ჩვენი სოციალური ყოფა სავსეა პატარ-პატარა სიხარულებითა და წყენებით. სამწუხაროდ, ადამიანები წყენას უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ და ხშირად სწორედ ეს განაპირობებს ურთიერთობების სამომავლო გზა-კვალს. წყენა უარყოფითი ენერგიაა, რომელიც თავს უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ გვატყდება. თუმცა, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვისზეც არ უნდა ბრაზობდეთ, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავზე ბრაზდებით! ამ შემთხვევაში წყენა, როგორც წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი – გაუმართლებელი მოლოდინის გამო იმედის გაცრუებაა. ხშირად ადამიანები ვბრაზობთ არა კონკრეტულ ინდივიდებზე, არამედ მათ ქცევაზე, ჩვენს მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებაზე. უფრო მეტად კი ჩვენს გაუმართლებელ მოლოდინებზე. ეს უკანასკნელი კი სავალალოდ აისახება ინდივიდის ფსიქიკასა და თვითშეფასებაზე. ადამიანს უჩნდება უნდობლობის განცდა, ამის გამო იგი ხდება ნაკლებად კომუნიკაბელური ხდება, კარგავს ადამიანებთან ღრმა ემოციონალურ დამოკიდებულებას და შესაბამისად, სოციუმთან კავშირს. საბოლოო ჯამში ვიღებთ ინდივიდს, რომელიც გაღარიბებულია ინტერპერსონალური ურთიერთობებითა და სავსეა ძლიერი უნდობლობის განცდით – უბრალოდ სიცარიელით…
ამის მიზეზი არაერთია და მას კომპლექსური ახსნა მოეძებნება. ამ შემთხვევაში კი მიზეზი გადაჭარბებული მოლოდინები, იმედგაცრუება, საკუთარ თავში ჩაკეტვა გახლავთ. დილემური პრობლემაა ისიც, რომ სხვებს არ ვაძლევთ საშუალებას, ჩვენი პატიება დაიმსახურონ, ან უბრალოდ – საკუთარ თავს შეცდომებსა და არასწორ ნაბიჯებს არ ვპატიობთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:
1) უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ შეცდომა გამოცდილებად მოვიაზროთ, რომელიც ისევ ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის, თვითმყოფადობისთვის არის საჭირო – ჩვენი შეცდომები ხომ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება.
2) ჩამოირეცხეთ უარყოფითი ემოციები;
3) ისწავლეთ საკუთარ თავთან კომუნიკაციის დამყარება, რათა უფრო მარტივად შეძლოთ სოციალიზაცია;
4) ეცადეთ, სხვებს გაუგოთ! თავი იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგინეთ, ვინც გაწყენინათ. მართალია რთულია სავარაუდო ემოციების განცდა, მაგრამ ცდაც წინგადადგმული ნაბიჯია პატიებისთვის;
5) პოზიტიური ფსიქოთერაპია – დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის, რაც გამშვიდებთ, ღიმილს გგვრით და შინაგანი თავისუფლების განცდას გიტოვებთ.
და ბოლოს, პატიებისთვის მამაცობა გამოიჩინეთ! აპატიეთ საკუთარ თავს და შეიყვარეთ იგი… საგულისხმოა, რომ პატიება და სიყვარული განუყოფელია, ამიტომაც ისწავლეთ სიყვარული და საკუთარი თავის მიღებაც გაგიადვილდებათ. აპატიეთ სხვებსაც – ამით თქვენს ირგვლივ ღიმილიანი, ბედნიერი სახეები შემოიკრიბება და დამერწმუნეთ, ეს თქვენს სამყაროზე საოცრად დადებითად აისახება..