ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ აწმყოთი, მუდამ წინასწარ მოვუხმობთ და ვაჩქარებთ მომავალს, რომელიც თითქოსდა მოსვლას აჭიანურებს, ან ვცდილობთ უკან გამოვიხმოთ წარსული: გეგონება ნაადრევად დაგვემშვიდობა. ჩვენ იმდენად უგუნურები ვართ, რომ გზააბნეულებივით დავბოდიალობთ დროში, რომელიც ჯერ გვეკუთვნის და არაფრად ვაგდებთ ჩვენს კუთვნილ დროს;
ჩვენ იმდენად უბადრუკნი ვართ, რომ მონუსხულები ვოცნებობთ დროზე, რომელიც უკვე აღარ გვეკუთვნის, მაშინ როცა უაზროდ ვფლანგავთ დროს, რომელიც გვიწილადა მარადისობამ. საქმე იმაშია, რომ აწმყო ყოველთვის დამთრგუნველია: გვამწუხრებს და ჩვენც თვალს ვხუჭავთ, რომ არ დავინახოთ; გვაბედნიერებს და მის სწრაფწარმავალობას ვჩივით. ჩვენ ვცდილობთ მომავლის მეშვეობით გავიხანგძლივოთ იგი, გვინდა თვითნებურად გამოვიყენოთ ის, რაც ჩვენს ძალაუფლებას არ ექვემდებარება, თუმცა ვინ იცის, იქნებ ვერც მივაღწიოთ ამ მომავალს.
გადაქექეთ თქვენი ფიქრები და მათში ჰპოვებთ მხოლოდ წარსულს ან მომავალს. ჩვენ თითქმის არ ვფიქრობთ აწმყოზე, ანდა, თუ ვფიქრობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გათვალისწინებით უკეთ მოვაწყოთ მომავალი. ჩვენ დღევანდელ დღეზე ფიქრით არასოდეს ვიფარგლებით. მომავალი, აი ჩვენი ერთადერთი მიზანი. ასე, რომ ჩვენ თითქმის არასოდეს ვცხოვრობთ, მხოლოდ ვსულდგმულობთ, იმის იმედით, რომ ოდესმე მაინც ვიცხოვრებთ. ჩვენ ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ აწმყოთი და მაინც გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ერთხელაც იქნება და ბედნიერება ჩვენთვისაც მოიცლის, მაგრამ ვცდებით, რადგან ამ გზით არა.