Skip to content

“ჭკვიანი ბეჭედი” “მაგიური” შესაძლებლობებით – ინოვაციური სტარტაპი ქართულ რეალობაში

„ბეჭდების ბრძანებლის“ გადაღებამდე პიტერ ჯექსონი ალბათ ვერც კი წამოიდგენდა, რომ რეალურად მართლაც შესაძლებელი იქნებოდა ერთ რომელიმე ნივთში “მაგიური” ძალების თავმოყრა. და აი, გადის 15 წელი და საქართველოში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავი ფროდოდ იგრძნოს და საკუთარი, განსაკუთრებული შესაძლებლობების ბეჭედი ჰქონდეს. როგორ?! – ამაში CNICK დაგემხმარებათ, ინოვატორებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ყოველდღიურად საჭირო საბუთების ქაოსი, ჰარმონიულად მოათავსა ერთ ბეჭედში.
CNICK ბეჭედი შეგიძლიათ გამოიყენოთ სამსახურის საშვის, ფიტნესისა და აუზის აბონიმენტების ან სულაც კინოს ბილეთების ნაცვლად. გარდა ამისა, რაც მთავარია, CNICK ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, მასში ჩატვირთულია პირველადი სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებს შესაძლებლობას აძლევს მომენტალურად მიიღონ ინფორმაცია პაციენტის შესახებ, მაშინ როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტია. CNICK მომხმარებლებს მობილურ აპლიკაციასაც სთავაზობს, რომელიც NFC-ის მეშვეობით შესაძლებლობას იძლევა სასურველი ფაილები შევინახოთ ბეჭედში და გავუზიაროთ სხვას ხელის ერთი შეხებით. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ ფუნქციებისა, რომელსაც ბეჭედი გვთავაზობთ.
გიორგი მიქაცაძე (CNICK-ის თანადამფუძნებელი) – “ყველაფერი დაიწყო უნივესიტეტიდან, ყოველდღიურად გვიწევდა საფულიდან შესაბამისი ბარათის ამოღება და გატარება, რომ შენობაში შევსულიყავით. განსაკუთრებით დიდი დრო გვეკარგებოდა გამოცდების დროს, ამან მოგვცა სტიმული პროცესი გაგვემარტივებინა და ხელის ერთი მოძრაობით გამხდარიყო შესაძლებელი ის, რასაც აქამდე დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა.“
სტუდენტური წამოწყება ინოვაციურ სტარტაპად იქცა, რომელსაც საერთაშორისო ანალოგი არ აქვს. CNICK-ის გუნდმა ფუქციური ნაწილის დახვეწის შემდეგ ყურადღება ვიზუალსა და ხარისხზეც გაამახვილა. ძვირფასი ხის მასალისაგან შექმნილი ბეჭდის დიზაინის შერჩევა მომხმარებელს საკუთარი გემოვნებით შეუძლია.
დავით კვიციანი (CNICK-ის თანადამფუძნებელი) – “თავიდან სხვადასხვა მასალა ვცადეთ. იყო რეზინის, კარბონის, კერამიკის ვარიანტები, თუმცა ხისგან დამზადებული ყველაზე მყარი გამოდგა, რომელიც დავარდნის შედეგად არ ტყდება, არ აზიანებს წყალი. გარდა ამისა, ხე იძლევა საშუალებას, რომ ბეჭდის დიზაინი საკუთარ გემოვნებას მოარგო”.
 CNICK-მა ბეჭდის მაგიურობა საკუთარ გარემოცვაზე გამოსცადა და სანამ საერთაშორისო დონეზე პროდუქტის დახვეწა-განვითარებას შეუდგებოდნენ, მათ გარემოცვისგან მკაფიო სიგნალი მიიღეს, რომ ბეჭედი ნამდვილად “ყველას გააოცებდა”.
კობა ცერცვაძე (CNICK-ის თანადამფუძნებელი) – “როდესაც ბეჭედს საშვის დანიშნულებით ვიყენებდით მნახველები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, ზოგს რაღაც ილუზიონისტური ხრიკი ეგონა, ზოგი გარშემო ფარულ კამერას ეძებდა და ფიქრობდა, რომ რომელიღაც სახალისო ტელეგადაცემაში მოხვდა.“
სტარტაპს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ემსახურება, დიდი და შორს მიმავალი გეგმები აქვს. ზღაპრული იდეა, რომელიც სისტემურად ისხამს ხორცს სულ მალე კონკრეტული პროდუქტის სახით მოგვევლინება.
“ჭკვიანი ბეჭედი” გაყიდვაში შემდეგი თვიდან გამოვა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მის მოსაპოვებლად ბოროტი ჯადოქრის საურონის დამაცხება სულაც არ გჭირდებათ. საკმარისი იქნება საიტიდან ბეჭდის დიზაინის შერჩევა და შეკვეთის განთავსება.

Cnick-ის, ასევე სხვა სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის პროგრამის „სტარტაპერის“ ვებევერდზეა შესაძლებელი.
#სტარტაპერი

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი