Skip to content

“აშენეთ თქვენი სახლი”

ერთხელ ერთმა ძველმა მშენებელმა გადაწყვიტა  თავისი საქმიანობისათვის თავი დაენებებინა. კაცი კარგი მშენებელი იყო და მის დამქირავებელს ენანებოდა მისი სამსახურიდან გაშვება.

დამქირავებელმა ყველაფერი იღონა, რომ გადაერწმუნებინა მშენებელი, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა.

– კარგი, რაკი ასე გსურს წადი, მაგრამ ვიდრე წახვალ ერთი თხოვნა მექნება შენთან: მსურს წასვლამდე კიდევ ერთი სახლი ააშენო – უთხრა მშენებელს დამქირავებელმა.

მშენებელი დასთანხმდა მას და შენება დაიწყო.

თუ მის მუშაობას დააკვირდებოდით ადვილად შეამჩნევდით, რომ მშენებელს სამუშაოზე გული არ უდგებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაამთავრებდა. არც მაღალი ხარისხის მასალა უყიდია და არც იმაზე უფიქრია ბევრი, რომ სახლისათვის რაიმე ახალი და ორიგინალური დიზაინი მოეფიქრებინა..

და როდესაც მშენებელი საბოლოოდ მორჩა შენებას, დამქირავებელი სახლს დასათვალიერებლად ესტუმრა. მოიარა ახალი სახლი, კარგად დაათვალიერა და შეაფასა იგი და როდესაც ყველაფერს მორჩა მშენებელს ხელში სახლის გასაღები ჩაუდო და უთხრა:

– ეს შენი სახლია მეგობარო… მიიღე ჩემი საჩუქარი წლების განმავლობაში გაწეული დიდი სამსახურისათვის..

მშენებელი ძლიერ აღელვებული ჩანდა..

“რა სირცხვილია ! რომ მცოდნოდა ჩემს საკუთარ სახლს ვაშენებდი, ხომ სხვაგვარად  მოვიქცეოდი?!..”

ჩვენც ყველანი ყოველდღე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს თითოეული ჩვენი მოქმედებით, მიღებული გადაწყვეტილებითა და გადადგმული ნაბიჯით საკუთარ ცხოვრებას ვაშენებთ და თუ ამ საქმეში იმაზე ნაკლებ შრომას, ნებისყოფასა და სილამაზეს ვაქსოვთ, ვიდრე შეგვიძლია, ჩვენდა სამწუხაროდ, საბოლოოდ მაინც გვიწევს გაანალიზება, რომ მთელი ეს დრო საკუთარ სახლს, საკუთარ ცხოვრებას ვაშენებდით  და ახლა, სწორედ, ამ “სახლში” გვიწევს ცხოვრება..