Skip to content

„სახეთა თეატრი“ – თეატრალური მიდგომების საფუძველზე აგებული უნიკალური ვორქშოპი თბილისში

 

ტრენინგცენტრი „ჰედვაისი“ 19, 20, 21 მაისს წარმოგიდგენთ პიროვნული ზრდის ვორქშოპს, სახელწოდებით – „სახეთა თეატრი“. სამდღიანი შეხვედრა, რომელიც ჯამში 15 საათს მოიცავს, აგებულია ბრაზილიელი რეჟისორის, აუგუსტო ბოალის თეატრალური მიდგომის საფუძველზე. „ჰედვაისის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი კურსის შესახებ დეტალურად მოგვიყვება.

-რას მოიცავს აუგუსტო ბოალის „სახეთა თეატრი“?

-„სახეთა თეატრი“ გულისხმობს  ფიზიკური აქტივობებისა და თამაშების სერიას, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია იმისათვის, რომ გამოააშკარავოს ჩვენი შინაგანი რესურსები, მოთხოვნილებები, სურვილები და შეხედულებები. ეს ინტროსპექციული დაკვირვების მეთოდია, რომელიც გარე ანუ ექსტრავერსიულ მეთოდებს იყენებს. ტრენინგის პროცესში ხდება არა მხოლოდ პრობლემის თუ სურვილების ვიზუალიზაცია, არამედ ისინი ფიზიკურად ხელშესახებ სკულპტურებად და სცენებად გარდაიქმნებიან, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ, შინაგანი მდგომარეობა გარეთ გამოიტანონ, დააკვირდნენ და შეიგრძნონ. ეს ერთგვარი დისოცირების მეთოდია, როდესაც პიროვნებას შეუძლია საკუთარ თავს გარედან დააკვირდეს და შემდეგ ცვლილებები შეიტანოს მასში.

-რით გამოირჩევა ეს ტრენინგი სტანდარტული ტრენინგებისგან?

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განმასხვავებელია ტრენინგის ფორმატი, რომელშიც ინტეგრირებულია აღმოჩენაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობილი სწავლების პრინციპი, პარადოქსის ეფექტი და სხვა. ყველა მათგანი ერთობლივად და ცალ-ცალკე მოითხოვს როგორც მაღალ ფიზიკურ ასევე მენტალურ ჩართულობას. ძლიერი ემოციები ზემოქმედებენ ჩვენი მეხსიერების ასოციაციურ მექანიზმზე, რის გამოც ამ ტიპის ფორმატი საშუალებას გვაძლევს თითქმის 60% -ით მეტი დავიმახსოვროთ ვიდრე სტანდარტული ფორმატის ტრენინგზე ამას ვახერხებთ.

-რას გულისხმობს როლური თამაშები?

-როლური თამაში გულისხმობს ლატენტური შინაარსის ინსცენირებას, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე დატვირთვა ჰქონდეს: ემოციების პროექცია და გამოხატვა, ემოციების იდენტიფიკაცია და მათგან დისოცირება (შორიდან დანახვა), ჩვენში არსებული დისპოზიციური მდგომარეობების გამოხატვა და მათი ინტეგრაცია და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოქმედება თერაპიული დატვირთვისაა და შესაძლებელია მოერგოს ყველა იმ შინაარსს, რომლის მატარებელიც არის ადამიანი.

-რა არის ინსცენირების მიზანი?

-ინსცენირების მიზნის განსაზღვრა ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია და სწორედ ეს არის განმასხვავებელი აუგუსტო ბოალის მეთოდსა და ჩვეულებრივ თეატრს შორის.

თუკი თეატრში მსახიობის მიზანია, კარგად შეასრულოს როლი და მაქსიმალურად ბუნებრივად მიაწოდოს ის მაყურებელს, აუგუსტო ბოალის თეატრს მაყურებელი არ ჰყავს – მონაწილე არის დამკვირვებელიც და მოქმედი გმირიც. „We are not spectators, we are spect actors”, – ასე ჟღერს ბოალის მანტრა.

-როგორ შეიძლება ტრენინგიდან მიღებული ცოდნის გამოყენება?

-აღნიშნული ტრენინგიდან მიღებული ცოდნა არ არის მხოლოდ ინფორმაცია. ეს არის ძალიან ღრმა მეტაფორული შინაარსები, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე წინ გვხდება და მათთან გამკლავება ან მათი მართვა გვიწევს.

ისევ და ისევ, როგორც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია ადამიანი ამ ტრენინგზე მოვიდეს გარკვეული მიზნებით, რომ შემდგომ მისი სათანადოდ გამოყენება შეძლოს.

ეს მიზანი შეიძლება იყოს კარიერული წინსვლა (კარიერა, სადაც ბარიერების გადალახვას მარტივად მოახერხებს), პირადი ცხოვრება და ა.შ.

უმთავრესი რესურსი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ თვითონ ვართ, თუკი ჩვენი თავის ფლობა შეგვიძლია.  ეს ტრენინგი კი სწორედ ამაში გვეხმარება – დავეუფლოთ ჩვენს თავს თვითშემეცნების ყველა ფორმის გამოყენებით ქმედებაში.

-რა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანებისთვისა აღნიშნული ტრენინგი?

-რამდენი პროფესიაც არსებობს, იმდენნაირი ვერსიაა ამ ტრენინგის გამოყენებისაც.

ასე ვიტყოდი, ეს ტრენინგი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ცნობისმოყვარეა საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების მიმართ; ვისაც სურს მოახდინოს ცვლილებები და განიცადოს პიროვნული ზრდა სწრაფი ტემპით.

ტრენინგს ჩაატარებს რატერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორი და აუგუსტო ბოალის მოსწავლე, ალექსანდრ ჩერომუხინი, რომელიც 10 წლის მანძილზე იყო ტრენერი ნიუ იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში.

-რა ენაზე ჩატარდება ტრენინგი?

ტრენერი საუბრობს 2 ენაზე: ინგლისურად და რუსულად. ტრენინგის ენას ირჩევს ჯგუფი. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ეს ენა არ იცის ადამიანმა, ტრენინგის ასისტენტი მისთვის თარგმნის ინსტრუქციებსა და შემაჯამებელ ტექსტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგის 80% სავარჯიშოებია, საუბარი კი – 20%, ენის ბარიერი არ წარმოიქმნება.

-რა არის საჭირო ვორქშოპზე მონაწილეობის მისაღებად?

-ტრენინგზე დარეგისტრირება შეგიძლიათ საიტზე http://headvice.ge/image-theatre/

სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. ამ ეტაპის შემდეგ შედგება ტრენინგის კოორდინატორთან გასაუბრება, ხოლო შემდგომ – ჯგუფში ჩაწერა.