Skip to content

“ისწავლე საჭირო რამ” ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა – მომავლის ბიზნესმენები

„ისწავლე საჭირო რამ“ – ამ სიტყვებით გამოხატა ძველმა ბერძენმა დრამატურგმა სოფოკლემ წარმატებისა და განვითარების საიდუმლო.

რა მიიჩნევა ჩვენს საზოგადოებაში წარმატების საზომად?!” ამასწინათ, ამ თემაზე, საინტერესო დიალოგი შედგა ჩემსა და ჩემს ორ მეგობარს შორის. ეს დიალოგი იმ პროექტის შედეგებზე საუბარს მოჰყვა, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ.

თუკი გავცელებულ აზრებს დავაკვირდებით, ზოგი წარმატებაში “სიმდიდრეს” მოიაზრებს, ზოგიერთი მას “კარგ განათლებაში” “კარგ დიპლომში” ხედავს, ბევრი კი ხშირად ტელევიზიაში გამოჩენას ან ბევრ თავისუფალ დროს მიიჩნევს მის საზომად. არსებობს ერთი კინოკლასიკა “Trainspotting”, რომელიც პირველად სასკოლო ასაკში ვნახე (ვახსენებ ამას, რადგან სკოლა სტატიის მთავარ თემას ეხება). მისი მთავარი გმირი ტოვებს მეგობრებს, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში ხელს უშლიან და იწყებს ახალი ცხოვრების ძიებას. ის მალე ხდება პოზიტიური ცვლილებების მოწმე, რადგან უკეთეს კამპანიაში ხვდება. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, ძველი მეგობრები ისევ ისე ცხოვრობენ და უაზროდ ხარჯავენ დროს.

მაშინ, ამ ფილმა 3 საოცარი ცხოვრებისეული გაკვეთილი მასწავლა:

  1. ყოველთვის ეცადე კარგ წრეში მოხვდე;
    2. ეძებე და გამოიყენე ახალი შესაძლებლობები;
    3. არასდროს დაივიწყო საჭირო ცოდნასა და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა;

მიღებულმა გაკვეთილებმა, დროთა განმავლობაში საკუთარი აზრი ჩამომიყალიბა წარმატების საზომის შესახებ, რომელიც სამ მნიშვნელოვან კითხვაში გამოიხატება:

  • სად ვიყავი და სად ვარ ახლა?
  • ვინ ვიყავი და ვინ გავხდი?
  • რა შევქმენი და რა კვალი დავტოვე?

ეს არის კითხვები, რომელთაც დროთა განმავლობაში ვუსვამ საკუთარ თავს და მნიშვნელოვან პასუხებს ვიღებ. განვითარება წარმატების საუკეთესო საზომია. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ძველ ადგილებსა და სიტუაციებს ვუბრუნდებით, ჩვენ ვხედავთ თუ რა შეიცვალა ჩვენში და იმ ადგილებში, სადაც ოდესღაც გვიწევდა ყოფნა.

„ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა – მომავლის ბიზნესმენები” ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა.  პროექტში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის წინასწარ შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც დროებით მოწყდნენ სკოლის ცხოვრებას და ბიზნესისა და მენეჯმენტის სამყაროში დაიწყეს მოგზაურობა. გასული ერთი თვის მანძილზე, მოსწავლეები გაეცვნენ ბიზნეს ლიტერატურას და ერთმანეთს კითხვების დასმასა და საუკეთესო პასუხების გაცემაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები – სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA;

“ოლიმპიადის იდეა ჰაერიდან არ მოსულა”- ამბობს პროექტის ავტორი პაატა ცაგარეიშვილი “ოთხ მოტივთან” ინტერვიუში. “იდეას წინ უძღვოდა მთელი რიგი ცხოვრებისეული გამოცდილებებისა, რომელიც მე და ჩემმა ძმამ (ლაშა ცაგარეიშვილმა) წლების მანძილზე შევიძინეთ. 2013 წელს, როდესაც სადოქტორო დისერტაცია დავიცავი და ფიქრისთვის მოვიცალე, აღმოვაჩინე, რომ არ მსურდა ჩვეულებრივი პროფესორი ვყოფილიყავი. რომ დავაკონკრეტოთ, ლექციების კითხვის გარდა, პროფესორის მთავარი მისია კვლევების წარმოება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა.”

“დავიწყე ალტერნატიული განათლების მიღება, ვეცნობოდი ლიტერატურას და ვიდეო მასალებს ბიზნესისა და პიროვნული განვითარების შესახებ. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ალექსანდრე ჯეჯელავას ორი ვიდეო – „სად არის ბედნიერება“ და „ოპტიმალური მდგომარეობის მოდელი“, სადაც მან ახსენა თეორია „დინება“ (The Flow) და მისი ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი მიჰაი ჩიკსენთმიჰაი.  სწორედ ეს თეორია უდევს საფუძვლად Sony-ის, Apple-ის, Microsoft-ის და სხვა მრავალი წარმატებული კომპანიის მენეჯმენტს. თეორიის ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი უნდა ცდილობდეს ყოველთვის აკეთოს საყვარელი საქმე და იქნება ბედნიერი. “

“შემეცნების პროცესში მივხვდით, რომ კარგი იქნებოდა ეს ცოდნა სკოლის ან სტუდენტობის ასაკში გვქონოდა. სწორედ აქ გაგვიჩნდა იდეა დაგვეარსებინა „სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია“ – SEPIA, რომლის ერთ-ერთი პროდუქტი გახლავთ „ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა”  – და პირველი საპილოტე თამაში ჩავატარეთ საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (SBA). მონაწილეთა პირველმა რეაქციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მოეწონათ პროექტი. გარდა ამისა პირველი თამაში გაშუქდა მაესტროს საქმიან დილაშიც.”

თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეები ეცნობიან ბიზნეს ლიტერატურას და ვიდეო მასალას, შემდეგ ამ მასალებიდან უსვანენ ერთმანეთს კითხვებს “რა? სად? როდის?” ფორმატში. ვინც მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს, იღებს საჩუქრებს პროექტის მხარდამჭერთაგან. ამ სასიამოვნო პროცესში, მონაწილეები იღებენ საჭირო ცოდნას და სწავლობენ თუ როგორ დაიმკვიდრონ თავი თანამედროვე საზოგადოებაში.

olim3 olim1

1 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა ოლიმპიადის სუპერფინალი. თამაში ძალიან საინტერესო ვითარებაში წარიმართა, იყო საინტერესო კითხვები და არაჩვეულებრივი სათამაშო გარემო. საბოლოოდ, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი თბილისის N92- საჯარო სკოლა
1. საბა ქოსაშვილი (მენეჯერი)
2. ფილიპე ბარავი
3. ალექსანდა დავთიანი
4. გიორგი სამხარაძე
5. გიორგი კოხრეიძე

II ადგილი თბილისის N105- საჯარო სკოლა
1. გენრიეტა ბერაია (მენეჯერი)
2. დიანა გრიგორიანი
3. ქრისტინა მატოიანი
4. თამთა პოპიაშვილი
5. თამარ ანთია.

III ადგილი თბილისი N 176- საჯარო სკოლა.
1. თამარ ციმაკურიძე (მენეჯერი)
2. ნათია არაბული
3. ნინო ხუციშვილი
4. ვალერი სიმონიშვილი
5. ნათია ხახიაშვილი

“პროექტში სკოლების ჩართვის ინიციატივა საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორს, ქალბატონ ია ერაძეს ეკუთვნოდა, რის გამოც მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პირადად მას და აკადემიის მთელ კოლექტივს.” – გვითხრა ბატონმა პაატა ცაგარეიშვილმა ინტერვიუს პროცესში.

olim2

ფინალური თამაშის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მხარდამჭერი ორგანიზაციების შემოსავლების სამსხურის, ტერა ბანკის, ფინანსური მართვის ჯგუფის (FMG), საქართველოს ბიზნესის აკადემიისა (SBA), ჟურნალი 4motivi-ის დამფუძნებლებმა და საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორმა ბატონმა კახაბერ ერაძემ. მხარდამჭერებმა ამოარჩიეს საკუთარი სიმპათიები და გადასცეს მათ სიმბოლური საჩუქრები. გარდა ამისა საქართველოს ბიზნესის აკადემიამ გადასცა ფულადი საჩუქრები და 50%-იანი სასწავლო გრანტი პროექტის გამარჯვებულებს. ასევე, ყველა მონაწილე შემოსავლების  სამსახურმა მიიწვია 1 დღიან ექსკურსიაზე საგადასახადო-საბაჟო ორგანოების გასაცნობად, ხოლო ფინანსური მართვის ჯგუფის (FMG) ინიციატივით  ყველა მონაწილე გაეცნობა ფირმის აუდიტორულ დეტალებს.

ვულოცავთ წარმატებას პროექტის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ პროექტმა მისცა მათ ის საჭირო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაეხმარებათ მათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში!