საჩხერეში, სოფელ მახათაურში გავატარე აგვისტოს ცხელი დღეები. კარგია, როცა ქალაქის ხვატს გაექცევი და მშობლიურ მხარეს ესტუმრები. დღისით მდინარეზე გრილდები, ღამით – წევხარ ჰამაკში, მხრებზე პლედი გაქვს მოხვეული და ვარსკვლავების ჯადოსნურ სამყაროში ხარ ჩაკარგული. ასეთ წუთებში ადამიანი ფიქრობს: ცხოვრება მშვენიერია. კივის ჭოტი,რომელიც ბავშვობაში ძილს მიფრთხობდა. მაგრამ ახლა მსიამოვნებს მისი ხმა. ბებო ჩემს გვერდით ზის და მესაუბრება. სწუხს, რომ სალოცავი, რომელიც ჩვენი ეზოს წინ დგას, დრო -ჟამმა გაანადგურა. ეკლესიის ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ორივეს გვაწუხებს, რომ სოფელში ხალხს ზიარების საშუალება არ აქვს.
დილით, სალოცავად გამიწია გულმა. წინაპრების სალოცავში ბებოც წამოვიდა ჩემთან ერთად. ბავშობაში, ხშირად დავრბოდით პატარები, სოფლის ორღობეში,მაგრამ ახლა, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ბალახებით არის ეკლესიის ნანგრევები დაფარული. ხატები,სანთლები და საკმეველი აწყვია ქვებზე. აქა-იქ ნამწვავი სანთლებიც ყრია. ბებოს უყვარს აქ ყოფნა,რადგან მეორე ნახევარი გვერდით აღარ ყავს, ამ ფრიალო წუთისოფელში, მხოლოდ ღმერთის იმედიღა აქვს. ამიტომ იმ ადგილებისკენ მიუწევს გული,სადაც უფრო ადვილია ფიქრი. ბებო პირველად აქ შეხვედრია პაპაჩემს, გულს უპოვია გული, შეუღლებულან და ტაძართან ახლოს აუშენებიათ პატარა ოდა. ჩვენი სახლის წინ მდინარე მოედინება და ეზოში მთები ძველებურად გვერდიგვერდ დგანან. პაპა საკუთარი ხელით უვლიდა აქაურობას. მაღალი ბალახებისგან ასუფთავებდა ტაძრის ნანგრევებს. სამწუხაროდ მის სიცოცხლეში არ მოხერხდა მშენებლობის დაწყება. წელს ეკლესიის რესტავრაცია თუ დაიგეგმა, ბებოს ამ სასიხარულო ამბავს, თავად ვაცნობებ. ამ მოლოდინით დამაქვს მუხლებიო”-ამბობს და ღიმილი ეფინება სახეზე.
ღმერთს ამ სოფელში არა აქვს სახლი და ის თითოეული ადამიანის გულში ცხოვრობს. როდესაც უზარმაზარ ტაძარში შევდივართ, მორიდებით ვიმსჭვალებით უფლის მიმართ. ასეთ ნანგრევებში კი გვერიდება ლოცვის წარმოთქმა. ღმერთმა მთელი ქვეყნიერება ჩაგვაბარა. ამიტომ ჩვენი ვალია, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ეკლესია-მონასტრებს. საქართველოში პატრიარქის ლოცვა -კურთხევით ბევრი ტაძარი აღადგინეს, თუმცა მრავალი მათგანი ჯერ ისევ საჭიროებს რესტავრაციას. როცა სოფელში ლოცვა იწყება და ისმის სამრეკლოს ზარების ხმა, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული ადამიანი აუცილებლად პოულობს დროს და ტაძარში მიდის. ჩვენ უკეთესები ვხდებით, როდესაც ლოცვაზე ვდგავართ და სიყვარულით გვევსება გული ერთმანეთის მიმართ.
დრო- ჟამს გაუძლო ჩვენი ტაძრის მთავარმა კედელმა. უცნაურია, მაგრამ კედლის თავზე ნაძვი არის ამოსული. მართალია, მისი ტოტები სხვა ხეებს ვერ წვდება, რადგან ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ნანგრევებში როგორ უნდა გაიდგას ფესვები? როგორ გააგრძელებს სიცოცხლეს? დამაფიქრა პაწაწინა ნაძვის ბედმა, მაგრამ ბებომ მითხრა: ,,კეთილი ადამიანების დახმარებით, როდესაც ტაძრის მშენებლობა დაიწყება, ფრთხილად ამოიღებენ ფესვიანად და მიწაში გადარგავენ. ხეს კარგი პირობები ექნება და ისიც აშრიალდება სხვა ნაძვების გვერდით”.
****
საბედნიეროდ წელს დაიგეგმა ჩვენი ტაძრის რესტავრაცია და ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო” გაუწევს ზედამხედველობას. გადავწყვიტე,როდესაც მშენებლობა დაიწყება, ამ კეთილ საქმეში მეც მივიღო მონაწილეობა და ჩვენი ეკლესიის ასაშენებლად ფიზიკურად ვიმუშავო.შვებულება ავიღე და მეგობართან ერთად ბებოსთან ჩავედი ახალი ამბის სათქმელად. დაცარიელებული დამხვდა ,,თანამედროვე საფიხვნო“ – ადგილი ცაცხვის ხესთან, სადაც ყველაზე კარგად იჭერს ინტერნეტი. აქ ყოველდღე ვიკრიბებოდით ახალგაზრდები და პლანშეტში ვიქექებოდით. ვკითხულობდით ახალ ამბებს და სწრაფად ვტვირთავდით ფოტოებს ინსტრაგამზე. საღამოს რომელიმე ეზოში ვანთებდით კოცონს, ვსაუბრობდით და სასიამოვნოდ ვატარებდით დროს.
ჭიშკარი შევაღე. ახლადდაწურული ყურძნის სურნელი ტრიალებდა გარშემო. მწიფე ხეხილით ჩამოზნექილიყო მთელი ეზო. ბებომ სახლის ზღურბლთან რომ დამინახა, სევდა და სითბო ერთდროულად ჩაეღვარა გულში.სევდა ალბათ იმის გამო,რომ მოხუცები უფრო მეტ სიყვარულს დაატარებენ გულით და ამის გამო ხშირად სევდიანები არიან. ახალი ამბავი რომ ვახარე, თვალები ცრემლით აევსო, სუფრის გამზადება მოიმიზეზა და სახლში შევიდა.
ჩამოვჯექი ცაცხვის ხესთან, რომლის ფოთლები უკვე ყვითლად შეფერილიყო. ჩავიძირე შემოდგომის იდილიაში, რადგან ასეთი გარემო ყოველთვის გაძლევს ფიქრის საბაბს. ფრინველები მალე დაეწყობიან მწკრივად და გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში. ფოთლებიც ნება-ნება დაეშვებიან მიწაზე და ხეები თოვლის ფიფქებით გაიქარწყლებენ მელანქოლიას.
ბებომ ხის ძირას გაგვიშალა სუფრა . როცა ჩვენ დავტკბით ეზო-კარის სილამაზით, შევზარხოშდით და სიმღერა წამოვიწყეთ, მხოლოდ მაშინ შევნიშნე: ბებო მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ტაძრის ნანგრევებში.