ვფიქრობ და მწარედ მეღიმება, როგორი ეგოისტები და უგუნურები გავხდით ადამიანები. სამყარო დიდ “ზომბილენდს” დაემსგავსა, სადაც ადამიანები უმისამართოდ და უმიზნოდ დაეხეტებიან. ფაქტია,რომ არ ვიცით რა გვინდა. ბევრი ფიქრიც არ გვსურს, უბრალოდ გვეზარება. თავი რაზე ავიტკიოთ – ისედაც ხომ გვტკივა, არა?
სადაც შედეგია მიზეზიც იქაა: საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მარტოობის გვეშინია. სიყვარულს ვეძებთ და ურთიერთობის კომპლექსი და ეჭვი გვივსებს თვალებს. ჰო მართლა, ნეგატივისა და პრობლემების ძებნის საოცარი ნიჭით გამოვირჩევით – “ურააა, ვაშააა, მაგარიაა” ამისთვის დიდი ჯილდოა დაწესებული – აბა ვინ ვის დაასწრებს… სევდას ტკბილი ნექტარივით ვეძლევით და შემდეგ ბედნიერები არ ვართო გავიძახით. გულგრილობა, იგნორი, უსიყვარულობა და ერთფეროვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად გვექცა, თითქოსდა გვიამოვნებს კიდეც ასეთები რომ ვართ და ამით სხვები იტანჯებიან. ყველაფერს საკუთარი თავისა და ბედნიერების ძებნით ვამართლებთ და მერე ჩვენვე გავიძახით გაცივდაო ხალხი. აბა მან ვის სიცივეზე უნდა ისაუბროს საკუთარი ხელით,რომ იშენებს ამგვარ რეალობას, კარგავს საყვარელ ადამიანებს და სითბოსა და ნუგეშს ახალ, თავისსავე შექმნილ ცივ სამყაროში ეძებს.უფალი ამბობს:
“მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით; მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე;”
სამყარო ცივი იმიტომაა,რომ თავად ვართ ცივი და უგუნური. ჩვენ ვთესთ და ჩვენვე ვიმკით შედეგს – ჩვენ ვირჩევთ ამ გზას… და ვინც ამ გზაზე საკუთარ ღირებულებებს ივიწყებს, სწორედ მას უცივდება გრძნობები – ღმერთი, სიყვარული, მეგობრობა და მარადისობის კანონი ავიწყდება… აი, სწორედ ასეთი ადამიანი არის, უგუნური და ეგოისტი…