ერთხელ მამამ თავისი შვილი გააგზავნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბრძენთან, რათა მისთვის ბედნიერების საიდუმლოს შესახებ ეკითხა. ბიჭმა 40 დღე და ღამე იარა უდაბნოში და საბოლოოდ ოაზისში აშენებულ მშვენიერ სასახლეს მიადგა, სადაც სახელგანთქმული ბრძენი ცხოვრობდა.
ბიჭი შევიდა სასახლეში, სადაც უამრავი ხალხი ტრიალებდა, მაგიდები სავსე იყო საუცხოო კერძებით და ორკესტრი სასიამოვნო მუსიკას უკრავდა. იგი ორ საათზე მეტი ხანს ელოდა, რომ ბრძენკაცის ყურადღება მიეპყრო.
ბრძენმა ყურადღებით მოუსმინა ბიჭის თხოვნას, მაგრამ უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ საკმარისი დრო არ ჰქონდა.. ბიჭი დაიბნა და იკითხა, როდის გამონახავდა ბრძენი დროს ადამიანისათვის, რომელმაც ათასობით კილომეტრი მხოლოდ იმისთვის გამოიარა, რომ მისთვის აზრი ეკითხა.
ბრძენს გაეღიმა და სთხოვა კიდევ 2 საათი დალოდებოდა, დაეთვალიერებინა სასახლე და ეკეთებინა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა.
“ერთი რამ მინდა გთხოვო: ეს თან წაიღე და გთხოვ კარგად გაუფრთხილდი, რომ არ დაგეღვაროს” – დაამატა ბრძენმა და ბიჭს ჩაის კოვზი გაატანა, რომელშიც ორი წვეთი ზეთი ესხა.
ბიჭმა 2 საათი უაზროდ იხეტიალა სასახლის პალატებში და თვალს არ აშორებდა კოვზს იმის შიშით, რომ დაეღვრებოდა. ბრძენთან შეხვედრის დროც მოვიდა.
“შეამჩნიე ლამაზი სპარსული ხალიჩები კედლებზე, რომ ეკიდა? დაათვალიერე ბაღი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში აშენებდნენ საუკეთესო ოსტატები? ისიამოვნე ორკესტრის სასიამოვნო მუსიკის სმენით?” – შეეკითხა ბიჭს ბრძენი.
ბიჭი შეცბა და სიმართლე აღიარა. მას არაფერი უნახავს,რადგან ცდილობდა ზეთი ძირს არ დაღვროდა.
– კარგი, მაშინ წადი და დაათვალიერე კარგად სასახლის სილამაზე და შეიგრძენი ცხოვრების სიტკბო. არასდროსს ენდო ადამიანს, თუ არ იცი მის სახლში რა ხდება.
ბიჭმა დაათვალიერა სასახლე, მისი აივნები და ჭერები, დაათვალიერა ბაღი და დატკბა მასში არსებული საუცხოო ყვავილების სურნელითა და სილამაზით და როდესაც ბრძენთან მივიდა აღტაცებით მოუყვა იმ ყველაფრის შესახებ , რაც ნახა.
“ძალიან კარგი, მაგრამ ზეთის წვეთები სად წაიღე?” ჰკითხა მას ბრძენმა.
ბიჭმა კოვზს დახედა და შეცბა. ის ცარიელი იყო.
ბრძენს გაეღიმა და ბიჭს უთხრა:
“ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ისიამოვნო ცხოვრების მშვენიერებით ისე, რომ არ დაგავიწყდეს კოვზზე არსებული ზეთის წვეთების შესახებ…”