იცით რა მიყვარს ? მაგრამ ალბათ მარტო მე არა,თითოეულ ჩვენგანს, როდესაც სახლებში ვართ შეყუჟული თბილად და გარეთ კი ქარი ქრის. შენ კი არ გაღელვებს ამინდის ცვლილება, რადგან შენს სახლში საოცარი სიმყუდროვეა ახლა. ოთახში ჩემს შვილს ძინავს ტკბილად. მე მესმის მისი სუნთქვა და ბედნიერი ვარ. ვკითხულობ წიგნს, მივირთმევ ჩაის და ვფიქრობ. ქარი კი დაჰქრის ზუსტად ისე გამალებით, როგორც წიგნებშია აღწერილი. მაგრამ მისი ხმაური ხელს არ უშლის ჩემს ბედნიერებას. წვიმის წვეთებიც ისე გამალებით ეცემიან სახურავებს, თითქოს “ღრუბლებზე ფეხი დაუცდათ”…. მეც გავეხვიე თბილად საბანში. ბედნიერი ვარ. სახლში სიჩუმეა. მხოლოდ ბედნიერებით სავსე სუნთქვის ხმა ისმის.მერე ვფიქრობ, რა მოხდება ასე რომ გრძელდებოდეს ყოველთვის? არ ვიცი რა მოხდება.. ალბათ ცივა გარეთ და ბეღურები თავიანთ დედებს ეხუტებიან. მეც მყავს ბეღურა სახლში, რომელსაც მზრუნველად ვეფერები თმებზე. მათბობს თბილი ჩაის სურნელი. ვიფარებ საბანს და ვაგრძელებ კითხვას. ახლა თითქოს არაფერს შეუძლია შეუშალოს ხელი ჩემს ბედნიერებას. ვფიქრობ, ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთი ჭირდებათ შემოდგომაზე. ეცემიან ფოთლები ციდან, იძინებენ ხეები და ყვავილები და ერთმანეთის იმედად ტოვებენ ადამიანებს. ამიტომ როდესაც ცივა და საყვარელი ადამიანი ჩაგკიდებს ხელს განსაკუთრებით გითბება გული. როდესაც ცივა და სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები შინ,სახლში კი ოჯახის წევრები გელოდებიან, ბედნიერებას უფრო მეტად გრძნობ. ბუხარში გიზგიზებს ცეცხლი, საკვამურიდან ამოდის კვამლი და ისეთი სითბო ტრიალებს ასეთ დროს ადამიანების სახლებში, რომ მთელი სამყარო თბება.