Skip to content

ადამიანის ცხოვრება წიგნია..

– რას შეადარებდით თქვენს ცხოვრებას?

– ჩემს ცხოვრებას?.. რატომ მხოლოდ ჩემსას?.. საერთოდ, ადამიანის ცხოვრებაზე ვისაუბროთ.

– და რას შეადარებდით მას?

– წიგნს შევადარებდი.

-შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ?

-დიახ, შევეცდები. თუ მოგეწონებათ, გამოაქვეყნეთ უცვლელად და თუ რაიმე არ მოგეწონებათ, ნუ ჩაასწორებთ თქვენებურად. თქვენ თქვენი აზრი ცალკე შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ეს ჩემი აზრია და მხოლოდ მას დაუთმეთ ეს ფურცლები, გთხოვთ!..

-კარგი გავაგრძელოთ საუბარი წიგნის შესახებ ბრძანებდით…

– დიახ, წიგნის შესახებ… წიგნს შევადარებდი. ადამიანები ხომ არსებობენ სხვადასხვა პროფესიის? ასევე განსხვავდებიან ისინი შინაგანადაც. თითოეული ადამიანის ცხოვრება, თითოეული გნსხვავებული წიგნია. ხომ არ შეიძლება ორმა ავტორმა ერთნაირი წიგნი დაწეროს? იქნებ ჰგავდნენ შინაარსით, მაგრამ, იდენტური ვერ იქნება ეს ორი წიგნი… ასევე არიან ადამიანებიც. ისინი თავიანთი ცხოვრებით თითო წიგნს წერენ. ზოგი ფილოსოფიურია, ზოგი ფსიქოლოგიური, ზოგი დეტექტივია, ზოგიც რომანი და ა.შ.

ოდესმე წიგნის კითხვა თუ მიგიტოვებიათ?

-დიახ, მიმიტოვებია.

-და რატომ?

– არსებობს ისეთი წიგნები, რომლებიც არაფერს იძლევიან.

-და რა უნდა მოგცენ? რას ელით მათგან?

– ცხოვრება უნდა მასწავლონ. იქ წაკითხული, ჭირსა თუ ლხინში, უნდა გამომადგეს. თუ არსად გამომადგება, ე.ი. წიგნი უვარგისია.

– და იქნებ სხვა შრიფტით წერია ის წიგნი? იმ შრიფტით, რომელსაც თქვენ ვერ კითხულობთ…

-ვერ გავიგე…

– შეგიძლიათ ყველა ჟანრის წიგნის წაკითხვა და სიღრმისეულად ჩაწვდომა?

-რა თქმა უნდა არა. ზოგს არც კი ვეკარები, რადგან, თავიდანვე ვიცი რომ ვერ გავიგებ.

– და რასაც კითხულობთ, ყველაფერს იგებთ?

-რა თქმა უნდა არა. ზოგს ცოტას ვიგებ, ზოგს უკეთ და ა.შ.

– მართალს ბრძანებთ. არსებობს ისეთი წიგნები, რომლებსაც ყველა ვერ გაიგებს. სირთულეების მიხედვით არის. ფილოსოფიური წიგნი კარგად რომ გაიგო და მის სიღრმეებს ჩასწვდე, თავად უნდ იყო სულით ფილოსოფოსი და ა.შ.

აქვე ვიტყოდი იმასაც, რომ უვარგისი წიგნი არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ არ ვკითხულობთ კარგად. რატომ კითხულობს წიგნს ადამიანი? მხოლოდ სიამოვნებისთვის? არა, მას ყოველთვის აქვს განცდა იმის, რომ ჯერ კიდევ პატარაა. აი, პატარა ბავშვებს აქვთ ხოლმე სურვილი დიდები იყვნენ… მაგრამ, ეს მხოლოდ პატარებს არ აქვთ, თითოეულ ადამიანს, მისი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ეს განცდა გასდევს თან. უნდა გაიზარდოს და რაც შეიძლებ მალე, მაგრამ, ამისთვის მხოლოდ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰყოფნის… უნდა, რაც შეიძლება მეტი და ერთბაშად ისწავლოს. ამიტომ, ხდება ხოლმე, ზოგჯერ ასაკით პატარები დიდებისკენ ილტვიან, მათ უსმენენ ყურადღებით… ოღონდ, ეგაა, ვინ რაში ხედავს თავის სიმცირეს, იმ მხრივ ცდილობს თავისი სულის გაზრდას… ამიტომაცაა, ის უვარგისად თვლის იმ წიგნს, რაც მას გაზრდაში ვერ ეხმარება.

…იმას ვამბობდი, ჩემთვის რომ იქნება უვარგისი, ვიღაც სხვას გამოადგება, ასე რომ უკვალოდ არც მისი ავტორის ღვაწლი ჩაივლის… იცი? ხანდახან ადამიანები სასტიკები ვართ სხვების მიმართ, ათას ბოროტებას ჩავდივართ… მაგრამ, სხვა ადამიანი, რომელიც ამას უყურებს ან თვად ის, ვისაც ცუდს ვუკეთებთ, სხვადასხვაგვარად გებულობენ და იღებენ ამას. ზოგი თავმდაბლურად იღებს ცუდს სხვისგან და ამით ძლიერდება. ზოგიც, იმ ეტაპზე ვერ იღებს, თუმცა შემდეგ ითვალისწინებს, ცხოვრების სხვა ეტაპზე… ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ, ჩვენ რომ ვთვლით წიგნს უსარგებლოდ, ვიღაცისთვის შესაძლოა ჭკუის სასწავლი იყოს. არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად გამოვთქვი აზრი, მხოლოდ ის

ვიცი, რომ თემიდან გადავუხვიე და აქ შევჩერდები…

-დიახ, თქვენ აზრი არ დაგიმთავრებიათ… მაგრამ, არაუშავს, მივუბრუნდეთ ჩვენს თემას..

– … ვიღაცისთვის არ დამიმთავრებია, ვიღაცისთვის კი ბევრიც ვისაუბრე და ზედმეტიც…

კარგი გეთაყვა, გავაგრძელებ… მოკლედ, ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ჰქმნის ერთ შედევრს (ასე რომ, ჩვენ ყველანი მწერლები ვართ ).

და მაინც რა არის ამ წიგნებში ყველაზე მომხიბლველი და წარმტაცი? მხოლოდ მათი შინაარსი? არა! თუ წიგნს არავინ წაიკითხავს, რაც არ უნდა დიდი სიბრძნის მატარებელი იყოს, ის ყველასთვის მიუწვდომელი და უცხო დარჩება. გამოდის, ჩვენ, მკითხველები ვყოფილვართ ამ სიბრძნისა თუ სილამაზის მთავარი მატარებლები… მაგრამ, რატომ ჩვენ? განა ჩვენ ვქმნით სხვის შედევრს? არა, ჩვენ უბრალოდ სამზეოზე გამოგვაქვს ის, რაც ჩუმად, სანთლის შუქზე იწერებოდა. ჩვენ ავტორის მეგობრები ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კარგად ვუმეგობრებთ…

-და ჩვენ რა გვევალება? ამ შემთხვევაში მეგობრებს…

-იცი? ავტორი წერს ცხოვრებას, მეგობარს კი ამ ავტორის ცხოვრება გამოაქვს სამზეოს. თუ შენ, მკითხველს, არ ძალგიძს სიღრმისეულად ჩაწვდე წიგნის შინაარსს, არ უნდა ისაუბრო მის შესახებ. მხატვარმა, რომელიც წიგნს ილუსტრირებას უკეთებს, თუ შინაარსთან შესაბამისობაში მოსული ნახატი არ დახატა, ხომ შეცვლის აზრს ამ წიგნისას იმათთვის, რომლებიც წიგნს მხოლოდ ნახატებით ეცნობიან?! და გაურკვევლობაში ჩააგდებს მათ, რომლებიც შინაარს გაეცვნენ.

ასე რომ, ჩემი ცხოვრება ის წიგნია, რომელსაც მხოლოდ მე ვწერ. მეგობრები – ის ჩანახატები, რომლებიც ამშვენებენ მის ფურცლებს. მხატვრულად გადმოსცემენ ამა თუ იმ ფაქტს და ასე აცნობენ შენს თავს საზოგადოებას, შენ კი სრულფასოვნების გრძნობას გჩუქნიან.

გამომგზავნი/ავტორი: მარინე ბანცური