეთესი იქნება. ამიტომაც, ეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება მათ, ვინც შეეცდება, გახადოს თქვენი ცხოვრება უბედური. ასეთი ბევრი იქნება – როგორც ოფიციალური პირი ასევე თვითმარქვია.
ის, რასაც აკეთებენ თქვენი არაკეთილისმსურველები, მნიშვნელობას ან საჭიროებას ღებულობს იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ. ამიტომაც, გაიარეთ მათ შორის ან გვერდის ავლით, თითქოს ყვითელი ფერის იყვნენ და არა წითელი. ასე მოარიდებთ თქვენი ტვინის უჯრედებს უშედეგო გაღიძინებას და შესაძლოა, თქვენვე იხსნათ ის სულელები საკუთრი თავისგან, რადგან პერსპექტივა, იყო დავიწყებული მოკლეა პერსპექტივაზე, იყო მიტევებული. გადართეთ არხი: ვერ შეძლებთ გაწყვიტოთ სამაუწყებლო ქსელი, მაგრამ გაქვთ ძალა, შეამციროთ მისი რეიტინგი.“