გოთი, რეპერი, ემო, მეტალისტი, ჰიპი, ბაიკერი… გასულმა საუკუნემ სხვადასხვა დაჯგუფებითა თუ სუბკულტურის ჩამოყალიბებით ადამიანთა ნაწილს თავსატეხი, ნაწილს კი თვითგამოხატვის იმპულსური ქმედებებისკენ უბიძგა. ამ უკანასკნელთ ერთი რამ, ცხოვრების განსხვავებული სტილი აერთიანებთ. როგორ უყურებს მათ საზოგადოება?
ერთ ნაწილს მათი ესმის, თუმცა ამ ინტერესს არ იზიარებს.
მეორე ნაწილს მათი ესმის და ებმება თამაშში. ან არ ებმება, მაგრამ თვალს ადევნებს.
მესამე ნაწილი მათი ქმედებებისადმი სრულიად გულგრილია და არანაირ ინტერესს არ იჩენს.
ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ერთგვარად მოდური და ძვირადღირებული გასართობის მომრავლება შეინიშნება – ბაიკი და ბაიკერი – მხედრის ჯირითი ახალგაზრდა, გაუხედნავი ცხენით, – ეს ისტორიის დასაწყისია. 1901 წელი, უილიამ ჰარლეი და არტურ დევიდსონი, არტურის ძმები უოლტერი და უილიამი. ახალგაზრდული იდეა, შრომა, ახლის შექმნისკენ დაუოკებელი სწრაფვა, და შედეგი: მოტორიზებული ველოსიპედი, სხვაგვარად, კონსტრუირებული მოვლენა.
თუმცა ყველას, ვისაც მოტოციკლი ჰყავს, ბაიკერს ვერ ვუწოდებთ. ბაიკი ცხოვრების სტილია და არა უბრალოდ სწრაფი გადაადგილების საშუალება. ბაიკერებმა გრძელი გზა გამოიარეს. პირველად ამერიკაში, კალიფორნიის შტატში 1947 წელს გამოჩნდნენ და ასე გამოიყურებოდნენ: ტყავის ტანისამოსში გამოწყობილნი, მრისხანე სახით, წვერულვაშიანნი, თავიდან ფეხამდე ტატუებით დაფარული სხეულებით. ასეთი განსხვავებულობა, გასაკვირი არაა, რომ არაერთგვაროვან აზრებს ბადებდა მოსახლეობაში. დაახლოებით ათ-თხუთმეტ წელიწადში მთელი ამერიკა და დასავლეთი ევროპა ”დაიპყრეს”. თანდათან კი ”ველური ტომებიდან” ელიტურ ორგანიზაციამდე მივიდნენ. ამ უზარმაზარი თანხის მქონე ორგანიზაციას მთელს მსოფლიოში აქვს გადგმული ფესვები. ბაიკერებს შორის არიან სხვადასხვა რელიგიის, მრწამსის, ეროვნების ადამიანები, და მათ ერთი სათაყვანებელი კერპი, სიჩქარე, აერთიანებთ.
ბოლო წლებში ის ჩვენს ქვეყანაშიც საგრძნობლად აქტუალური გახდა. ”ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” ბაიკერების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ლოზუნგია. ისინი იმიტომ არ არიან ერთად, რომ უბრალოდ მსვლელობა მოაწყონ, ქართველი საზოგადოება აღაშფოთონ, მძინარე მოქალაქეებს სიმშვიდე დაურღვიონ. ყველაზე მეტად თავად წუხდებიან იმის გამო, რომ ”სხვებს” მათი არ ესმით. ისინი არ ცდილობენ თავიანთი ფასეულობები საყოველთაოდ აქციონ, ვინმეს თავს მოახვიონ საკუთარი გატაცება. მათ მეტად აინტერესებთ შეინარჩუნონ საკუთარი განსხვავებულობა. მათთვის მთავარი იდენტობის ძიებაა, რის გამოც მრავალ ექსპერიმენტსა და თავგადასავალზეც არ ამბობენ უარს.
მძაფრი შთაბეჭდილებებისკენ მიდრეკილება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის. ზოგს მშვიდი, აუღელვებელი, გაწონასწორებული ცხოვრება ურჩევია და მას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ზოგიერთისთვის კი შეგრძნებები და თავისუფლებისკენ სწრაფვა სტრესის დაძლევის, მარტოობისგან, მომაბეზრებელი ყოველდღიურობისგან გაქცევის, ძლიერების გამოვლენის, სიახლის განცდის ერთადერთ საშუალებად ქცეულა. თავდაცვის, შიშისა და მზადყოფნის ჰორმონი ადრენალინი მათ აიძულებს კიდევ ერთხელ ”ეშინოდეთ”, მაგრამ იმოქმედონ. ეს უსწრაფესი რეაქციების განცდა აიძულებს მათ იბრძოლონ და დატკბნენ ცხოვრებით. ნებისმიერ ადამიანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიტუაციებისადმი შეგუების ზღვარი გააჩნია, ამიტომაცაა, რომ ბაიკერისთვის ბაიკი თავისუფლებისკენ სწრაფვის, სხვათათვის კი საბედისწერო ძვირადღირებული სათამაშოს სიმბოლოს წარმოადგენს.
მართლაც, ზოგ შემთხვევაში დაუოკებელი სწრაფვა რაღაც განსხვავებულისკენ ემსგავსება სიკვდილ-სიცოცხლის საბედისწერო თამაშს. თითოეულ ბაიკერს გააზრებული აქვს, რომ ნებისმიერი ასეთი რბოლა შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს, მაგრამ გამოყოფილი ენერგიისგან მიღებული სიამოვნება იმდენად დიდია, შეუძლებელია მასზე ოდესმე უარი თქვა. რისკისკენ თავდავიწყებული რბოლის დაუოკებელი ჟინი, აჩქარებული გულისცემა ფრთებად გამოესხმებათ. ისინი მზად არიან, გაშალონ ფრთები, გადალახონ ზღვარი და შეუერთდნენ უსასრულობას, თუნდაც ბოლოჯერ.