ოცდამეერთე საუკუნე უამრავი არჩევნის წინაშე გვაყენებს. ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევები, დემოკრატია და თავისუფლების მაღალი ხარისხი იძლევა საშუალებას ადამიანს გააჩნდეს მიზნების ფართო არჩევანი. თუმცა, ანდაზისა არ იყოს ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო, უამრავი საქმის ერთდროულად არჩევა არცთუ წარმატებით სრულდება. გადაწყვეტილებების მიღება და დაგეგმვა როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერიოდში დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით მომავალში. თუ ერთდროულად გინდა იყო ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ხელოვანი დიდია ალბათობა იმისა, რომ შენს კვალს ვერცერთი მიმართულებით ვერ დატოვებ. გადავხედოთ მსოფლიოს წარმატებულ ადამიანთა ისტორიას ბოლო პერიოდში, მათი მიღწევები ვიწრო არჩევანმა განაპირობა, ისტორიას ჩაბარდა პერიოდი როდესაც ორატორი, ხელოვანი, მეცნიერი ერთ ადამიანში უნდა განვითარებულიყო. დღეს, ჩვენს ეპოქაში არისტოტელე ვერ იქნებოდა წარმატებული, რადგან ზოგადი და მრავალწახნაგა ცოდნითა ან უნარებით წარმატების მიღწევა დღეს საეჭვოა და ეს ადვილი აღსაქმელია თუ გლობალური წარმატების ფენომენს გავაანალიზებთ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, გრძელვადიანი ვიწრო არჩევნის გაკეთება დღეს რთული მაგრამ აუცილებელი საქმეა.
საინტერესოა, გვაძლევს თუ არა ხარისხიანი ცოდნა საშუალებას მივიღოთ გრძელვადიანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე, ყველაზე დახვეწილი მექანიზმებიც კი ვერ გვთავაზობენ სრულფასოვან ანალიზს. სიტუაციათა განხილვა გეიმ თეორიით, შედეგთა ოპტიმიზაცია მათემატიკური მეთოდებით და მოდელირება ვერ მოიცავს თავის თავში ყველა ცხოვრებისეულ ასპექტს და ვერ გვეხმარება არჩევნის გაკეთებაში. უამრავი წიგნი შეიძლება იპოვოთ სათაურით: „როგორ გავხდეთ წარმატებული / მილიონერი“, მაგრამ შემდგომ ამისა მათი ავტორები მოიკითხეთ – არიან ისინი წარმატებულები ან მილიონრები ან ორივე ერთად?! არამგონია.
მეტნაკლებად ეფექტური გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში, რომ სწორად მივიღოთ გრძელვადიანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ადამიანს შეუძლია პროფესიისა და საქმიანობის შეცვლა, ალბათ ბევრი გვინახავს მისი პროფესიიდან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, მაგალითად ეკონომისტი პატრულად და იურისტი ბიზნესმენად – ამაში გასაკვირი არაფერია. უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენ გავიაზროთ რომ პროფესიის, საქმიანობის არჩევა არ ნიშნავს საბოლოო ცხოვრებისეულ ვერდიქტს, ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების განხორციელება ამ მიმართულებით წლების შემდეგ. ეს არის ცალსახად ნათელი ფაქტი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. თუ სწორად გავაანალიზებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება, მაშინ დღევანდელი გეგმები გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე უფრო მარტივი მისაღებია.
მეორე მნიშვნელოვანი დეტალი გადაწყვეტილებების მიღებისას არის ის, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა ნიშნავს მომდევნო ათწლიან დაგეგმვას და არა მთლიანად ცხოვრების გაანალიზებას. არსებობს გამონათქვამი: „გემი, რომელმაც არ იცის სად მიდის ჩასაძირადაა განწირული“ და ხშირად მოგვისმენია ინტერპრეტაცია, რომ თითქოს უნდა ვიცოდეთ ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი და მივყვეთ მას, რომ მივაღწიოთ წარმატებას. ასეთი დამოკიდებულება და გამოთქმებიც „როგორ გავხდეთ მილიონერის“ ჯანრს მიეკუთვნება და უსარგებლოა. ასე რომ, მომდევნო ათწლიანი გეგმის შედგენა არის აუცილებელი და არა ასწლიანის – ამის გაანალიზება და სწორად გათავისება წარმატების ერთ-ერთი დეტალია.
მომდევნო მნიშვნელოვანი საკითხი, დოგმებიდან გაქცევაა. საქართველოში თუ ჩარჩოებს ვერ გაექეცი მაშინ მხოლოდ კარგი თამადა თუ გამოხვალ. საზოგადოების მიერ შემოთავაზებული გეგმების, მშობლების მიერ ნარჩევი – „შვილო ექიმი უნდა გამოხვიდე“ და სუფრაზე წარმოჩენილი „ვაჟკაცი კაცის ხატი“ ბევრს ვერაფერს მოგცემს. საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვა, რისი შექმნა და გაუნჯობესება შეგიძლია? და კითხვებზე პასუხის გაცემის დროს უნდა იყოს სრულიად თავისუფალი და არა დოგმებით შებოჭილი.
მეოთხე მნიშვნელოვანი დეტალი სხვისი რჩევების ნაკლებად გათვალისწინებაა თუ ის შენს ფიქრებს არ ემთხვევა, ალბათ ეს ბევრს ცუდ ტონად მოეჩვენება, მაგრამ სულაც არ არის ასე. სხვამ, თუნდაც ოჯახის წევრმა შეიძლება მოგცეს რჩევა, რომელიც კარგი ჩანს. დიდი ანალიზი არ სჭირდება, რომ ეს რჩევა საუკეთესო ვარიანტში შეიძლება იყოს რაციონალური, ოპტიმიზებული, მაგრამ სხვამ არ იცის რა გიყვარს შენ და როგორ ხედავ რაღაცას. ანუ, რაცონალური რჩევა კარგია, მაგრამ არის კიდევ სუპრიმი რომელსაც მხოლოდ შენ გრძნობ და ამიტომ სხვისი რჩევების შემდეგ, საგულდაგულოდ მოუსმინე საკუთარ თავს.
როდის უნდა მიიღო გადაწყვეტილება ათწლიან დაგეგმვაზე? ზუსტად ახლა. ამისათვის მხოლოდ სუფთა ფურცელი და საწერკალამი გჭირდება, დამერწმუნეთ იდეები თავისით მოვა. აბა სცადეთ – წარმატებებს გისურვებთ!
გამომგზავნი/ავტორი: იოსებ საღარეიშვილი
ISET-ის სტუდენტი