ბედნიერებას მე აღარ ვეძებ, რადგან მივხვდი ყველა მძიებელს ცხოვრება მძიმედ უსწორდება, მათი უგუნურების გამო. უბრალოდ უნდა ჩათვალო, რომ ბედნიერი ხარ!
ცხოვრება ასპარეზია სადაც გაუტეხელნი იმარჯვებენ, ისინი ვისაც თავიანთი მარცხის, ჩავარდნის დავიწყება და ენთუზიაზმით სვლა შეუძლიათ. თუმცა არა დონ კიხოტი, ალბათ აქ ოქროს შუალედიც არსებობს, თუ რა დონემდე უნდა გქონდეს საკუთარი სამყარო შექმნილი და რა დოზით უნდა იზიარებდე სხვების სუბიექტურ გარემოს.
რა არის წარმატება?! ყველა ჩვენგანი უპასუხებს ბანალურ ფრაზას, რომ „წარმატება სუბიექტურია, ეს მიზნის მიღწევაა რაც გვსურს“ და ა.შ. თუ დავფიქრდებით, წარმატება დაკმაყოფილების სახეა, საკუთარი მე-ს დაურვების და კმაყოფილების გრძნობა. ადამიანი წამების დროსაც კი, წარმატებულად ჩათვლის თავს, თუ ამ ქმედებით მისი „მე“ კმაყოფილია, ღირებულებების დაცვით, პრინციპულობითა თუ ა.შ.
რადგანაც წარმატება კმაყოფილებაა, ხოლო ბედნიერება წარმატების შეგრძნება, მაშინ აქედან გამომდინარე, ბედნიერი ისაა ვინც კმაყოფილია. ხოლო კმაყოფილებას ჩვენ ვქმნით სუბიექტურად. დახუჭეთ თვალები და გაიღიმეთ, ჩათვალეთ რომ ცხოვრების მოცემულით კმაყოფილი ხართ! და თქვენ უკვე ბედნიერი ხართ!
ბედნიერები ადამიანები მაშინ არიან, როდესაც მხედველობას მხოლოდ რაიმე კონკრეტულზე აჩერებენ, მაგ. ერთი გამარჯვებით აღფრთოვანება, სიყვარული, გრძნობა -ესენი ხომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ხედვაა, გარკვეულწილად „თვალების დახუჭვაა“…
განა როდესაც ერთ ადამიანი შეყვარებულია, გაბრწყინებული თვალებით დადის ბედნიერი, მაშინ მის ირგვლივ მსოფლიო არ იტანჯება?! განა ტრაგედიები არ ხდება?! განა სამოთხიდან ისევ გამოყრილნი არ ვართ?! მაგრამ „ბედნიერს “ ამ საკითხზე საფიქრად აღარ სცალია, მისი მხედველობის არე შეზღუდულია.
და აჰა, ბედნიერებას არ ვეძებ, რადგან მხედველობის არეალის შემცირება არ მსურს. მინდა ყოველთვის შემეძლოს ვიბრძოლო, რათა ცხოვრებაში ჩემი კვალი დავტოვო! ესაა სამიზნე, მისდამი სვლა კი ლტოლვა ბედნიერებისაკენ. თუ იქამდე ჩემს სიცოცხლეში მივალ, ბედნიერი გავხდები და დავბრმავდები, ამიტომ სამიზნეც ჰორიზონტს მიყვება, მე კი ვკვალავ უტერფულ გზას და შეუპოვრად მივდივარ ჰორიზონტისკენ. მჯერა, მივაღწევ!
დიდ მადლობას ვუხდით “აზრთმოყვარეს” ნაშრომის გამოგზავნისათვის