წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გეჩქარებათ და აფთიაქში უნდა შეირბინოთ, მაგრამ ახლომახლო პარკირების ადგილი არ არის. რამდენჯერმე წრიულად შემოუარეთ დანიშნულების ადგილს, თან ნერვიულად საათს მიჩერებიხართ მაგრამ ამაოდ. ბოლოს, მოთმინების ფიალა გევსებათ და იქვე წესების დაცვით დაყენებულ მანქანას უკან საკუთარ ავტომობილს მიაყენებთ. სწრაფად გადმოდიხართ, აღელვებული იყურებით აქეთ-იქით, „ორ წუთში დავბრუნდები სახით“. შედიხართ აფთიაქში და ბედის ირონიით უშველებელ რიგში ამოჰყოფთ თავს. ყოველ წამს იმის განცდა გაქვთ, რომ სადაცაა მოგიწევთ რიგი და არც იმ ჩახერგილი მანქანის მძღოლს მოუნდება მაინც და მიანც ახლა გამოსვლა. უცებ, ამ ფიქრებში გართული აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინ მდგარი მომხმარებელი პენსიონერი ბაბუაა წამლების უშველებელი ნუსხითა და სადაზღვევო ბარათით… უკან ხელცარიელი ხომ არ გაბრუნდებით, რიგის დიდი ნაწილი უკვე გასულია. როგორც იქნა დადგა თქვენი ჯერიც, ფაციფუცით აწვდით რეცეპტს, მაგრამ კონსულტატს დაბნეულობას ატყობთ, ის ეძახის მეორე კონსულტანტს, რომელიც საწყობშია და 5 წუთის შემდეგ მოდის. მეორე კონსულტანტი სტაჟიორ კონსულტანტს უხსნის, როგორ იპოვოს თქვენი პრეპარატი, როგორ გაატაროს და ა.შ. საათზე იყურებით, უკვე 20 წუთზე მეტია გასული…. აჩქარებული გამოდიხართ გარეთ და გარშემო მყოფი ხალხის რეაქციით ხვდებით, რომ პლასტიკურ ბარათზე ბონუს ქულების დაგროვების გარდა, Facebook-ზე გამოჭენებულმა თქვენმა მანქანამ, 150 Angry 80 Comment და 30-მდე Share დააგროვა.
ნაცნობი სიტუაციაა ხომ?! ქართულ რეალობაში არსებობს სტარტაპი gamatare.ge, რომელსაც შეუძლია სრულიად მარტივად თავიდან აგარიდოთ მანქანის უადგილო ადგილას გაჩერებისაგან გამოწვეული უსიამოვნება.
ნიკოლოზ ხორავა (gamatare.ge-ს დამფუძნებელი): „სტარტაპის კონცეპცია შემდეგში მდგომარეობს: gamatare.ge-ს გააჩნია ავტომობილებისა და მათი მფლობელების ბაზა. მას, ვისაც ხელს შეუშლის სისტემაში რეგისტრირებული ავტომანქანა, ექნება მძღოლთან ავტომობილის ნომრით დაკავშირების საშუალება, ამაში კი მას ჩვენი აპლიკაცია დაეხმარება.“ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ Android, iOS, Windows და აპლიკაციიდან ასევე SMS-ის საშუალებით, ავტომობილის ნომრის აკრეფით მაგ: “XX000XX” და ნომერზე 90049 გაგზავნით.
ნიკოლოზ ხორავა: „ჩვენი მიზანი იყო არ შეგვეზღუდა ადამიანები და მათთვისაც, ვისაც სმარტფონი არ აქვს, სერვისით სარგებლობის საშუალება მიგვეცა. სირთულეების მიუხედავად მოვახერხეთ მიზნის მიღწევა SMS-ს შეტყობინების გაგზავნის საშუალებით„.
იდეას საფუძვლად პროგრამისტ ნიკოლოზ ხორავას პირადი გამოცდილება დაედო. გამოცდილებას სურვილი მოჰყვა, კონკრეტული პრობლემიდან გამოსავალი შეექმნა, პრობლემიდან, რომელიც უამრავი კონფლიქტისა და სირთულის საფუძველია.
ნიკოლოზ ხორავა: „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის სტარტაპერს, რომ მხარს გვიჭერს და საშულებას გვაძლევს პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ. იმისთვის, რომ სრულყოფილი ბაზა გვქონდეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი ავტომობილის ნომერი. ცხადია, რეგისტრირებული ინფორმაცია კონფიდენციულურია, ამით მხოლოდ და მხოლოდ კეთილ საქმეს გავაკეთებთ და უდიდეს პრობლემას მოვაშორებთ ქალაქს.„
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი