Skip to content

აფირმაციები ანუ პოზიტიური დებულებები

რა არის აფირმაცია?

აფირმაციას უწოდებენ პოზიტიურ დებულებებს, რომლებშიც აქცენტი კეთდება იმაზე, რასაც საჭიროებს ადამიანი და მიმართულია აზრებისა და რწმუნებების შეცვლაზე პოზიტიური მიმართულებით. აფირმაციების წარმოთქმა შესაძლებელია, როგორც ხმამაღლა, ასევე გონებაში. სწორი და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ადამიანის მომავალზე და შეცვალონ მისი ცხოვრება ჰარმონიის, ბედნიერების, სიყვარულის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის შემოტანით. მაგალითად:

• მე ვაფასებ ჩემს განათლებას.

• განათლება – გზაა თავისუფლებისკენ და დღეს მე გავდივარ ამ გზას თავდაჯერებულად.

• მე ყოველთვის ღია ვარ სწავლისთვის.

ვინ მოიფიქრა აფირმაცია?

აფირამციის ავტორობას მიაწერენ ცნობილ ფრანგ მეცნიერს, ემილ კუეს. მისი აზრით, თუ ადამიანი ბევრჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს, ისინი გამოიწვევენ მასში შესაბამის წარმოდგენებს საკუთარ თავზე და იქცევიან სიმართლედ. მოცემული ჰიპოტეზა ეფუძნება იმას, რომ ადამიანს მართავს მისი წარმოსახვა, ხოლო მის ქვეცნობიერში წარმოქმნილი ნებისმიერი აზრი ისწრაფვის რეალობისკენ: როდესაც ადამიანს მთელი გულით სურს რაღაც, ადრე თუ გვიან, მას მიაღწევს.
რისთვისაა საჭირო აფირმაციები?

აფირმაციები სჭირდება ადამიანს საკუთარ ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენისთვის. დიდი ხანია, არაა საიდუმლო, რომ ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ქვეცნობიერება და ფუნდამენტური რწმუნებები. ზუსტად ეს რწმუნებები ხდება ყველა შესაძლო შიშის, ფობიის, შეცდომისა და წარუმატებლობის მიზეზი. აფირმაციები კი, მათ „დამუშავებაზეა“ გათვლილი, რათა შეცვალონ უარყოფითი მუხტი დადებითით.

როგორ მოქმედებს აფირმაციები?

აფირმაციები გულისხმობს ერთის ჩანაცვლებას მეორით. მათი ამოცანაა, ქვეცნობიერის დესტრუქციული აზრების შეცვლა კონსტრუქციულით. თუმცა შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ როგორ მოქმედებენ აფირმაციები, რადგან ისინი უშუალოდ არიან დაკავშირებულები ქვეცნობიერების მუშაობასთან.

აფირმაციების მუშაობა, დაახლოებით, ასე გამოიყურება: ერთი და იგივე ფრაზების სისტემატური გამეორება, გარკვეული დროის შემდეგ, აღწევს ქვეცნობიერებაში და ცვლის ძველ აზრებს, რომლებიც აქამდე მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ. ახალი აზრები იწყებენ აუჩქარებელ აქტივიზაციას და ახდენენ ახალ ზეგავლენას. რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებები მაშინვე არ დადგება, რადგანაც ამისთვის საჭიროა დრო. თავიდან შეიცვლება განწყობა, გამოჩნდება ახალი აზრები, რომლებიც ადრე არ გქონიათ, შეიცვლება რეაქციები გარემოებებზე. ყველა ცვლილება დადებითი ხასიათის იქნება.
როგორ ჩამოაყალიბოთ აფირმაციები?

დასაწყისისთვის ვიტყვით, რომ არაა აუცილებელი აფირმაციების მოფიქრება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ასობით უკვე არსებული აფირმაცია, რომლებიც სხვა ადამიანებმა შეადგინეს.

ხოლო თუ მაინცდამაინც მათი მოფიქრება დამოუკიდებლად გსურთ, არანაირი პრობლემა არაა. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

აფირმაციების შედგენის რეკომენდაციები

• ნებისმიერი აფირმაცია უნდა იყოს ფორმულირებული მტკიცე ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ თავი უნდა შეიკავოთ „არ“-ის გამოყენებისგან. მაგალითად: თუ გსურთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, არ უნდა თქვათ „მე არ ვარ ღარიბი“, რადგან თქვენი ქვეცნობიერება მას აღიქვამს, როგორც – „მე ღარიბი ვარ“. ამიტომ, სწორი აფირმაცია ასეთი იქნება: „მე ჩემი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი ფული მაქვს“, ან „დღითიდღე უფრო და უფრო მდიდარი ვხდები“.

• აფირმაცია უნდა იყოს პოზიტიური გრძნობების ამსახველი. ასე რომ, მისი შედგენისას, ეცადეთ, გამოიყენოთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და არსებითი თემები.

• აფირმაცია უნდა გულისხმობდეს ახლანდელ დროს და არა მომავალს, ანუ არ უნდა თქვათ: „მე გავხვდები უფრო პოზიტიური ადამიანი“, არამედ – „დღითიდღე სულ უფრო პოზიტიური ვხდები“, ან – „მე ყოველთვის პოზიტიურად განწყობილი ვარ“.

• აფირმაცია არ უნდა მოიცავდეს ფრაზას „მე შემიძლია“. აფირმაციის წარმოთქმისას სამყაროს თქვენი განზრახვების შესახებ ეუბნებით, ხოლო სამყარომ იცის, რა შეგიძლიათ. ამიტომ, უბრალოდ, კი არ „უნდა შეგეძლოთ“, არამედ უკვე უნდა აკეთებდეთ რაიმეს.

• აფირმაცია ყოველთვის ინდივიდუალურია – ადამიანმა ის მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მიმართოს, რადგან ეს მუშაობაა საკუთარ თავსა და პიროვნებაზე.

• აფირმაცია მხოლოდ კარგს უნდა ემსახურებოდეს და არანაირი ზიანი მოჰქონდეს.

როგორ გამოვიყენოთ აფირმაცია?

აფირმაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია, თუმცა სანამ ვისაუბრებთ ამაზე, ერთ რჩევას მოგცემთ: აიღეთ A4 ფორმატის სუფთა ფურცელი და დაყავით 2 ნაწილად. მარცხენა ნახევარზე დაწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ მოცემულ მომენტში. ეს შეიძლება იყოს: შიში, ფობიები, დაბალი თვითშეფასება, მსოფლიოს ნეგატიური აღქმა და ა.შ. დაფიქრდით, ცხოვრების რომელ სფეროებში გაქვთ პრობლემები და რისი გამოსწორება გსურთ. ჩამოაყალიბეთ ეს მოკლე ფრაზებად. მაგალითად – „მე არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში“.

როდესაც შეადგენთ სიას, შეცვალეთ ნეგატიური დებულებები თქვენთვის საჭირო ფორმით. მაგალითად – „მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ ჩემს თავსა და ძალებში“. შეადგინეთ მეორე სია. შემდეგ, გაჭერით ფურცელი 2 ნაწილად, მარჯვენა დაიტოვეთ, ხოლო მარცხენა გადააგდეთ, ან უმჯობესია – დაწვით. დარჩენილი ნაწილი თქვენი აფირმაციებია.

რაც შეეხება მათ გამოყენებას, არსებობს რამდენიმე ეფექტური წესი:

პირველ რიგში, აფირმაციაზე მუშაობა უმჯობესია ქვეცნობიერების კარგი აღქმის დროს -დილით (გაღვიძებისას) და ძილის წინ (როდესაც, თითქმის, დაგეძინათ). არ იქნება ურიგო, თუ მათ, ასევე, მთელი დღის განმავლობაში იმეორებთ.
მეორე – დიდი და უსწრაფესი ეფექტის მისაღწევად, თითოეული აფირმაციის გამეორება არანაკლებ 10-ჯერაა საჭირო.

და მესამეც – აფირმაციასთან წარმატებული მუშაობის საფუძველია რეგულარულობა. იმისათვის, რომ ძალისხმევამ გამოიღოს შედეგი, არცერთი დღე არ უნდა გამოტოვოთ. აფირმაციებთან მუშაობა უნდა იქცეს თქვენს ახალ სასარგებლო ჩვევად.