Skip to content

ბავშვობისდროინდელი ისტორია დიდ ადამიანურ სიკეთეზე

ყოველ ჩვენგანს აქვს ბავშვობის მოგონებების საკუთარი კომპლექტი – მხიარული, სასაცილო, გულისამაჩუყებელი, საშიში თუ სევდიანი. ბავშვობაში ხომ ფერები უფრო ნათელია, ცა – ლურჯი, ხე – მაღალი, სიკეთე კი უცვლელი რჩება.

ეს ისტორია სწორედ უბრალო ადამიანურ სიკეთეზე მოგვითხრობს:

„მე დედაჩემის ერთადერთი ვაჟი ვიყავი. იგი გვიან დაქორწინდა და ექიმმა შვილის გაჩენა აუკრძალა. დედამ ექიმს არ დაუჯერა, საკუთარი შიშის და რისკის ფასად მიაღწია ორსულობის მე-6 თვემდე და მხოლოდ შემდეგ მივიდა კონსულტაციაზე.

მე ნანატრი ბავშვი ვიყავი: ბებია-ბაბუას, მამას და ნახევარდასაც კი ძალიან ვუყვარდი, ხოლო დედას თავის ერთადერთ ვაჟზე მზე და მთვარე ამოსდიოდა.

დედა მუშაობას დილით ადრე იწყებდა და მანამდე საბავშვო ბაღ „მუხებში“ მივყავდი. სამსახურში რომ დროულად მისულიყო, იგი პირველი ავტობუსით და ტრამვაითი მგზავრობდა, რომლებსაც, როგორც წესი, ერთი და იგივე მძღოლები მართავდნენ. დედასთან ერთად გადმოვდიოდი ტრამვაიდან.იგი ჩამაბარებდა აღმზრდელთან, გარბოდა გაჩერებაზე და… ელოდა შემდეგ ტრამვაის.

რამდენიმე დაგვიანების შემდეგ, დედა გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ და რადგან ჩვენც სხვებივით ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით, მხოლოდ მამის ხელფასი საარსებოდ არ გვეყოფოდა. ამიტომაც, გულნატკენმა დედამ გამოსავალი იპოვა: გავეშვი მე, სამი წლის ბიჭი გაჩერებაზე, იმ იმედით, რომ მარტო შევძლებდი მისვლას ტრამვაიდან საბავშვო ბაღის ჭიშკრამდე.

ჩვენ ყველაფერი იმთავითვე კარგად გამოგვივიდა, თუმცა დედისთვის ეს წამები ცხოვრებაში ყველაზე გრძელი და საშინელი იყო. იგი ჩქარობდა ნახევრადსავსე ტრამვაიდან დაენახა, ვიყავი მისული ჭიშკრამდე, თუ ჯერაც მივჩანჩალებდი, ბეწვის ქურქითა და კაშნეთი შეფუთული, ყელიანი ფეხსაცმლით და ქუდით.

რაღაც დროის შემდეგ, დედამ შეამჩნია, რომ ტრამვაი იწყებდა ნელა სვლას და სიჩქარეს მას შემდეგ უმატებდა, რაც ბაღის ეზოში შევაბიჯებდი. ასე გრძელდებოდა მთელი 3 წლის მანძილზე, რაც მე საბავშვო ბაღში დავდიოდი. დედას არ შეეძლო და არც უცდია, ეპოვა ასეთი უცნაური კანონზომიერების ახსნა. რაც მთავარია, გული დაიმშვიდა.

ყველაფერი ცხადი გახდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც სკოლაში სიარული დავიწყე. ერთხელ, დედასთან ერთად მივდიოდი მის სამსახურში, როცა ტრამვაის მძღოლმა თავისთან მიხმო: „გამარჯობა, ბიჭუნა! როგორ გაზრდილხარ! გახსოვს, როგორ გაცილებდით მე და დედაშენი ბაღამდე?…“

მრავალი წელი გავიდა, საბავშვო ბაღ „მუხებთან“ ახლოს მდებარე გაჩერებასთან ყოველთვის მახსენდება ჩემი ცხოვრების ეს პატარა ეპიზოდი და გული მითბება იმ ქალბატონის სიკეთით, რომელიც ყოველდღე, აბსოლუტურად უანგაროდ სჩადიოდა ერთ პატარა კეთილ საქმეს, შეენელებინა მთელი ტრამვაის სვლა, რათა სიმშვიდე მიენიჭებინა სრულიად უცნობი ადამიანისთვის.