Skip to content

არტისტები ვართ ეს ქართველები

“ცხოვრება – სცენა,

დახეული

სცენის ფარდები.

ამ სცენის გარეთ

ვიღუპები,

ვკვდები, ვთავდები…”

უცნობი ავტორი

ო, როგორ გვიყვარს თამაში, საკუთარ და სხვის ნერვებზე, თუმცა სცენაზე ყველაზე მეტად. თუ ვაღიარებთ, ამას მხოლოდ ერთი რამისთვის ვაკეთებთ- აპლოდისმენტებისთვის. სულ ველოდებით, რომ ვიღაც დარბაზში ისე აღფრთოვანდება, რომ მხოლოდ ორი მტევნის ერთმანეთზე გაწითლებამდე ტყაპა-ტყუპით არ შემოიფარგლება და ამავე მტევნებიდან რომელიმეზე მდებარე ორ თითს პირში უხეშად ჩაიდებს, მერე მთელი ძალით გამოუშვებს ჰაერს ფილტვებიდან და ერთს გემრიელად დაუსტვენს. მე შენ გეტყვი და არ ვიმსახურებთ?

ნიჭიერები ვართ და საერთოდაც, არტისტობა ჩვენი მოწოდებაა, ჩვენი, ანუ ქართველების. რატომ? მაცადეთ, ბატონო, და აგიხსნით აქვე, შინაურულად.

რომ ვუფიქრდები, ჩვენი არტისტობა ძალთა განგებამ განაპირობა. მშვენიერი სცენა გვაქვს, ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული, ახლა მართალია სცენის გარკვეული მონაკვეთები მეზობელი თეატრის დირექტორებმა მიისაკუთრეს, მაგრამ ეგ არაფერი. გასტროლებზე იქნებ ჩამოვიდეს საზღვარგარეთის რომელიმე განთქმული დასი და ამ მეზობელი თეატრის დირექტორმა დაგვითმოს ის, რაც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის. ამაზე მერე იყოს…

სცენა მშვენიერი ბუნებრივი დეკორაციითაა გაფორმებული: აქეთ ზღვა, იქით მთა, მღვიმეები, კანიონები, უღელტეხილები და რა ვიცი, რა გინდა სულო და გულო. მაგრამ ეს არ კმარა, სცენის გარდა არაჩვეულებრივი სცენარისტები გვყავს. გააჩნია მსახიობის ასაკს. ჯერ მშობლები გვიწერენ სცენარს, მერე – ცოლები ან ქმრები, ნათესავების დახმარებით. ასტროლოგებიც არიან ჩაბმული ამ საქმეში, იმათ ვენაცვალე, წარმოგიდგენია, ყოველდღიურად გეუბნებიან, რა ფერის სამოსი მოგიხდება, დღის რომელი მონაკვეთი უნდა დაუთმო საყვარელ ადამიანს და რომელი ზოგადსაკაცობრიო ფიქრებს. მერე, თუ ასაკოვანი მსახიობი ხარ, ექიმია შენი სცენარისტი, საათების მიხედვით გაწერილი გაქვს გრაფიკი, ის არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა დალიო, ეგ არ უნდა ქნა და ა.შ. სახალისო სცენარები იწერება ხოლმე, მაგრამ აქ იმპროვიზაცია გამორიცხულია. შესაძლოა, ის სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.

ახლა რეჟისორებს ნუღარ იკითხავ, 5 წელიწადში ერთხელ იცვლებიან, ამას წინათ რომ იყო ერთი, სახელი აღარ მახსოვს, იმან თითქოს ივარგაო, ამბობენ. შეღება სცენა, დადგა ახალი დეკორაცია, მაგრამ ნუ იტყვი და ფასადური აღმოჩნდა. სხვათაშორის, ამასწინათ ჩვენს დეკორატორს ჩაუვარდა ფეხი სცენის ორმოში, რით ვეღარ დაამთავრეს ამოვსებები და დაგებები?!

მსახიობებიც ვარგივართ, ისე ბუნებრივად ვთამაშობთ, სინამდვილე გეგონება. ამას წინათ ვდგამდით მე და ჩემი კარის მეზობელი გულწრფელი პატიჟისა და გულთბილი მილოცვის სცენას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასში ასტრონომიული დახვეწილობა ვიგრძენი, რამდენიმე წამით კი გავიფიქრე, მართლა ხომ არ უხარია, მანქანა რომ ვიყიდეთ და მართლა ხომ არ მეპატიჟება ჭიქა ყავაზე-მეთქი. მაგრამ მერე გამახსენდა, სათაურში რაც გითხარით და თამაში განვაგრძე.

ჰოდა, ამ გენიალურობის შემყურემ, ვიფიქრე თეატრალურ ინსტიტუტში ხომ არ დავამატოთ ქართველობის ფაკულტეტი-მეთქი? რატომაც არა? ერთობ საინტერესო ლექციები იქნება, სტუდენტები შეისწავლიან, მაგალითად, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ მუდმივად კუმირებს, კერპებს და ლიდერებს ვეძებდეთ, აქვე წამოიწევა ჩვენი ისტორიული ანალიზის მუდმივი თემა: სტალინი უფრო მაგარი იყო, თუ ბერია. სტუდენტები გაიგებენ იმასაც, რომ ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ვერ გასცდა საკითხს – „დათა თუთაშხია“ მართლა ამირეჯიბისაა თუ კონსტანტინეს მოპარა. ვისთან ,,დადიოდა“ რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის დედა და არის თუ არა ის ქართველი.

სასწავლო პროცესი რომ არ გადაიტვირთოს, პრაქტიკულად შევასწავლით ისეთ სახალისო სიტუაციებს როგორებიცაა: ღიპიანი თამადობა და რამდენიც ჩაგეტევა იმდენის ჩასხმა მუცელში, წამიერად ყველას შეყვარების და დაძმობილების ფენომენი ქართულ სუფრაზე. ქელეხში დატირების რიტუალის სწავლებისთვის, მოვიწვევთ პროფესორებს გურიიდან. სამგრელოდან კი გვესტუმრებიან ის ადამიანები, რომლებიც განიხილავენ, როგორ გავიგოთ მთელმა სანათესაომ, იყო თუ არა ჩვენი რძალი პირველ ღამეს ქალიშვილი. საგამოცდოდ კი ქართველი მოღალატე ვაჟკაცი წაიკითხავს ლექსს (გამოთქმით): ,,ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე სხვისი ლამაზი მინდა.“ამ და სხვა უამრავი საინტერესო საკითხის შესწავლის შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება სცენაზე დასადგომად.

ახლა კი, ყურადღება! სცენაზეა საქართველო. ფარდა იხსნება და ისმის ყველასთვის საყვარელი ,,ჩემო კარგო ქვეყანავ…“, სცენაზე ვდგავართ ყველანი, ასტრონომიული დახვეწილობით ვასრულებით გინდ კომედიას, დრამას, მელოდრამას, მიუზიკლს… მერე ტაშს გვიკრავენ, ხელის გულების დაწითლებამდე. ანშლაგია.

ფარდა იხურება.

დეკორაცია ინახება.

მსახიობები ვიძინებთ.

ვინმემ გამორთეთ რა ეს სიბნელე სცენაზე.