Skip to content

ეკონომიკური თავისუფლება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად

ეკონომიკური თავისუფლება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად

„სოციალიზმი, იმ ანტიკური თეორიების მსგავსად, რომელთაც იგი ეფუძნება, მთავრობისა და საზოგადოების ცნებებს ერთმანეთში ურევს. შედეგად, ყოველთვის, როცა მთავრობის ამა თუ იმ ქმედებას ვეწინააღმდეგებით, სოციალისტები მიიჩნევენ, რომ ზოგადად ამ ქმედებას ვეწინააღმდეგებით.

ჩვენ არ ვამართლებთ სახელმწიფო განათლებას. ამ შემთხვევაში სოციალისტები აცხადებენ, რომ საერთოდ განათლების წინააღმდეგნი ვართ. არ ვამართლებთ სახელმწიფო რელიგიას, მაშინ კი ისინი ამბობენ, რომ საერთოდ ნებისმიერი რელიგიის წინააღმდეგნი ვართ. არ მიგვაჩნია სწორად სახელმწიფოს მიერ იძულებითი გათანასწორება და ისინი აცხადებენ, რომ თანასწორობის მოწინააღმდეგენი ვართ და ა.შ. ეს ისე გამოდის, ბრალი რომ დაგვდონ, თითქოსდა არ გვსურს ხალხის გამოკვება, რადგან არ გვინდა, მარცვლეული სახელმწიფოს მოყავდეს“.

ფრედერიკ ბასტია, 1850, კანონი[1]

შარშან, ახალი ეკონომიკური სკოლის[2] საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილე ლიტველმა ახალგაზრდამ მკითხა თუ რატომ მარცხდება კაპიტალიზმი გათანამედროვებული სოციალიზმის წინააღმდეგ. ეს მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია. სოციალიზმის მომხრეები, განსაკუთრებით აკადემიურ სივრცეში, აქტიურად ცდილობენ კიდეც იმის დამტკიცებას, რომ თავისუფალ ბაზარს ახასიათებს ჩავარდნები, რომელთა მთავარი შედეგი შემოსავლების უთანასწორობაა, რაც დროთა განმავლობაში კაპიტალის, ანუ ძირითადი (უძრავი ქონება) და საბრუნავი (ფული და ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები) საშუალებების უთანასწორო განაწილებაში გამოიხატება. ამრიგად ყალიბდება მქონებელთა ძალიან მცირე და უქონელთა დიდი ჯგუფები, რომელთა შორის სოციალური ურთიერთმიუღებლობა და ინტერესთა კონფლიქტია. დაპირისპირება მძაფრდება, როდესაც ეკონომიკური კრიზისების გამო ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია და დაქირავებულთა შემოსავლები კლებულობს, ხოლო „კაპიტალისტები“ მათ ხელში არსებული საწარმოო საშუალებებიდან „რენტის“ სახით „ზემოგებას“ იღებენ.

სამართლიანი გადანაწილებისთვის ისინი სახელმწიფოს საქმიანობას ამართლებენ რაც მომხმარებლების თავისუფლების (Liberté) სახელით წარმოება-მომსახურების მეტი რეგულირების შემოღებას, მოქალაქეთა ურთიერთთანასწორობის (égalité) სახელით განსაკუთრებული შემოსავლების და უძრავ-მოძრავი ქონების მქონე ადამიანების სხვებთან შედარებით მაღალი განაკვეთით დაბეგვრას და ურთიერთთანადგომის (fraternité) სახელით სოციალური (განათლება, ჯანდაცვა, მიუსაფართა შემწეობა, პენსია და ა.შ.) დახმარების ფართო ქსელის ორგანიზებას გულისხმობს. სწორედ ასეთია სიღატაკიდან ხალხის ამოყვანის ტიპური გეგმა.

ასეთივეა ფრანგი პროფესორის თომას პიკეტის მიდგომა, რომელიც მის სქელტანიან წიგნში „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“[3] ჩამოაყალიბა. ნაშრომი 2012 წელს გამოსცა და დღემდე ბესტსელერია. მისი აზრით, უთანასწორობა მემკვიდრეობით მიღებული კაპიტალის 15%-ით, ხოლო მაღალი შემოსავლების (წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი) 80%-იანი დაბეგვრით უნდა მოწესრიგდეს. ამასთან, დაბეგვრას საყოველთაო ხასიათი უნდა ქონდეს, გამონაკლისების გარეშე. ლიტველი ახალგაზრდა შეშფოთებული იყო. ის საზაფხულო უნივერსიტეტის ლექტორების მხრიდან საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევის სავალალო შედეგების არგუმენტებს უფრო იზიარებდა, ვიდრე პიკეტის და საკუთარი უნივერსიტეტის ლექტორების შეხედულებებს სახელმწიფოს გამაწონასწორებელ ფუნქციაზე. მისი თვალსაზრისით, მოსაზრებები რომლებიც აკადემიურ წრეებში დომირებს, საბოლოო ჯამში ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ქმნის და კაცობრიობის ბედს განსაზღვრავს. მცდარი მიდგომები კი არასწორ პოლიტიკურ დასკვნებს და ქმედებებს განაპირობებს.

მისთვის მისაღები იყო ჩვენი საზაფხულო უნივერსიტეტის ამერიკელი, ფრანგი, იტალიელი და ქართველი ლექტორების დასაბუთება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციონიზმს, ანუ კერძო და სამეურნეო ურთიერთობებში ჩარევას, თან ახლავს ეკონომიკის განვითარების შეფერხება. რადგან ეს ძირფესვიანად ცვლის მოტივაციურ სისტემას. საკითხი დგება ასე: გამოიმუშაონ თუ შემწეობა მიიღონ? ეძიონ თუ შეეგუონ? დაიხარჯონ და მეტი მიიღონ თუ იზარმაცონ და მცირედს დაყაბულდნენ? გადაწყვეტილებები ზღვარზე მიიღება – რაც მეტია დახმარება და მუქთა სიკეთეები, მით მეტია მათი მიღების მსურველი, რადგან დიდია სხვის ხარჯზე საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ცდუნება.

კითხვაზე კი ვუპასუხე, რომ შეხედულება კაპიტალიზმის მარცხზე სოციალიზმის წინააღმდეგ მცდარია. მივუთითე მონაწილეთა მრავალფეროვან ტანსაცმელზე, მობილურ ტელეფონებსა და ლეპტოპებზე, შევახსენე სასტუმროს ეზოში მდგომი ათობით სხვადასხვა მარკის ავტომობილი და დასახლების სავსე სუპერმარკეტები, აგრეთვე ამაზონი და სხვა ინტერნეტ რესურსები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მსოფლიოს მასშტაბით სახლიდან გაუსვლელად ვივაჭროთ. და ეს ყველაფერი იმიტომ არის ხელმისაწვდომი, რომ ბაზარი მუშაობს, ის არეგულირებს მილიარდობით ადამიანის ინტერესს. თითოეულს უჩენს შესაძლებლობას და უხსნის საუკეთესო უნარ-ჩვევების გამომჟღავნების გზას.

ხაზი გავუსვი, რომ ბაზარი ყოველთვის მუშაობს. შეუძლებელია შეაჩერო და მითუმეტეს დაამარცხო ადამიანების თანამშრომლობა, რომელიც დამყარებულია ურთიერთსარგებელსა და ნებაყოფლობაზე. თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობებისკენ ლტოლვა ბოლომდე ტოტალიტარულმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ ჩაკლა და ეს მაშინ, როდესაც „კერძო საკუთრება“, როგორც მცნებაც კი კანონგარეშე იყო, ხოლო მეწარმეობა კი უსასტიკესად ისჯებოდა.

საბოლოო ჯამში სახელმწიფოს შემოღებული რეგულაციები და წინააღმდეგობები ზრდის დანახარჯებს, მაგრამ ვერ ცვლის თანამშრომლობის არსს – ადამიანები მაინც პოულობენ გზას მოემსახურონ ერთმანეთს რაც შეიძლება იაფად და ხარისხიანად (კონკურენცია), მიიღონ საზღაური (რაც შეიძლება მეტი) და ამ გზით გაიუმჯობესონ მდგომარეობა (რაც შეიძლება სწრაფად). რაც ნაკლებია წინააღმდეგობები, მით მეტია შესაძლებლობები. მათი გამოყენების შანსი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება, რადგან ეს მატერიალურად ხელმისაწვდომი და მორალურად გამართლებული ხდება.

რაც შეეხება პიკეტის წიგნს „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“, მიუხედავად ამბიციური განაცხადისა, რომ ის კარლ მარქსისეული „კაპიტალის“ 21-ე საუკუნეზე მორგებული „რეინკარნაციაა“, ახალგაზრდა კოლეგას ვუთხარი, რომ მისი აკადემიური მნიშვნელობის გადამეტება არ ღირს. გარდა ისეთი დაუსაბუთებელი მიდგომისა, თითქოს მსოფლიო დოვლათის მსგავსი უსამართლო და არადემოკრატიული გადანაწილება კაპიტალიზმის „დამსახურებაა“ და კაპიტალისტურ წყობას აქვს ბუნებრივი მიდრეკილება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი უთანასწორობის ზრდას კაპიტალის უდიდესი ნაწილის კიდევ უფრო მცირერიცხოვან ჯგუფში თავმოყრის გზით, წიგნი ეფუძნება სტატისტიკური ინფორმაციის იდეოლოგიზირებულ ინტერპრეტაციას და სავსეა უზუსტობებით. ამ გარემოებებზე გავლენიანმა „ფაინენშალ ტაიმსმა“ (The Financial Times) არაერთხელ მიუთითა[4],[5], მას არც ეკონომისტი (The Economist)[6] და ფორბსი (Forbs)[7] ჩამორჩნენ.

მითუმეტეს, თავად პიკეტიმ კრიტიკის საპასუხოდ განცხადა, რომ მოხარულია გამოჩენილი ინტერესით და მომავალში მონაცემების ბაზას გააუმჯობესებს[8]. რადგან პიკეტი ამის აუცილებლობას ხედავს, შესაძლოა მისი ახალი დასკვნებიც განსხვავებული აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გავლენას, შესაძლოა ღირდეს დავეთანხმოთ „უოლ სტრიტ ჯორნალის (Wall Street Journal) ფინანსისტ როუზენკრენსს – თომას პიკეტიმ უკვე აღიარა ნაწილობრივი ხარვეზი კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“ მოცემულ მსჯელობებში, ახლა იმათი დროა, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს წიგნი უნდა გახდეს მეგზური ახალ ოქროს ხანისკენ მიმავალ გზაზე, სადაც აღარ იქნება უთანასწორობა[9].

ასე, რომ მცდარი მიდგომა, მცდარი სტატისტიკა, მცდარი დასკვნები, მცდარი რჩევები მეტისმეტად ბევრია, რომ ამ წიგნს და განსაკუთრებით მის რეკომენდაციებს უთანასწორობის გადასახადებითა და ფულის ინფლაციის მოგვარების შესახებ დიდი ყურადღება დაეთმოს.

თუმცა, აქ კიდევ ერთი პარალელი იკვეთება მარქსის „კაპიტალთან“. მარქსმა თავის წიგნის მხოლოდ პირველი ნაწილი გამოქვეყნა (1867 წელი) და შრომის დასრულება აღარ ისურვა. დანარჩენი 2 ტომი მის მაგივრად და მისი გარდაცვალების შემდეგ ფრიდრიხ ენგელსმა გამოსცა. „კაპიტალი“ მოგვიანებით, სხვადასხვა სოციალისტურმა დაჯგუფებებმა ლამის იდეოლოგიურ ბიბლიად აქციეს.

არის მოსაზრება, რომ შემდგომი ტომების გამოცემისგან თავის შეკავების მიზეზი 1871 წელს გამოქვეყნებული ავსტრიელი კარლ მენგერის „ეკონომიკის პრინციპები“[10] იყო, რომელმაც რევოლუციური გარღვევა მოახდინა ეკონომიკურ აზროვნებაში მანამდე გაბატონებული ღირებულების – „შრომითი თეორიის“ საპირისპიროდ, რასაც ეფუძნებოდა მარქსის ტრაქტატიც, შემოიტანა „ზღვრული სარგებლიანობის თეორია“. მენგერმა საფუძველშივე გააბათილა მარქსის მიერ გაზიარებული დოქტრინალური მოსაზრება შრომის, როგორც ღირებულების საზომის შესახებ, რამაც ხუხულასავით დაამსხვრია შრომის ექსპლუატაციის თეორია და ამ ექსპლუატაციისგან თავსი დაღწევის მარქსისეული გეგმა: მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის შესახებ.

„ოცდამეერთე საუკუნის კაპიტალის“ რევიზიის და მითუმეტეს მისგან ახალი გზამკვლევის ჩამოყალიბების მცდელობისგან თავის არიდება ისევ იმ მეთოდით შეიძლება, რომლის გამოყენებასაც თავად პიკეტი შეეცადა: ესაა სტატისტიკა და მისი ანალიზი.

ფრეიზერის ინსტიტუტის[11] (კანადა) კვლევით, რომელიც მსოფლიოში ეკონომიკურ თავისუფლების[12], ანუ ადამიანების სამეურნეო ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩაურევლობის დონეს იკვლევს, რაც ნაკლებია გადასახადები, სახელმწიფოს მიერ კერძო და კორპორატიული შემოსავლების გადანაწილება, წარმოება-მომსახურების რეგულირება, სამართალწარმოებასა და მონეტარულ პოლიტიკაზე გავლენა, მით უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე ერთ სულ მოსახლეზე გათვლით. 2013 წლის მონაცემებით 157-დან საუკეთესო 39 ქვეყენა შემდეგ 39 ქვეყანას შემოსავლების დონით თითქმის ორჯერ უსწრებს, მესამე 39 ქვეყანას თითქმის 4-ჯერ, ხოლო ბოლო 40-ს 5.5-ჯერ.

p1

სწორედ ეკონომიკურ თავისუფლების ზრდამ განაპირობა, რომ ჯერ კიდევ 50-60 წლის წინ სიღატაკეში მცხოვრები ჰონგ-კონგი და სინგაპური, სადღეისოდ სხვებს ცხოვრების მაღალი სტანდარტების მაგალითს აძლევენ. ისინი აღნიშნულ კვლევასაც სათავეში უდგანან და ამერიკის დაზვერვის სააგენტოს მონაცემებით, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე 55.200 და 81.100 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი შემოსავლით (2014 წლის მდგომარეობით) მსოფლიოს მოწინავე 15 ქვეყნის რიგში შედიან[13]. მათი ადგილი კიდევ უფრო მაღალი იქნება, თუკი ლიდერებიდან ნედლეულის ხარჯზე გამდიდრებულ ქვეყნებს გამოვრიცხავთ (მაგ. ბრუნეის, ყატარს, ქუვეითს და ა.შ.). ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მაგალითი სწორედ იმიტომაა გამორჩეული, რომ მათი წინსვლა ბუნებრივი ნედლეულის ექსპლუატაციას კი არ დაეფუძნა, არამედ ადამიანური შესაძლებლობების განვითარებას, ღია ეკონომიკას, ჯანსაღ მოტივაციურ სისტემას, რომელიც შრომას და გარჯას აჯილდოვებს, გამორიცხავს კორუფციას და ნებელობით მართლმსაჯულებას.

ის ადამიანები რომლებიც ეკონომიკურად თავისუფალ ქვენებში ღარიბად ითვლებიან, სხვა, ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების სტანდარტებით მდიდრებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ასე მაგალითად, თუ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში უღარიბესი 10%-ს საშუალო წლიური შემოსავალი 9881 ამერიკული დოლარია, ეკონომიკურ თავისუფლებას მოკლებულ ქვეყნებში საშუალოდ 1629 ამერიკული დოლარი, ანუ 6-ჯერ ნაკლები. მეტიც, პირველი 39 ქვეყნის საშუალო მაჩვეენებლი მომდევნო 39 ქვეყნის საშუალოზე 2-ჯერ მეტია.

p2

ხოლო ის გარემოება, რომ მათ ხელი მიუწვდებათ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვზე, კვებასა და სასმელ წყალზე, ისვე როგორც ბევრად უკეთეს განათლების სისტემასა და მრავალფეროვან სოციალურ დახმარებაზე, განაპირობებს როგორც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალ მაჩვენებლებს, ისე პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცულობას. ისინი ბევრად ინტეგრირებული არიან ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში.

წარმატებული საბაზრო რეფორმაციის პარალელურად, საპირისპირო მაგალითებიც გვხვდება. ყველგან, სადაც ქვეყნებმა სოციალისტური სენტიმენტები გამოიჩინეს და პრობლემების მოგვარების გზად სახელმწიფოს ჩარევის გაფართოვება დაისახეს, ეკონომიკურმა კატასტროფამ არ დააყოვნა. ამის ნათელი მაგალითია, ვენესუელა, ნავთობის რეზერვებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ე.წ. ოპეკის მონაცემით 296.50 მილიარდი ბარელი, რაც მსოფლიო რეზერვების 24.9% იყო 2014 წლისთვის[14]). ილუზიამ, რომ ნავთობის წარმოების ნაციონალიზაცია, ანუ დარგის კომერციული (მოგებაზე ორიენტირებული) მართვიდან ბიუროკრატიული (პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებული) მართვაზე გადაყვანა ნავთობიდან მიღებული შემოსავლების სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის გამოყენების გზა იქნებოდა, გააჩინა კიდევ ერთი ცდუნება: ბოლივარისტული სოციალიზმის[15] დამყარების სურვილი – მაქსიმალურად ნაციონალიზებული თვითკმარი ეკონომიკით, უცხოელი ინვესტორების გაძევებით, გადანაწილების მაღალი დონით, საარჩევნო დემოკრატიით, პატრიოტული მუხტის გაღვივებით და ა.შ.

შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეფერხდა. კერძოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2005 წლის 10.3%-დან ჯერ 2006 წლისთვის – 9.9%-მდე, ხოლო 2013 წლისთვის – 1.3%-მდე შემცირდა. 2014 კი საერთოდ უარყოფითი გახდა და -4%-ს გაუტოლდა.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ნავთობის ფასების კლება – სოციალური ვალდებულებების გამსტუმრებელი წყარო ამოშრა, ხოლო დანარჩენი ეკონომიკა უკვე სრულიად ძირგამოთხრილი იყო. ფული გაუფასურდა, მაღაზიებიდან კი საქონელი გაქრა. სოციალურად ვითომდა გამოთანაბრებული ხალხი მშიერი დარჩა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სოციალისტური ექსპერიმენტები სიღარიბეში გათანაბრებას გულისხმობს. შედეგად, 2014 წლის ბოლოს სოციალისტებმა არჩევნები წააგეს და ქვეყანას ახალი შანსი გაუჩნდა.

ამ მიდგომის საპირისპიროდ, ეკონომიკურ ზრდაზე მორგებულმა მიდგომებმა, ანუ საბაზრო ურთიერთობების დანერგვამ, საკუთრების ინსტიტუტის გაძლიერებამ, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებამ, როგორც გადასახადების ისე ტექნიკურ-კომუნიკაციური თვალსაზრისით, 2005-2010 წლებში მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიარდ ადამიანს მისცა საშულება თავი დაეღწიათ სიღარიბისთვის. ამის შესახებ საყურადღებო სტატისტიკას გვთავაზობს ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევა „სიღარიბე რიცხვებში: ვითარების ცვლილება 2005-2015 წლებში“[16], რომელიც სიღატაკის რეგიონულ და მსოფლიო დონეებს სწავლობდა.

ღარიბების რაოდენობა (მილ.)

სიღარიბის დონე (მოსახ. წილი)
200520102015200520102015
სამხერთი აზია304.5140.453.416.8%7.4%2.7%
ევროპა და ცენტრალური აზია16.08.44.33.4%1.8%0.9%
ლათინური ამერიკა და კარიბის კუნძულები45.035.027.38.4%6.2%4.5%
ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა9.46.75.43.8%2.551.9%
სამხრეთ აფრიკა583.4317.9145.140.2%20.3%8.7%
საჰარის უდაბნოს მიმდებარე აფრიკა379.5369.9349.954.5%46.9%39.3%
მსოფლიო1337.8878.2585.525.7%15.8%9.9%

ნიშანდობლივია, რომ სიღატაკის დონის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნა სამხრეთ აზიაში (16.8%-დან 2.7%-მდე) და საჰარისპირა აფრიკაშიც (54.5%-დან 39.3%-მდე) კი. თუმცა, ამ რეგიონის მოსახლეობის სიდიდის გამო, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბეში მცხოვრებთა აბსოლუტური რიცხვები. ეს კი შემდგომი რეფორმირების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ცნობილი შვედი მოღვაწის – მეცნიერის, ექიმის, სტატისტიკოსის, საჯარო მომხსენებლის, „გეპმაინდერის“ თანადამფუძნებელისა და ხელმძღვანელის ჰანს როსლინგის სტატისტიკაზე დაფუძნებული მტკიცებით, ბოლო ბოლო 200 წლის მანძილზე მსოფლიოში სიღარიბის დონე 85%-დან 12%-მდე შემცირდა[17]. განსაკუთრებულად მაღალი ტემპი კი აღინიშნება მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან, როდესაც ე.წ. საბაზრო რევოლუციები მესამე სამყაროს ქვეყნებს მოედო. მისი ინფორმაციით, დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პარალელურად ხდება. საბაზრო სიტემას აქვს ყველა რესურსი, რომ არამარტო არ შეაფერხოს მოსახლეობის ზრდა, არამედ დააკმაყოფილოს მზარდი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ინტერესები. ამიტომ, მისი გათვლით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, სიღატაკე, როგორც საყოველთაო მოვლენა აღმოფხვრადია.

ჰანს როსლინგის ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ არის. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში (1990-2015) ანუ ეკონომიკური თავისუფლების გაფართოვების კვალდაკვალ[18], მსოფლიო დოვლათი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და უპრეცენდენტო მოცულობას – 77,868 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია[19].

ის, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ბევრად უფრო კეთილმოწყობილ გარემოში და სამომხმარებლო სიუხვის პირობებში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ინტერვენციონიზმის პოლიტიკა მარცხდება და რაც დრო გადის, სულ მეტად და მეტად იხევს უკან. ოღონდ, უკან დახევისას, მისი მიმდევრები მუდმივად ცვლიან მიდგომებს, შინაარსს და სახელსაც კი, იღებენ ახალ ნიღაბს და ეპოტინებიან ხავსს.

თუ ინტერვენციონიზმის ყველაზე რადიკალურ მაგალითად კომუნისტურ ექსპერიმენტს მივიჩნევთ, რაც ადამიანის არსებობას პირადი ცხოვრებიდან დაწყებული ეკონომიკური ურთიერთობით დამთავრებელი – ყველა ასპექტის ტოტალურ კონტროლს გულისხმობდა, თანამედროვე სოციალიზმი მასთან შედარებით გაცილებით „ლიბერალურად“ და „პროგრესულად“ გამოიყურება. შესაძლოა სწორედ ამიტომ გამოიყენება ეს ტერმინები მის დასახასიათებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თანამედროვე პროგრესისტული სოციალისტური დოქტრინები არ უარყოფენ კერძო საკუთრების, ბაზარის, ფულისა და ფასების თავისუფლების აუცილებლობას. ამით თანამედროვე სოციალისტები აღიარებენ, რომ მათი იდეური წინაპრები ცდებოდნენ და შეუძლებელია მეურნეობის მართვა ფუძემდებლური საბაზრო პრინციპების გაუთვალისწინებლად. ანუ არსებითად აღიარებს ლუდვიგ ფონ მიზესის, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის, ჯერ კიდევ 1920 წელს გამოქვეყნებულ დაკვირვებას, რომ ეკონომიკური გათვლები კლასიკურ სოციალისტურ საზოგადოებაში შეუძლებელია[20]. მიზესის არგუმენტი შემდეგში იყო: წარმოების საშუალებებზე (მიწა, კაპიტალი, შრომა) კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მათი ღირებულების განსაზღვრა, რადგან მათი განაწილება მოხდებოდა არა ბაზარზე გარიგეგების შედეგად ჩამოყალიბებული ფულადი ფასებით (იჯარით, სარგებლით, ხელფასით), არამედ პოლიტიკური მმართველობის პირადი შეხედულებებით. შედეგად რესურსები მოხმარდებოდა არა იმის წარმოებას, რაზედაც საბაზრო მოთხოვნაა, არამედ იმას, რაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალსაზრისითაა საჭირო. რესურსებს განკარგვა დაექვემდებარებოდა არა იმათ, ვინც მეტს იხდის და შესაბამისად, მეტ ღირებულებას ანიჭებს მათ, არამედ იმათ ვინც მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს და ღირებულების საკუთარი საზომი, ერთგვარი „არსენას არშინი“ აქვს. „პიკეტის არშინი“ მხოლოდ ნახევარ მილიონიან შემოსავალს სწვდება და ნამეტს კონფისკაციისთვის იმეტებს. მაგრამ პასუხგაუცემლად ტოვებს სულ მცირე ორ კითხვას:

  1. რატომ მოუნდება ვინმეს იმის გამომუშავება (დროის, ენერგიის, ჯანმრთელობის, რესურსების დახარჯვა, სხვა ალტერნატივებზე უარის თქმა), რასაც აპრიორი ჩამოართმევენ?
  2. როგორ უნდა განაწილდეს ჩამორთმეული (ვინ უნდა იყოს ადრესატი, ვინ უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი იქნება განაწილების უფრო სამართლიანი მექანიზმი, რა დაჯდება აღსრულება, ხომ არ გამოჩნდებიან ჯორჯ ორუელისული „უფრო თანასწორები“, თანასწორთა შორის და ა.შ.)?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ „სამართლიანობა“ იმდენად სუბიექტური ცნებაა, შეუძლებელია ესა თუ ის მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები ჭეშმარიტება აღმოჩნდეს. გადამანაწილებელ ხელისუფლებაში მოსვლის ხიბლი ყოველთვის არსებული დოვლათის სათავისოდ გადანაწილების უფლების მოპოვება ხდება და შედეგად, საზოგადოებაში ბზარი მატულობს და ახალი რევოლუციური გამოწვევისკენ უბიძგებს. მოვლენები სპირალისებრი ტრაექტორიით განვითარდება. „22-ე საუკუნის კაპიტალი“ არსებითად ახალს ვერ მოითხოვს: მარქსი 100%-ზე წერდა, პიკეტი – 80%, შეიძლება მომდევნო 60%-ით დაკმაყოფილდეს, მაგრამ სხვის ჯიბეზე მაყურებელთა მანკიერი წრე არ გაირღვევა. არადა, უთანასწორობას მართლწესრიგის (The rule of law) უგულვებელყოფა იწვევს და წინააღმდეგობის მოგვარებისკენ სვლა მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების გაფართოვების გავლით არის შესაძლებელი.

ავტორები: პაატა შეშელიძე; თემურ იობაშვილი ;

[1] Frederic Bastiat, 1850, The law, https://mises.org/library/law

[2] www.nes-g.ge

[3] Capital in the Twenty-First Century, http://www.amazon.com/Capital-Twenty-First-Century-Thomas-Piketty/dp/1491534656

[4] http://www.ft.com/cms/s/2/e1f343ca-e281-11e3-89fd-00144feabdc0.html#axzz3wssL7TB1

[5] http://www.ft.com/intl/cms/s/0/c9ce1a54-e281-11e3-89fd-00144feabdc0.html#axzz3wssL7TB1

[6] http://www.economist.com/blogs/freeexchange/2014/05/inequality-0

[7] http://www.forbes.com/sites/scottwinship/2014/05/27/laffaire-piketty/

[8] http://www.huffingtonpost.com/thomas-piketty/response-to-financial-times_b_5412853.html

[9] http://www.wsj.com/articles/robert-rosenkranz-piketty-corrects-the-inequality-crowd-1425854415

[10] https://mises.org/library/principles-economics

[11] www.fraser.org

[12] www.freetheworld.com

[13] https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(PPP)_per_capita

[14] http://www.opec.org/opec_web/en/data_graphs/330.htm

[15] https://en.wikipedia.org/wiki/Bolivarianism

[16] http://www.brookings.edu/~/media/research/files/papers/2011/1/global-poverty-chandy/01_global_poverty_chandy_execsumm.pdf

[17] http://www.buzzfeed.com/tomchivers/things-you-didnt-know-about-extreme-poverty#.fw6gmV9LZ

[18] Economic Freedom of the World, www.freetheworld.com

[19] https://en.wikipedia.org/wiki/Gross_world_product

[20] Ludwig von Mises, 1920, “Economic Calculation in the Socialist Commonwealth”